მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.
ბატონი გურამ ფირცხალავა ასეთ კურიოზს ყვებოდა:
„კინოფილმ „ციმბირელი პაპის“ სცენებს ციმბირში ვიღებდით და ქალაქ ირკუტსკში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს მე და დოდო აბაშიძემ ჩვენი კოლეგები და ადგილობრივები, რომლებიც გადაღებისას გავიცანით, მდიდრულ რესტორანში დავპატიჟეთ. ისე მოხდა, რომ სუფრას ახალი წევრები შემოემატნენ. მაგიდა გაფართოვდა, სუფრა განაახლეს. თამადა გია ბადრიძე იყო და მას ჩუმად ვუთხარით – ცოტა ხნით ჰაერზე გავალთ და მალე მოვალთო...
რესტორნის შესასვლელთან ახლოს ოთხი „ბაკლანი“ (ჯანიანი) ახალგაზრდა შევნიშნეთ. ისინი უზარმაზარ თუჯის ურნასთან იდგნენ და რომ დაგვინახეს, „აბიჟნიკურად“ გვითხრეს“:
– ეი, „მუჟიკებო“, ამ ურნას ხომ არ იყიდით ას მანეთადო?
იმ პერიოდში ფულის გამოძალვის ასეთი მეთოდი მოდაში იყო. ჩვენ ეს ვიცოდით და დოდომ მათ მიუგო:
– ვიყიდით, მაგრამ სახლში ახლავე წავიღებთო.
საქმე ის იყო, რომ ეს თუჯის ურნები 80-90 კილოგრამს მაინც იწონიდა. „აბიჟნიკებს“ გაეცინათ და დოდოს უთხრეს:
– წაიღე. ფული კი აქვე „დაყაჭეო“.
დოდომ თავისი გოლიათური ძალის წყალობით თუჯის ურნა მხარზე შეიგდო, ოთხეულს მიუახლოვდა, ერთ-ერთს მხარში ხელი ჩაავლო და დანარჩენ სამ გაქცეულს შესძახა:
– აქეთ „დაყაჭეთ“ გამოსასყიდი, თორემ ამ ურნას თქვენს მეგობარს თავში ჩავცხებო.
„აბიჟნიკებს“ 100 მანეთი აღმოაჩნდათ და „გამოსასყიდი“ გადაიხადეს“.
ციმბირელ „მუჟიკებთან“ არა, მაგრამ პროლეტარიატის ბელად, უკვდავ ლენინთან „ახლო ურთიერთობა“ გააჩნდა ცნობილ მსახიობ ზურა ყიფშიძეს...
„შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს „წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა – „ლენინი მოკვდა!”. ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, „ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე – მეთქი. დედამ შემომხედა და მეუბნება: „წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ – მეთქი. ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე. მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი – „ლენინი მოკვდა!”. სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: „შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.
დოდო აბაშიძე ციმბირელ „აბიჟნიკებთან“ „ურთიერთობდა“, ზურა ყიფშიძე დღე და ღამე დიდი ლენინის სახელს იმეორებდა. აი, გია ფერაძე კი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევთან გახლდათ „ჩახუტებული“ და მასთან ერთად სიგარეტსაც კი აბოლებდა.
ვაჟა ლორთქიფანიძე გიას ახლო მეგობარი იყო. როდესაც იგი კომკავშირის ცეკას მდივანი გახლდათ, ხშირად დაჰყავდა გია სხვადასხვა შეხვედრებზე. ერთხელაც გიამ მიაკითხა მას კაბინეტში. ვაჟამ სთხოვა:
- გია, აქ დაჯექი ცოტა ხანი, უცხოელი სტუმრები უნდა მივიღო 10 წუთით და მერე წავალთ.
გია დაჯდა კუთხეში, მაგიდიდან მოშორებით. შემოვიდნენ სტუმრები. გავიდა 20 წუთი, შეხვედრა გაიწელა და აღარ მთავრდებოდა. მოსალოდნელი პურმარილის ლოდინში გია ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტა ხანში ადგა, ამოიღო სიგარეტი, მივიდა ცეკას მდივანთან და მობოდიშებით ასანთი სთხოვა, როდესაც მისგან უარი მიიღო, მივიდა კედელთან, რომელზედაც ეკიდა ბრეჟნევის ახალგაზრდობის სურათი ფორმაში „მცირე მიწაზე“ პაპიროსით ხელში.
- რაზრეშიტე პრიკურიტ?! - ყველასგან შეუმჩნევლად ამოიღო სანთებელა, ვითომ მიადო ბრეჟნევის სიგარეტს, მსუყე ბოლი გამოუშვა და გემრიელად გააბოლა, თავი დაუკრა სურათს და ხმამაღლა მადლობა გადაუხადა ლეონიდ ილიჩს.
სტუმრები გაოგნდნენ და სურათს მიაჩერდნენ. ყველაზე მეტად გაოგნდა ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც სურათთან ზურგით იჯდა, ამიტომ ვერ გაეგო, როგორ მოუკიდა გიამ სიგარეტს და რატომ უხდიდა მადლობას ლეონიდ ილიჩს.
გია ფერაძეზე კიდევ ერთ ისტორიას გაგახსენებთ.
გია, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, ასმათ ტყაბლაძე სხვა მეგობრებთან ერთად წავიდნენ ასმათის მშობლიურ დუშეთში. იქ კარგად მოულხინეს და დადგა უკან დაბრუნების ჟამი. მეგობრები მხოლოდ ერთი მანქანით იყვნენ ჩასულები. იქ უკან წამოსასვლელად დაემატათ ასმათის დედა, მეზობელი და ტაქსის ძებნამ მოუწიათ.
უფროსები ჩასული მანქანით გაისტუმრეს. გია, ნანული, ამირანი და ასმათი ტაქსით წამოვიდნენ. ჯერ კიდევ დუშეთში გახურდა გია, მან დუშელთა კილოზე ააწყო მისი ოხუნჯობები და დაწყვიტა ხალხი სიცილით.
გია ხომ დაუშრეტელი ენერგიით იყო სავსე და მან ტაქსშიც გააგრძელა მაიმუნობები, მით უმეტეს, რომ კარგად შეზარხოშებულიც იყო. მას არც ნანული და ამირანი ჩამორჩნენ და მანქანა სიცილ-ხარხარით უახლოვდებოდა თბილისს.
ბედად იუმორის დამფასებელი მძღოლი შეხვდათ. მანაც იმდენი იცინა, რომ ორჯერ მოუწია მანქანის გაჩერება. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე სიცილისაგან და შეეშინდა ავარია არ გაეკეთებინა. მადლიერი უცხო მსმენელის დანახვაზე გია გაგიჟდა. მიაყარა და მიაყარა ოხუნჯობების სერია.
როგორც იქნა ჩამოაღწიეს ქალაქამდე. კამპანია დიდუბის მეტროსთან აპირებდა ჩამოსვლას. დიდუბის მეტროს სიახლოვეს, სიცილისაგან დაუძლურებულმა მძღოლმა განაცხადა:
-არსადაც არ ჩამოგსვამთ! იმდენი ვიცინე დღეს, რომ ჩემს სიცოცხლეში ამდენი არ მიცინია. არც თქვენი ფული მინდა, ისე დაგარიგებთ.
გამხიარებულმა მძღოლმა ყველანი ჩამოარიგა სახლებში უფასოდ.
კახელების ხუმრობა და ენამოსწრებულობა ყველასათვის ცნობილია. რამდენიმე წლის წინ ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა თელავს ეწვია და ადგილობრივ თეატრში სპექტაკლი დადგა. იმ ამბის პერიპეტიებს მსახიობი პაატა გულიაშვილი ხშირად იგონებს.
რამდენიმე წლის წინ თელავში რობიკო სტურუა ჩავიყვანე და თეატრში კლაისტის პიესა „გატეხილი ქოთანი“ დავდგით.
როგორც ინგლისელებს შექსპირი ჰყავთ, გერმანელებისთვის იგივე კლაისტია. მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა, თუმცა მძიმე წარმოდგენაა და პრემიერის შემდეგ მაყურებელი მოაკლდა.
ამ ამბიდან ცოტა ხანში „ხანუმა“ წარმოვადგინეთ. პიესამ ქალაქში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და თეატრის დარბაზი მუდმივად სავსე გახლდათ.
ერთ დღესაც თელაველი ნაცნობი მომიახლოვდა და მეუბნება: - პაატა, ეს კლაისტის პიესა და „ხანუმა“ შარვალ-კოსტიუმივით არიანო. აი, ადამიანს ერთი გამოსასვლელი კოსტიუმი რომ აქვს და მხოლოდ საზეიმო დღეებში იცვამს, ეს „გატეხილი ქოთანიაო“, „ხანუმა“ კი ჯინსივითაა, ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვაო.