ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 12-13 მარტი უქმე დღეებად გამოაცხადა, მიზეზი კი ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა, რომელიც 7 მარტიდან გრძელდება. 8 და 11 მარტს დაიხურა სკოლები და სახელმწიფო უწყებები.
თავის მხრივ ვენესუელის ოპოზიციურმა პარლამენტმა, რომელმაც თავის პრეზიდენტად ხუან გუაიდო დაასახელა, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
ელექტროენერგია ვენესუელაში 7 მარტს მაშინ გაითიშა, როდესაც მთავარ ჰიდროელექტროსადგურს პრობლემები შეექმნა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის არქონის გამო საავადმყოფოებში 21 ადამიანი დაიღუპა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.