„ქართული ოცნების“ დაშლის გზით ოპოზიციის შექმნის შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. მისი თქმით, ოპოზიციური ველი ცარიელი არ დარჩებოდა და, როგორც კი ოპოზიცია ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებდა, აუცილებლად გაჩნდებოდა სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებდა. თუ არადა, ივანიშვილი ირწმუნებოდა, „ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი კოალიციაში და კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება“. დღეს ეკა ბესელია ამბობს, რომ არ სურს, რეალური ოპოზიციონერობა ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით დაამტკიცოს. „ნაციონალები“ ირწმუნებიან, რომ ბესელია ამით ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ ხიდს არ წვავს, ან კიდევ, იგი ივანიშვილის პროექტია.
„ქართული ოცნების“ დღევანდელ კონფიგურაციაზე For.ge-ს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეთა ხმაურიანი დემარშის შემდეგ პირველი პრეზიდენტის შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ იხუმრა კიდეც, „მალე, ალბათ, პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილიც წავა „ქართული ოცნებიდანო“. როგორი მომავალი ექნება „ოცნებას“ 2020 წლისთვის და ვინ დარჩება მმართველ გუნდში, ახალი სახეების იმედად შეიძლება თუ არა გამარჯვებაზე ფიქრი?
- იშვიათია ხუმრობა, რომელშიც ჭეშმარიტების დიდი წილი არ ერიოს. იგივე ითქმის ცოტნე გამსახურდიას ხუმრობაზეც. ლოგიკურად, არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა ფეხი მოინაცვლოს და დღეს რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ამ ჯგუფთან ერთად კი არა, არამედ სხვა ჯგუფთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა, ან საერთოდ გვერდზე გადგეს, ანუ საკუთარი თავი არ გააიგივოს რომელიმე ჯგუფთან და პროცესები თვითდინებაზე მიუშვას. მან ერთხელ თქვა კიდეც, რომ შეიძლება, უმრავლესობა მისთვის დიდად მიმზიდველი აღარ იყოს სამომავლოდ. ბევრი ვარიანტი არსებობს ივანიშვილის პოზიციების თვალსაზრისით, რომელზედაც მას შეუძლია გადაინაცვლოს. ასე რომ, მხოლოდ დღევანდელი დღის სენტენციით, რომ ადამიანები „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ჯგუფის, სტრუქტურიდან მიდიან, ამ მდგომარეობით მომავალზე ლაპარაკი ცოტა ძნელია. 2020 წლამდე საკმაო დროა იმისთვის, რომ პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვალოს.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა არასწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ძველი გვარდიის ნაცვლად ფსონი ახლებზე დადო და მთელი ძველი გვარდია მოიმდურა?
- არ ვიცი, დადო კი ახლებზე ფსონი?
ყოველ შემთხვევაში, ამ მოცემულობით, კობახიძე და მისი გუნდი ბევრად უფრო ახლოსაა ივანიშვილთან.
- დიახ, მაგრამ პოლიტიკაში მრავალნაირი თამაშია. ხშირად როდესაც პოლიტიკოსს არ სურს, საკუთარ თავზე აიღოს რაიმეს გადაწყვეტა, ის ცდილობს, შექმნას იმგვარი სიტუაცია, იმგვარი გარემოებები, რომლებიც თვითონვე გადაწყვეტენ პრობლემებს. უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა, თამამ ჯგუფს ექმნება ის სირთულეები, რომლებიც დღეს თვალში საცემია. თანაც, ახალგაზრდათა ეს ჯგუფი ბევრი საკითხის გამო ნაკლებად პოპულარულია საზოგადოებაში. მათ რეიტინგი არ აქვთ, თუნდაც მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მათ მიერ დაკავებული პოზიციის გამო.
როგორ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ივანიშვილმა ხელი შეუწყო იმ გარემოებების შექმნას, რომ გამოვლენილიყო ახალგაზრდების პოზიციები, გამოვლენილიყო მათი სუსტი ადგილები და შექმნილიყო ის მდგომარეობა, როდესაც ლოგიკური გახდებოდა ძველი და ახალი გვარდიის ერთმანეთისგან გაყოფა მკაფიო საზღვრით.
