ახალქალაქში ქართველი სანთლითაა საძებარი

ახალქალაქში ქართველი სანთლითაა საძებარი

ახალქალაქში ქართველი სანთლით უნდა ეძებო, მაგრამ როცა იპოვით, დარწმუნდებით იმაში, რომ აქ არსებული ვითარება, გასულ წლებთან შედარებით უკეთესია. ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობას ვგულისხმობთ და არა მხოლოდ იმას, რომ შუქი 24 საათი აქვთ, ცენტრალურ ქუჩებზე ასფალტიც დაგებულია და გაზი შემოყვანილი. რამდენიმე წლის წინ, ახალქალაქში ქართველები ერთმანეთთან შეხვედრისას ქართულად მისალმებას ერიდებოდნენ... 

ახალქალაქში, ისევე, როგორც ნინოწმინდაში, ქართული ოჯახები თითებზე ჩამოსათვლელია. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ეროვნებით სომეხია. ამ რაიონში ორი დღე დავყავით, სხვა ჟურნალისტებთან ერთად. ჩვენ აქ ა/ო. “გოუ ჯგუფმა“ ჩამოგვიყვანა. ნინოწმინდიდან გამოგზავნილ მასალაში, სათაურით - რეპორტაჟი ახალქალაქიდან, უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აქ სტუმრობის მიზანი იმ პრობლემების და სიახლეების დანარჩენ საქართველომდე მიტანაა, რაც სამცხე-ჯავახეთში აწუხებთ და უხარიათ. 

როგორია ახალქალაქში პრესა.გე-ს თვალით დანახული წუხილი და სიხარული, ამ მასალიდან შეიტყობთ. 

მაშ ასე, 20 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრში, კულტურის უზარმაზარი სასახლის წინ, მესროპ მაშტოცის დიდი ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მოედანზე დაახლოებით 10000, ან ოდნავ მეტი ადამიანი იყო თავმოყრილი. მათ შორის თბილისიდან ჩამოსული სტუმარიც შევნიშნეთ - ვან ბაიბურთი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი; ის ახლა მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობს. სტუმრები სომხეთის პარლამენტიდანაც იყვნენ. 

ახალქალაქელმა ჟურნალისტებმა გვითხრეს, რომ 15 ნოემბერს, ახალქალაქში სტუმრად ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს სწორედ ამ ადგილას დახვდა ხალხი, უფრო სწორად, დაახვედრეს. სააკაშვილი და მისი მეუღლე დათქმულ დროზე გვიან ჩამოსულან. სპეციალურად მათთვის სახელდახელო სცენა მაშტოცის ძეგლის გვერდით, დაახლოებით 50 მეტრში მოუწყვიათ. 

როცა აქაურებს ვუთხარით - როგორ ყვარებიათ აქ მიხეილ სააკაშვილი?! მას კოცნიდნენ, ეფერებოდნენ და თან ბევრნი იყვნენ?! მოგვიგეს - “ბევრი ხალხი, რომ მოგეჩვენათ, ეს ტელეკამერების დამსახურება იყო; ასე გაჩვენეს, თორემ, აქ დაახლოებით 1000 კაცი იდგა; ისინი რაიონის გამგეობამ სოფლებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანა; ამ მოედანზე ხალხი 4 საათი სააკაშვილის ჩამოსვლას ელოდებოდაო“. 

როგორც ახალქალაქელებმა განგვიმარტეს, მესროპ მაშტოცი სომხური დამწერლობის შემქმნელია. ძეგლს სომხური, ქართული და ინგლისური წარწერა აქვს. სხვათა შორის, ახალქალაქის ქუჩებში ტრაფარეტებიც სამენოვანია, მაგრამ ძეგლისგან განსხვავებით ინგლისურ წარწერებს ვერსად ნახავთ. მაგალითად, დარბინიანის, თავისუფლების და პოგრანიჩნიკების ქუჩებზე ტრაფარეტები ქართულად, სომხურად და რუსულ ენაზეა გაკეთებული. 

ახალქალაქში პირველად 8 წლის წინ გახლდით. ერთ-ერთ მაღაზიაზე გამოკრული იყო ლიმონათ “ყაზბეგის“ რეკლამა, ქართული წარწერებით და ისე გაგვეხარდა, რომ თბილისიდან ჩამოსულებმა ამ პატარა რეკლამასთან ფოტოები სათითაოდ გადავიღეთ. ახლა ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი - მაღაზიებს უკვე ქართული წარწერები აქვთ, ისევე, როგორც აფთიაქებს... ახალქალაქის საავადმყოფოში “ნაცმოძრაობის“ სომხურენოვანი საარჩევნო პლაკატები ვნახეთ - მიხეილ სააკაშვილი ბავშვებთან ერთად, სკოლის მერხზე.  პლაკატის მარჯვენა კუთხეში დიდი ხუთიანი ხატია. 

პირადი საუბრის დროს აქაური სომხები ამბობენ, რომ თუ ქართული ენა არ იცი, სამსახურს ვერ იშოვი. ჩვენ ამაში ვერ დავრწმუნდით, რადგან ნებისმიერ შენობაში შესვლისას, ქართულად თითქმის არავინ დაგვლაპარაკებია - “პო გრუზინსკი ნე პონიმაემო“ და საუბარს რუსულად ვაგრძელებდით. ათეულამდე მასწავლებელს შევხვდით და იქიდან ქართული მხოლოდ ერთმა იცოდა, რომელიც რუსულენოვან სკოლაში ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. განცხადებებს რუსულ ენაზე წერენ; მაგალითად საავადმყოფოში, ან სასამართლოში მისვლა თუ მოუწიათ, იქაც რუსულად საუბრობენ... 

მაგრამ ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები (ძირითადად სკოლის მოსწავლეები) ქართულად წერენ, კითხულობენ და საუბრობენ -“ადრე ქართული ენისთვის ამდენი ყურადღება, რომ მიექციათ, ახლა ჩვენც გვეცოდინებოდაო“. ის რომ ახალქალაქის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ქართული არ იცის, ბუნებრივია, ეს მათი ბრალი არ არის; ამ პრობლემის მოგვარებაზე საქართველოს ხელისუფლებას აქამდე თავი არ შეუწუხებია და ახლა ხომ იმაზე უფრო ზრუნავენ, რომ საქართველოში ყველა ინგლისურად ალაპარაკდეს. 

არაპირდაპირი გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ახალქალში ჯერ ისევ საბჭოთა პერიოდია და აქ “ცივილიზაციას“ არ შემოუღწევია - მაღაზიებზე, სასტუმროებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებზე ინგლისურენოვანი წარწერები ჯერ არ არის, ისე, როგორც თბილისშია; აქ ამ მხრივ რუსულენოვანი წარწერები დომინირებს. 

აქაურები უმუშევრობას უჩივიან - “აქ მხოლოდ მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სალონები მუშაობსო“. ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოდან, ახალქალაქიდანაც არიან სამუშაოდ წასულები უცხოეთში, ძირითადად რუსეთში. აქ არ არის თეატრი, კინო. ახალგაზრდული ცენტრი ორია, მაგრამ გასართობი დანიშნულება არც ერთს აქვს - აქ მხოლოდ რუსულის და ინგლისურის შესწავლაა შესაძლებელი. 

აქ ძალიან ბევრს ახალგაზრდა კაცს ჰქვია არარატი; რამდენიმე მაღაზიას, რესტორანს და იმ სასტუმროსაც, რომელშიც ჩვენ დაგვაბინავეს, აწერია “არარატ“. მოკლედ, ეს სახელი ძალიან პოპულარულია. 

ა/ო. “გოუ ჯგუფმა“ მათი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გადაღებული პატარა ფილმები, უფრო სწორად, ვიდეო-ინტერვიუები აჩვენეს აქ მოქმედი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია მოეწყო. განსაკუთრებით აქტიური შუა ხანს მიტანებული მამაკაცი იყო; ლაპარაკს არავის აცდიდა. ტყუილებიც თქვა. მათ შორის თვალშისაცემი ის იყო, რომ ახალქალაქში ძირითადად ქართველები არიან დასაქმებულები და ისეთი პოლიტიკა ტარდება, რომ სომეხი ახალგაზრდები იძულებულები არიან აქაურობა დატოვონ და უცხოეთს მიაშურონ. 

როცა ამ აქტიურ ადამიანს პრესა.გე-მ ჰკითხა, აბა წაგვიყვანეთ და გვანახეთ სად არიან ქართველები დასაქმებული, მთელი დღე ვეძებდით და ერთი ქართველიც ვერ ვნახეთ-თქო, მოგვიტრიალდა და ურცხვად გვითხრა, წაგიყვანთ და განახვებთო. რასაკვირველია, მას არსად წავუყვანივართ, რადგან ვერაფერს მსგავსს ვერ გვანახვებდა, გამონაკლისების გარდა. 

მაგალითად, გავიგეთ, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე ქართველია. ის კაცი კი, ვინც აქტიურობდა და თან ტყუილებს ლაპარაკობდა, აღმოჩნდა ორგანიზაცია “ვირქის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით რსტაკიანი. აქაურმა ჟურნალისტებმა გვითხრეს, “ეს ყოველთვის ასე იქცევა, სიცრუეს ლაპარაკობს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, აქაური მოსახლეობა ისე არ ფიქრობს, როგორც “ვირქის“ წარმოამდგენელი ლაპარაკობსო“. 

ქართველების ნახვა, თუ გინდათ, ბაზარში უნდა მიხვიდეთო, - გვითხრა სასტუმროს დიასახლისმა და მივედით. იქ ბათუმიდან ჩამოტანილ მანდარინს აბარებდნენ, ქართველები, რომლებსაც დახმარება ვთხოვეთ - ეგება აქაურ ქართველს იცნობდეთ-თქო და დაუძახეს იქვე მყოფ ახალგაზრდა კაცს, რომელიც აღმოჩნდა ამირან შავაძე, სოფელ აფნიას მკვიდრი. როგორც მან გვითხრა, აფნიაში 35 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ისინი 1989 წელს, აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გადმოასახლეს; სახლები “მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის“ სახსრებით აუშენეს. 

აფნიაში ხულოს რაიონიდან გადმოსახლებული შავაძეები, კოჩალიძეები, ძირკვაძეები და სურმანიძეები ცხოვრობენ. თავს მესაქონლეობით ირჩენენ; კარტოფილი, ქერი და ხორბალიც მოჰყავთ. სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან მათთან ჩადიან და ყველს ბითუმად ყიდულობენ (კილოგრამს 5 ლარად).  აფნიელები უჩივიან ცუდ გზას და სარწყავი არხების უქონლობას; მოსავლის ვარგისიანობა ამინდზეა დამოკიდებულიო, - გვითხრეს. სასმელი წყლის პრობლემა არ აქვთ, რადგან 2 წლის წინ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას წყალი თითოეულ ოჯახში შეუყვანია. 

ამირან შავაძეს, რომ დავემშვიდობეთ, ბაზართან ახლოს, ჯეოსელის ოფისში შევედით, რადგან გვითხრეს, რომ იქ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცი მუშაობს და აქაური ქართველების ყოფაზე მოგიყვებათო. ეს ადამიანი ვერ ვნახეთ, რადგან, როცა ამ ოფისის ხელმძღვანელს სომხურად გადაუთარგმნეს, რატომ ვეძებდით სახელად მამუკას, დიდად არ ეამა. იქიდან ისე გამოვედით, რომ დამშვიდობებითაც არავის დავმშვიდობებივართ. 

ბაზარში რამდენიმე ცისფერთვალება ქალბატონთან მივედით და ვკითხეთ - აქაური ხართ? პასუხად გაოცებული სახეები მივიღეთ - “პო გრუზინსკი ნე პონიმაემ“. შემდეგ იქვე ასპინძიდან ჩამოსული რამდენიმე ადამიანს შევხვდით. ისინი ბაზარში ციტრუსს ყიდიდნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ ახალქალქში 15-20 ქართული ოჯახია. 

ახალქალაქის დათვალიერების შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებამდე ახალქალაქი-კუმურდოს ეპარქიაში მივედით, სადაც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარია - ერთადერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ახალქალაქში. და კიდევ - იქ მაცხოვრის სუდარის ასლია დაბრძანებული. აქ ორი მონაზონი ცხოვრობს. მრევლისგან შევიტყვეთ, რომ ბაზარში ჩვენთვის ქართული ოჯახების არასწორი რიცხვი დაუსახელებიათ - ახალქალაქში 50-მდე ქართული ოჯახიაო. მათ გვითხრეს, რომ ახალქალაქის რაიონში სულ 10 ქართული სოფელია: გოგაშენი, აფნია, ოკამი, ჩუნჩხა, თენა, ბარალეთი, ხოსპიო, კოთელია, არტენა, აზმანა. ახალქალაქის ეპარქიაში 5 დედათა მონასტერი მოქმედებს და ახალქალაქში არსებულ ტაძართან ერთად, კიდევ ერთი მოქმედი ტაძარი არის სოფელ ხოსპიოში, რომელიც მეათე საუკუნეშია აშენებული. 

მეასნიკიანის ქუჩაზე, ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობო სასწავლებელი პანსიონია განთავსებული, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარება. ამ შენობაში ადრე სასტუმრო “ჯავახეთი“ იყო. ეს სასწავლებელი 2009 წლის იანვარში გაიხსხნა და მასში 7 ბავშვი ეუფლება სხვადასხვა ხელობას. ვინც შიგ ახალქალაქში ცხოვრობს, ღამეს სახლში ათევს, ხოლო ვინც სოფლიდან დადის, ის დასაძინებლად სასწავლებლის შენობაში რჩება. 

აქ მხოლოდ 9 კლას დამთავრებულებს იღებენ. სწავლა 2 წლიანია. შენობის მხოლოდ მეორე სართულია გარემონტებული. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაეუფლო ფარდაგის ქსოვას, თექაზე მუშაობას, რეჟისორ-დეკუმენტალისტის პროფესიას. სახელობო სასწავლებელში ინგლისურს, ქართულს, ხელოვნებათმცოდნეობას და რელიგიის საგნებს ასწავლიან. 

სასწავლებელში, რომ მივედით, ორი მოსწავლე და დიასახლისი დაგვხვდნენ. შენობის დათვალიერების შემდეგ, ირაკლი და ლევან გოგოლაძეებმა, რომლებიც რეჟისორ-დოკუმენტალისტის პროფესიას ეუფლებიან, თავიანთი გაკეთებული ანიმაციური ფილმები გვანახეს. კედლებზე ბავშვების მოქსოვილი, ულამაზესი ფარდაგები და თექის ტილოებია გამოფენილი. 

ახალქალაქში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი და სახელობო სასწავლებელი ის ადგილებია, რომლის ნახვის შემდეგ სულში სიხარული ჩაგეღვრებათ და უკეთესი მომავლის იმედი მოგეცემათ. 

ახალქალაქიდან ახალციხეში წასვლამდე ვიყავით სოფელ სამსარაში, რომელიც საქართველოში უშგულის შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილია. როგორც იქაურებმა გვითხრეს, ეს სოფელი ზღვის დონიდან 2 245 მეტრზეა, ხოლო იქვე მდებარე სამსარის მთა, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე. სამსარა ახალქალაქიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული, მაგრამ გზა იმდენად ცუდია, რომ 30 კილომეტრის გავლას 2 საათზე მეტხანს მოვუნდით და მტვრისგან ნაცრისფრად შევიღებეთ. 

სოფელში მისვლამდე გამოქვაბულში არსებულ სამონასტრო კომპლექსში ვიყავით, რომელიც მეათე საუკუნეშია გაკეთებული. სამსარის სამონასტრო კომპლექსი, სადაც თავის დროზე მართლმადიდებელი ბერები ცხოვრობდნენ, ამჟამად უმოქმედოა.