იმ ვნებათაღელვაში, რომელიც პატიმართა წამების კადრებმა გამოიწვია, ლენუკა ყიფშიძე აქტიურადაა ჩართული, დადის აქციებზე, გამოხატავს პროტესტს და აფიქსირებს საკუთარ აზრს. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად დავურეკე, მითხრა, ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-იდან დამირეკეს და გადაღებზე მივდივარო, თუ რის გადაღებაზე ეპატიჟებოდნენ ლენუკას ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში, ამაზე თავად გიამბობთ.
- ეს გახლავთ საპროტესტო კლიპი, სადაც ჩემ გარდა უამრავი ადამიანი მონაწილეობს. კლიპში ძირითადად ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, მოვდივართ მომავალი თაობისთვის. სიმართლე გითხრათ, ამ კლიპში მონაწილეობა პოლიტიკის გამო არ მიმიღია, სოლიდარობისა და პროტესტის გამო დავთანხმდი ამ წინადადებას. როგორც უმრავლესობამ, მეც დიდი სტრესი მივიღე ამ კადრების ხილვის შემდეგ, მამა ცუდად გახდა, წნევა აქვს. საერთოდ, ხალხს აგრესია მოემატა, რაც ძალიან ცუდია. საზოგადოების ნაწილს ამ ფაქტებზე დიდი რეაქცია არ ჰქონია და ამბობდა, რა გაგიკვირდათ, ხომ იცოდით, რომ ციხეში ასეთი ამბები ხდებოდაო, შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი და შედეგად ხალხი ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოვიდა.
როგორ ფიქრობ, ამ კლიპის გამოჩენის შემდეგ არ მოგიაზრებენ "ქართული ოცნების" წევრად? მით უმეტეს, რომ ფოტოები გაქვს გადაღებული, სადაც გაცვია მაისური ამ კოალიციის წარწერით...
- არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. როცა კლიპში მონაწილეობა გადავწყვიტე, გავითავისე ისიც, რომ ხალხი "ქართული ოცნების" წევრად მომიაზრებდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, არ ვარ ამ კოალიციის წევრი და არავის საქმე არ არის, ვის დავუჭერ მხარს. ჩემთვის მთავარია იყოს სიმშვიდე, წყნარად ვცხოვრობდეთ, მშურს კანადაში მცხოვრებლების, რომლებიც გარეთ გასვლისას სახლის კარს ღიას ტოვებენ, მეც მინდა ასეთ დალაგებულსა და მშვიდ გარემოში ცხოვრება. რაც შეეხება ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაისური მაცვია, გადაღებაზე გვაჩუქეს, ჩავიცვით მე და ჩემმა შვილმა და ფოტოები გადავიღეთ, რა არის ამაში საგანგაშო? ეს ფოტოები "ფეისბუქზეც" რომ ავტვირთე, მოჰყვა კომენტარები, არ გეშინიაო? რისი უნდა მეშინოდეს, არ ვიცი, მეცინება ასეთ რაღაცებზე.
ამ დაძაბულობის შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ახლობელ-ნათესავებთან კონფლიქტს იწვევს, ზემოთ შენც აღნიშნე, საზოგადოება ძალიან დაძაბულიაო. პირადად შენ თუ მოგსვლია კამათი მსგავს თემებზე მეგობრებთან?
- იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ ვარ კონფლიქტური, დაძაბულობაში არ გადამზრდია იმ მეგობართან ურთიერთობა, რომელსაც ჩემგან განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ შემიმჩნევია, რომ მას შემდეგ, რაც აქციებზე გამოსვლა დავიწყე, მივიღე მონაწილეობა "ჯი-დი-ეს"-ის მიერ გადაღებულ კლიპებში, ჩემთან ურთიერთობას გაურბიან, თავს იკავებენ ახლო კონტაქტისგან, რაც გოიმობად მიმაჩნია, არ შეიძლება ასეთი რამ. უთქვამთ ჩემთვის, როგორ გახვედი აქციაზეო. მინდოდა, საჭიროდ ჩავთვალე და გავედი, რათა დავმდგარიყავი ჩემი ხალხის გვერდით, აქ არაფერ შუაშია პოლიტიკა. მე ვამაყობ ჩვენი სტუდენტობით, მაგრად იაქტიურეს. ისიც მინდა ვთქვა, რომ აქციაზე გამოსულმა ძალიან დიდი ძალა დავინახე, მივხვდი, ქართველებმა როგორ ვიცით ერთად დგომა მაშინ, როცა კრიტიკული მომენტია.
ქუჩის აქციებში აქტიურად არიან ჩართული ცნობილი სახეები, თუმცა საზოგადეობის ნაწილი საერთოდ დუმს ამ თემასთან დაკავშირებით...…
- ამ ფაქტმა ძალიან გამაბრაზა და იმ დღეს საშინლად ვაგინე "ფეისბუქზე" იმ ხალხს, ვინც ურეაქციოდ ხვდება ამ ყველაფერს. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ქალი უწმაწურ სიტყვებს ამბობს, მაგრამ მართლა ძალიან გავმწარდი და აღშფოთებულმა ცუდი რაღაცები დავწერე, რაზეც მერე ბოდიში მოვიხადე. მესმის, ვიღაც თავის სამსახურს უფრთხილდება, ვიღაც რაღაც სხვას, მაგრამ ჩვენ ისეთი რამე ვნახეთ, რომ ამან ყველაფერი გადაფარა, სამსახურიც, სახლიც და ყველა სხვა საკითხიც. მინდა, უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი, აღარ მინდა მტრობა, ზიზღი, შური, ბოროტება. ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და როგორ შეიძლება, ასეთი ბოროტება ჩაიდინო?!
ლენუკა, არსად ჩანს ბატონი ზურა და შენი ძმა გიორგი, მათ არსად გაუკეთებიათ განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არადა ზემოთ თქვი, მამას ნანახის შემდეგ წნევა აწუხებსო... რატომ? რა ხდება?
- ამას თავისი მიზეზები აქვს, მე ვერ გავახმაურებ.
პოლიტიკურია ეს მიზეზი?
- ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ჩემი ოჯახის საქმეა და ვერაფერს გეტყვით.
კარგი, ამ სკანდალური კადრების შემდეგ საინფორმაციო გადაცემის თითქმის ყველა გამოშვებაში ვნახულობთ ახალ-ახალ ფარულ ჩანაწერებს "ქართული ოცნების" წევრების მხილების მასალებით. ამას როგორ შეაფასებ?
- როდესაც ადამიანები გრძნობენ დასასრულის მოახლოებას და ხვდებიან, რომ მათი დრო იწურება, არაადეკვატურები ხდებიან და ამის შედეგია ეს ჩანაწერები, ეს გადაბრალებაა და მეტი არაფერი.
როგორ ფიქრობ, არჩევნებზე შეიცვლება რამე?
- თუ ეს მთავრობა დარჩა ხელისუფლებაში, ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, ამ ამბავს არეულობა მოჰყვება. ძალიან მეშინია, არ დაიწყოს დაპირისპირება, პატარა მიზეზიც რომ მივცეთ რუსეთს, გადაგვივლიან, ეს ყველამ იცის და სწორედ ამის მეშინია ყველაზე მეტად. ამ ყველაფრის ფონზე ხომ შეიძლება ჩვენ მაინც მოვექცეთ ერთმანეთს ნორმალურად, ხომ ყველა ვხედავთ რამხელა და რამდენად ძლიერი მტერი გვადგას თავზე?! ამაზე ფიქრით, მგონი, იმ აზრამდე მივედი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და რუსები ჩვენზე კარგად არიან. ამ პირობებში დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი ძალიან ძნელია. ჩვენ გვინდა ადამიანურად ცხოვრება, სიმშვიდეში და ერთმანეთის მოსიყვარულე გარემოში, აღარ გვინდა გაჭირვება, მინდა, ქუჩაში ხალხი გაღიმებული დადიოდეს. რატომაა, რომ სხვა ქვეყნებში ადამიანები უცნობებსაც კი უღიმიან? არადა, ძალიან მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ერი ვართ.