ლოგიკურად მივადექით საკითხს, ან სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, ეკა ბესელია არის სატელიტი, თუ ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებს? თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე ვიქნები „ქართული ოცნების“ პირველი კრიტიკოსი, თუკი მათ არასწორი ნაბიჯები გადადგეს, დღეს ასეთი პოზიციონირება უკვე დაგვიანებულია, რადგან ის უკვე პარტიის თავმჯდომარეა. მაგრამ, თუკი ბესელია ივანიშვილის პროექტია, მაშინ ეკა ბესელიაზე ფსონის დადებით აქვს შანსი „ქართულ ოცნებას“?
- სიტყვა „სატელიტი“ გულისხმობს, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტია და მას ჰყავს სატელიტები. თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა თავისი სატელიტები ისე, რომ თავად „ნაცმოძრაობა“ არ იშლებოდა, მაგრამ როცა შეეკითხებოდით, ოპოზიცია გყავთ თუ არაო, მიუთითებდნენ თავის სატელიტებზე, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს „ნაცმოძრაობას“, როცა მას დასჭირდებოდა. დავუშვათ, ბესელია არის სატელიტი, მაგრამ ის „ქართული ოცნების“ სატელიტია? „ქართული ოცნების“ დღევანდელი ჯგუფის სატელიტად ესენი ვერ ჩაითვლებიან, რადგან ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტით გაშვებას აპირებს.
ბესელია არც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება, არც „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, „ოცნებაში“ შემავალ ახლებს უპირისპირდება.
- დიახ, ასე რომ, ტერმინი „სატელიტი“ კი გავრცელდა ოპოზიციის მიერ, მაგრამ, მე მგონი, სპეციალურად გავრცელებულია, რადგან სატელიტი აქ არ ითქმის, ეს უფრო ახალი სტრუქტურის შექმნის პროცესია.
ეს მესამე ძალის შექმნის მცდელობაა?
- დიახ, უფრო ეს მგონია, ვიდრე სატელიტური ძალის შექმნა, რომელიც შეიძლება არც იყოს დაპირისპირებული ივანიშვილთან. სატელიტი იარლიყი ისროლეს „ნაციონალებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“. ამ დროს „ევროპული საქართველო“ არ უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილს და მათ გაერთიანებაც მოახერხეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ისე ხომ არ გვაქვს საქმე, რომ „ნაციონალებმა“ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად დაიწყეს იმ იარლიყის სხვებზე მიკერება, რომელიც, წესით, მათ უნდა მიკერებოდა?! როგორც „ნაციონალების“ შემთხვევაში ძნელია ლაპარაკი სატელიტობაზე, რადგან არ არის ტიპური სიტუაცია ამ მხრივ, ისევე, „ოცნების“ შემთხვევაშიც ძნელია ამაზე საუბარი. როგორც „ნაცმოძრაობას“ გამოეყო თავის დროზე „ევროპული საქართველო“, რომელიც ამომრჩევლის გულის მოსაგებად საკუთარ გზას ხედავდა, სტილი უფრო ზომიერი ჰქონდა და რიგ შემთხვევაში აკრიტიკებდა წარსულს, ასევე, ბესელიას ჯგუფი მომავალი გამარჯვებისთვის, სავარაუდოდ, იფიქრებს იმ პოზიციებზე, იმ ფორმულებზე, რომელიც უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე „ქართული ოცნების“ ახლგაზრდული ჯგუფის პოზიცია. ასე რომ, ახალი წარმონაქმნია წარმოშობილი ძველის საფუძველზე და ეს პირველი არ არის ქართულ სინამდვილეში.
თითქმის ყველა ეტაპზე ახალ ქართულ ისტორიაში მმართველი პარტიიდან ჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ჯგუფები. ხშირად ეს ჯგუფები ოპოზიციური იყო, რომლებიც ცვლიდნენ პოლიტიკურ კლიმატს. თუკი ჩვენ არ გვიკვირს „მრგვალი მაგიდიდან“ ოპოზიციის გაჩენა კიტოვანის და სიგუას სახით, თუკი არ გვიკვირს სააკაშვილ-ჟვანიას გაჩენა „მოქალაქეთა კავშირიდან“, მე მგონი, არც ახლა უნდა გაგვიკვირდეს ახალი ჯგუფის გაჩენა ბესელიას თანამოაზრეთა სახით.