ჰააგის ქუჩებში ქართული ანდაზა ამოტვიფრეს!

ჰააგის ქუჩებში ქართული ანდაზა ამოტვიფრეს!

ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ ჰააგიდან სასიამოვნო ინფორმაციას აწვდიან. როგორც აღმოჩნდა, გუშინ, 5 მარტს, ჰააგაში სავალი გზა გაიხსნა. საფეხმავლო ბილიკს ამშვენებს ანდაზები, მათშორის ქართულ ენაზე ამოტვიფრტული, ქართული ანდაზა "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო".

მართალია, სასწავლო პროგრამით ჰააგაში მყოფ ქართველ სტუდენტს, სოსო ახვლედიანს ურემი არ გადაბრუნებია, მაგრამ სრულიად შემთვევით გზა აღმოაჩინა და კიდევ უფრო მეტიც, სავალ ბილიკზე მშობლიური წარწერა და ალბათ, აქამდე არაერთხელ გაგონილი ანდაზაც ამოიკითხა.

სოსო ახვლედიანი: - ჰააგის ერთ-ერთ უბანში, wagenstraat-ის ქუჩაზე, ცენტრალურ ადგილას, ახლადგახსნილი გზის ტროტუარს ქართულ ენაზე ამოტვიფრული ანდაზა ამშვენებს: "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო". იდეა „ლაიდენის“ უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 ანდაზა შეაგროვა. პროფესურს სურდა, რომ მის უბანში ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში, ჰააგაში ხშირად ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ლინგვისტი ინიციატორის იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, 5 მარტს, საზეიმო ვითარებაში, პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

- როგორ აღმოჩინდით ამ უბანში და როგორ მიაკვლიეთ იდეის ავტორს?

- საქართველოდან აქ სასწავლო პროგრამით ხუთი ქართველი სტუდენტი ვართ. სეირნობისას შემთხვევით აღმოვაჩინეთ ტროტუარზე ჩვენს ენაზე ამოტვიფრული ანდაზა. რა თქმა უნდა დავინტერესდით, როგორ გაჩნდა. დახმარებისთვის ჩვენს ლექტორს მივმართეთ, დარეკა ქალაქის მერიაში და გავიგეთ ინიციატორის ვინაობა. რა თქმა უნდა, დიდი სიამაყის განცდა იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ყველას თვალები გვიბრწინავდა. დიდი სიხარულით დავყურებდით გზის იმ ნაწილს, სადაც ჩვენი ანდაზაა დატანილი.