პარლამენტის თავმჯდომარე საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ პოლიტიკურ დატვირთვა არ უნდა მიეცეს იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.
„მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას. საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით, პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, ვნახოთ, რა დასკვნებს დადებს სამართალდამცავი უწყება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არგუმენტების გარეშე კომისიის შექმნა არასერიოზულია და ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გასაჯაროვებული წერილი ნაბეჭდი ფურცელია, რომელიც მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
„ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო „თიბისი ბანკიდან“ ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის, ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე. ვფიქრობ, ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო და ეს წარმატებით გამოვიდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, ეკონომიკის მინისტრი მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს პრობლემის მოგვარებას.
„მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხისა და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია მაქსიმალურ საჯაროობა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესში. ვინადან ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის კომიტეტზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები, ამიტომ ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს, მოქმედს, ყოფილს, წასულს, და ა.შ. აუცილებლად მოუწევთ განმარტებების გაკეთება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, საკითხი კენჭისყრაზე მაინც გავა. უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია არის იმის საშუალება დადგინდეს სიმართლე.
„არც იმაზე ვსაუბრობ, რომ შს მინისტრი დამნაშავეა, არც იმაზე ვსაუბრობ, რომ მამუკა ხაზარაძე მანიპულირებას ახდენს ამ ბრალდებებით და სხვა ქვეტექსტები აქვს. მე მინდა ვიცოდე სიმართლე და ეს უნდა ალბათ საზოგადოებასაც. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია იქნება ის მექანიზმი, რომელიც სინათლეს მოჰფენს ამ ყველაფერს, დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ობიექტურად შევაფასოთ ეს პროცესი. შესაბამისად, მგონია, რომ ამისგან თავის არიდება იქნება მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება დავტოვოთ გაუგებრობაში“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და გიორგი გახარიას გადაყენებას ითხოვს ოპოზიცია. მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, შს მინისტრმა გავლენა მოახდინოს საგამოძიებო პროცესზე, ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პასუხებიდან გასაგები ხდება, რომ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული ორკესტრირებული შეტევის უკან, სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დგას.
„რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო საგამოძიებო კომისიის შექმნის, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ქაღალდია? მაშინ საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ აქ არაფერი არ არის პრობლემური. მაგრამ მისი წარმომავლობაა დასადგენი, შუამავალი პირი არის დასადგენი. დასაკითხია შს მინისტრი.
მაგრამ საერთოდ რომ გვერდზე გადავდოთ ეს წერილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული მტკიცებულებაა, ჩვენ სახეზე გვაქვს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის ამ პირების პირდაპირი შეტევა „თიბისი ბანკზე“ და მის დამფუძნებლებზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.