სვანეთის საგანძურის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ

სვანეთის საგანძურის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ

ინტერნეტგამოცემა for.ge სვანეთის საგანძურის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. უახლოეს დღეებში ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად ჩამოვყალიბდებით და მკითხველს ვაცნობებთ რა მიმართულებას მივცემთ სამართლებრივ ბრძოლას, იმ საჯარო ინფორმაციის და დოკუმენტების მოსაპოვებლად, რომელიც სვანეთში დაცულ საქართველოს საგანძურს ეხება. 

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიიდან 26 სექტემბერს წამოვიღეთ წინა დღით დათარიღებული წერილი (თანხმლები სამი დოკუმენტით და სამი ფოტოთი), რომელშიც აღნიშნულია, რომ მუზეუმი გვაწვდის იმ საჯარო ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომლის მოწოდება მას 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დაავალა.

ეროვნული მუზეუმიდან წამოღებული წერილით კიდევ უფრო გვიმძაფრდება საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საგანძურის გარშემო ყველაფერი წესრიგში არ არის. უფრო მძაფრი შეფასებებისგან ამჯერად თავს შეგნებულად ვიკავებთ, სანამ ბოლომდე არ ჩამოვყალიბდებით სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების გეზთან დაკავშირებით.

 ჩვენი კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მუზეუმს სასამართლომ დაავალა, ოთხი თაბახის გვერდზეა ჩამოყალიბებული, ხოლო მუზეუმის წერილი სულ სამგვერდიანია. ამ ეტაპზე დეტალებში ჩაღრმავებისგან თავს ვიკავებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ 26 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გახლდით, დეტალების დასაზუსტებლად. იქიდან საქალაქო სასამართლოში წავედით და სააღსრულებო ფურცლის ასაღებად განცხადება დავწერეთ. განგვიმარტეს, რომ სააღსრულებო ფურცელს 2 ოქტომბერს გადმოგვცემენ.

საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გვერდი ავუაროთ და სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებით გავაგრძელოთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნულ მუზეუმს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ კითხვებით 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მივმართეთ. იქიდან მიღებული პასუხი ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ, რომელიც განუხილველი დატოვეს. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განიხილა და ჩვენი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ეროვნულმა მუზეუმმა 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მუზეუმის სააპელაციო საჩივარი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა, ანუ ძალაში დატოვა for.ge-ს სასარგებლოდ 29 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება. ეროვნულ მუზეუმს უზენაესი სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს.

როგორც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, უახლოეს დღეებში, ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად ჩამოვყალიბდებით და გაცნობებთ რა მიმართულებით გავაგრძელებთ ბრძოლას სვანეთის მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებით.