„პირდაპირ ვთქვათ, ყველა წასულისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი ჯენტლმენურად მოიქცა“

„პირდაპირ ვთქვათ, ყველა წასულისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი ჯენტლმენურად მოიქცა“

„ოცნებიდან“ წასულნი და „ოცნებაში“ მოსულნი. თუკი ერთნი ტოვებენ მმართველ გუნდს, მეორენი ბრუნდებიან და მაშველის რგოლის ფუნქციას უყოყმანოდ ირგებენ. ყოფილი პრემიერი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შედიან და სირთულეებსაც არ გაურბიან. ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი გახდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის „მეორედ მოსვლა“ პოლიტიკაში განსხვავებულ მოცემულობას დაემთხვა, თავის დროზე პოლიტიკაში პირველად შემოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნება“ აღმავლობის ხანაში ჩაიბარა, როცა პრემიერი გახდა, ახლა კი მმართველი გუნდი დაღმავლობის ხანაშია.

რას მოიტანს პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

„წარმატებული პრემიერი, სახალხო ლიდერი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები ეფექტური მმართველი“, - ასე ახასიათებენ ირაკლი ღარიბაშვილს მმართველ გუნდში. თუმცა უცნობია, ასეთი მახასიათებლების მქონე პიროვნებას რატომ შეელივნენ პრემიერის პოსტზე 2015 წელს. დღეს რისთვის ამზადებენ ირაკლი ღარიბაშვილს, ანუ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგ სათადარიგო მოთამაშეს და იქნება თუ არა ის ივანიშვილის მაშველი რგოლი?

- მთავარი აქ ის არის, რომ ივანიშვილს კვლავაც კურსი აღებული აქვს ერთგულ ხალხზე. ღარიბაშვილმა კი დაამტკიცა თავისი ერთგულება. ოთხი წლის განმავლობაში იგი არ შემჩნეულა რაიმე საეჭვო კონტაქტებში ოპოზიციასთან, არ გაუკეთებია არც ერთი ფრონდისტული განცხადება. როდესაც კურსი გაცხადდა ძველ გვარდიაზე, ძველი გვარდიიდან ერთ-ერთ პირველ რიგებში, ბუნებრივია, აღმოჩნდა ღარიბაშვილი. თავის დროზე ივანიშვილის უშუალო შემცვლელი სწორედ ღარიბაშვილი იყო. ივანიშვილმა როდესაც პრემიერობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ არჩევანის ძალზე ფართო სპექტრი ჰქონდა, იმ დროს არავითარი საკადრო დეფიციტი არ არსებობდა, მის ხელთ იყო პოლიტიკოსების მთელი გალერეა, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა ღარიბაშვილზე. შემდეგ მან რამდენიმე კომპლიმენტიც არ დაინანა ღარიბაშვილის მიმართ და თქვა, ადრე ყოველდღიურად მირეკავდა, მაწუხებდა ირაკლი, რჩევას მეკითხებოდა, ახლა კი ისე გაიწვრთვნა, რომ დამოუკიდებელია და ჩემზე კარგი პრემიერიაო.

მაგრამ 2013 წელს თანამდებობაზე დანიშნული ეს კარგი პრემიერი მოულოდნლად 2015 წლის 30 დეკემბერს პოსტიდან წავიდა, თუმცა რის გამო დატოვაოცნება“, რებუსად დატოვა.

- 15-20 კაცის გარდა არავინ იცის, რის გამო წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ განაწყენებული, შურისძიების გრძნობით აღსავსე არ წასულა და ეს არის მთავარი. ახლაც მიდიან უმრავლესობიდან, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი განაწყენებულია. მაშინ რა შეთანხმება იყო, არ ვიცი, ასე არ ხდება, რომ უცებ ტელეფონით დაურეკეს ღარიბაშვილს და უთხრეს, შენ აღარ ხარ პრემიერიო, მას ექნებოდა შეხვედრა ბიძინასთან, ექნებოდა საუბარი, რომ იმ დროს საჭირო იყო მისი გადადგომა და ღარიბაშვილიც წავიდა, თუმცა მადლიერების გრძნობა ბოლომდე შერჩა.

განსხვავებით კვირიკაშვილისგან?!

- მარტო კვირიკაშვილისგან არა, ყველა წასულისგან განსხვავებით, პირდაპირ ვთქვათ, ღარიბაშვილი ჯენტლმენურად მოიქცა. თავისთვის მშვიდად იყო, არც ხმას იღებდა, არც კარგს ამბობდა, არც ცუდს, ისე იქცეოდა, თითქოს სურდა, საზოგადოებას მისი არსებობა დაევიწყა. საჯარო ღონისძიებებზეც იშვიათად ჩნდებოდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ითქვა, რომ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყოოცნებისკანდიდატი, ამბობდნენ იმასაც, რომ მის ირგვლივ ეროვნული ძალები დაირაზმებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეჩერდა.

- დიახ, საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი არ გახდა. რამ გადაწყვიტა ეს, ესეც კიდევ ერთი საიდუმლოებაა, მაშინ, როდესაც უმრავლესობა თითქმის მთლიანად გამორიცხავდა ამ ქალის ვერსიას და მაინც ეს ქალი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი. თავიდან, როგორც ჩანს, ივანიშვილს სხვა გეგმები ჰქონდა, რადგან მან ხან დათო მაღრაძეს შესთავაზა ეს პოსტი, ერთხელ თქვა, ოთხ კაცს შევთავაზე და ოთხივემ უარი მითხრაო. არის პოლიტიკაში ისეთი რამეები, რასაც ვერასოდეს გავიგებთ, ცივილიზებულ ქვეყნებში მემუარებიდან გებულობს ხალხი სიმართლეს, ჩვენთან კი ეს გამორიცხულია.

თვით ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებამ ვერაფერი უშველაქართულ ოცნებას“, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება რას უშველის, მით უმეტეს, ყოფილ პრემიერს საყვედურობენ, რომ ის ხისტი პოლიტიკოსი იყო.

- ეტყობა, ახლა ასეთ ადამიანებზეა მოთხოვნა, უკომპრომისოზე, პირდაპირზე, ხისტზე. ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილი რამდენად არადიპლომატიური იყო ოპოზიციასთან მიმართებით. ის ამბობდა, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, მე არ ვცნობ ოპოზიციას, მე არ ვიცი ოპოზიცია. ახლაც მისი დაბრუნება შესაძლოა რამის მიმანიშნებელია, რომ ახლა სწორედ ასეთი ადამიანების დრო დადგა. არა მგონია, ახლა რეპრესიების დრო დგებოდეს, რადგან უკვე 10-20-ჯერ დამტკიცდა, რომ საქართველოში რეპრესიებს ყოველთვის უკუშედეგი მოჰყვება ხოლმე. რაც შეეხება გახარიას ჩამოწერას, მე ამას არ ვიჩქარებდი. ნახეთ, რა დელიკატური სიტუაციაა, ხაზარაძე ამბობს, მე წერილი ხელში მაქვს, გახარია კი ამბობს, წერილი არ არსებობსო. ხაზარაძემ თუ არ დადო ეს წერილი უახლოეს დღეებში, მაშინ ის გამოვა ტრივიალური მატყუარა. თუ დადო წერილი, მაშინ გახარიას რაღა დარჩენია, მან უნდა თქვას, რომ წერილი ყალბია? გახარია სულელი არ არის. თუ მართლაც ბუნებაში ასეთი წერილი არსებობს, მაშინ არა მგონია, გახარიას ასე კატეგორიულად განეცხადებინა, მე წერილებს არ ვწერ, ყველას პირში ვეუბნები სათქმელსო. არც ის მგონია, გამოცდილ პოლიტიკოსს, თანაც შს მინისტრს ისეთი კოზირის კარტი გადაეცა თავისი მოწინააღმდეგისთვის, როგორიცაა მუქარის წერილი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მუქარის წერილი არსებობს, ეს ძალზე ცუდია არა მხოლოდ გახარიასთვის, არამედ მთელი მთავრობისთვის.

გახარიას შენარჩუნებას რატომ ემხრობით, ის პოპულარული მინისტრია? ახლა მის პრემიერობაზეც საუბრობენ, თუმცა ხაზარაძის ბრალდების შემდეგ არავინ იცის, გახარიას დააწინაურებენ თუ არა.

- გახარია გადამწყვეტი კაცია, ცოტათი ჰგავს ღარიბაშვილს, მაგრამ უფრო ელასტიურია. ჩემი აზრით, გახარიას ელასტიურობის დრომ უკვე გაიარა და გახარიაც შეიცვალა. მოკვდა ის დრო, როცა ის მიდიოდა მიტინგებზე, ბოდიშებს იხდიდა, შეიძლება, სულ სხვა რამ არის დაგეგმილი, რაც ჩვენ არ ვიცით და უმრავლესობასაც არ ეცოდინება. შეიძლება, ეს მარტო ბიძინამ და 2-3-მა კაცმა იცის, მაგრამ ის, რომ პრემიერად ამზადებენ ღარიბაშვილს, ამას გამოვრიცხავ. გამოდის, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს რაღაც არ მოეწონა, გაუშვა ღარიბაშვილი, ახლა მოეწონა, ღარიბაშვილი დააბრუნა, რახან თვითონ დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც ეპატიება იუპიტერს, ის ხარს ეპატიება.

თქვენ ამბობთ, რომ ახლა რეპრესიების დრო არ არის, მაგრამ, თუკი კოაბიტაციის დროს დასჭირდათ ხისტი ღარიბაშვილი, გამოდის, რომ მაშინ შეცდომა იყო ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა? და ახლა უფრო დროულია მისი პოლიტიკაში მობრუნება და მისი სიმკაცრის გამოყენება?

- ის იყო კვაზიკოაბიტაცია. მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო კოაბიტაცია. ვიღაცას ყური ჰქონდა მოკრული, რომ კოაბიტაცია იყო შერიგება. სინამდვილეში, არავითარი შერიგება, კოაბიტაცია არის მონანიება და პატიება, მონანიების გარეშე პატიება არ არსებობს პოლიტიკაში. შეიძლება, მეგობრებმა მონანიების გარეშე აპატიონ ერთმანეთს და დაივიწყონ წყენა, ეს ხდება პირად ცხოვრებაში, მაგრამ პოლიტიკაში, იგივე დესმონდ ტიტუს ტერმინი იყო კოაბიტაცია, მან დაუდო საფუძველი ამას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და იქაც მხოლოდ ნელსონ მანდელას ახლო გარემოცვაში გაამართლა კოაბიტაციამ და ეს მოხდა ნელსონ მანდელას სიცოცხლეში. ამის შემდეგ რომელ კოაბიტაციაზეა საუბარი, როცა სამხრეთ აფრიკიდან თეთრკანიანი ფერმერები თავქუდმოგლეჯილნი გარბიან?!

ბურების შესახებ საუბრობთ?

- დიახ, ბურებს ვგულისხმობ, საქართველოში მათი ჩამოყვანა მიშას უნდოდა, ერთი პარტია ჩამოვიდა კიდევ, მაგრამ რომ ნახეს აქაურობა, წავიდნენ. არავითარი კოაბიტაცია არ ყოფილა საქართველოში, ეს ტერმინი ყურით მოათრიეს და არავინ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ტერმინი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რასაც შეგპირდით ხალხს და ძველ გვარდიელებს, იმას შეგისრულებთო, ამ სცენარში ხომ არ ჯდება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოყვანა?

- დიახ, ამ სცენარში უფრო ჯდება, ძველი გვარდია ბრუნდება და ძველი გვარდია ვინ არის ახლა? ძველ გვარდიელებს შორის ზოგიერთი ახალ ჩოხას იკერავს თავისთვის, ზოგიერთი ჩუმად იყო მთელი ამდენი ხანი და ახლა დააბრუნა კიდეც ივანიშვილმა პოლიტიკაში. მე მგონი, ამით დამთავრდება ძველი გვარდიის უკან მოხმობა.

ზოგიერთი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეერყა მის მიერ აგებული პოლიტიკური სტრუქტურა და სწორედ ის ადამიანები არ გაჰყვნენ ბოლომდე, ვინც ერთ დროს მის მზეს ფიცულობდა. სწორედ იმ ადამიანებმა უმუხთლეს, ვისგანაც ამას ნაკლებად ელოდა?

- ასეთი რამ ხდება ხოლმე პოლიტიკაში, ზოგიერთი საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია ოპოზიციაშიც და არა მგონია, მათ ეგონოთ, რომ ივანიშვილს „ქართული ოცნება“ ჩამოენგრა. ბოლოს და ბოლოს, ისტორიიდან გავიხსენოთ, უახლოესი თანამებრძოლებიც კი დაშორებულან ერთმანეთს. ყველაფერს თავი დავანებოთ, გავიხსენოთ ჩე გევარა და ფიდელ კასტრო. საფრანგეთის რევოლუციის დრო გავიხსენოთ, რობესპიერმა თავის უახლოეს მეგობრებს არ დააჭრა თავები? ვინ იფიქრებდა, კამიი დემულენს და დანტონს თავს მოჭრიდა რობესპიერი?

მაგრამ ბესელიასგან იყო ეს გასაკვირი, რადგან ბესელია უფრო მეტად ბიძინისტი იყო, ვიდრე თვით ბიძინა ივანიშვილი.

- ბესელიამ ძალიან ბევრი ისეთი საქმე გააკეთა, რასაც სხვა არ გააკეთებდა. ტყუილად კი არ არის, რომ ბიძინა სტალინისტია, მას მოსწონს სტალინი, მისი კურსი და შეიძლება ბაძავს კიდეც სტალინს. სტალინი კი როგორ იქცეოდა? მაშინ სხვა დრო იყო, დღეს უკვე დახვრეტები, დაჭერები აღარ არის მოდაში, სტალინი ხალხს იყენებდა, მერე იშორებდა, მაგრამ იშორებდა სხვანაირად. შეიძლება, რიგითი მოქალაქეების სიმპათიები ახლა ბესელიას მხარეზეა, მეც მომწონს, რომ ბესელია ასე იბრძვის ჯალათი მოსამართლეების წინააღმდეგ, მაგრამ ბესელიამ ხომ ძალიან კარგად იცის, შუაღამეს როგორ ეწყობოდა ბიუროს სხდომები და საკონსტიტუციო სასამართლოში რა ხდებოდა?

ისევ ღარიბაშვილზე რომ ვისაუბროთ, ყოველ შემთხვევაში, ღარიბაშვილი დიდ სკანდალებში არ გახვეულა. იყო ლაპარაკი კახური კლანის შესახებ, თვითონ ბიძინამაც ერთხელ უსაყვედურა და თქვა, მე ვეუბნებოდი ირაკლის, ფრთხილად იყოს ნათესავებთან მიმართებითო, მაგრამ ის, რომ ღარიბაშვილი კორუფციაში ჩაეფლო, ფული შეჭამა, სასახლეები აიშენა, ასეთ სკანდალებში იგი არ გახვეულა. ელემენტარულად, გამოუცდელ ადამიანს, ახალგაზრდა კაცს ჩააბარეს ურთულესი პოზიცია-პრემიერ-მინისტრობა, თანაც საქმეს ათჯერ და ასჯერ ართულებდა რიგითი ადამიანების მოლოდინი უკეთეს ცხოვრებაზე კი არა, პირდაპირ ვთქვათ, სამოთხეზე, განახევრებულ გადასახადებზე, 5-ჯერ გაზრდილ პენსიაზე და ნორვეგიის დონეზე. ცხადია, ასეთ დროს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვეში გახდებოდა არაპოპულარული, რადგან პრემიერი ჯადოქარი ხომ არ იყო?

ღარიბაშვილს ჰქონდა პირადი თვისებები, სიხისტე ოპოზიციის მიმართ, ზოგჯერ იგი იყო არატოლერანტული, ევროპულ პოლიტტექნოლოგიებშიც ხშირად ეშლებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ღარიბაშვილი დიდ სკანდალებში არ იყო გახვეული. ამიტომაც დაბრუნდა ღარიბაშვილი, მაგრამ შესაძლოა, ღარიბაშვილის დაბრუნება უბრალოდ არის კეთილგანწყობილი ჟესტი ივანიშვილის მხრიდან და არავითარი შორსმიმავალი გეგმები.

 

 

გამი ამ მოხუცი კაცის ანალიზი ყველას სჯობია... როგორც ამბობენ:" ბებერი ხარის რქაც კი ხნავსო." ისე, რამდენი წელია ეს კაცი ამბობს --- ჩვენს სახემწიფოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია არ აქვსო. მართლია! საგარეო სამინისტროში პიჯაკ მოხურულ "დიპლომატებს" ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის მოცემული ნარატივი ჰგონიათ.
5 წლის უკან
სოციალისტი ჩვენ ქვეყანას ეროვნული იდეა სჭირდება, აი ისეთი რომლის განხორციელბაც უბრალო ხალხის კეთილდღეობას იგულისხმებს, რომელსაც ხალხი გაიგებს და მხარს აუბამს!
5 წლის უკან