"რუსთავი 2", რომელსაც სახელისუფლებო არხს უწოდებენ, "იმედსა" და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ერთად, ეს ბოლო დღეებია, ბევრად ადეკვატურად გამოიყურება, ვიდრე მისი მოძმე არხები.
როგორც კი პატიმრების წამების კადრები გავრცელდა, მეორე დილასვე, დილის გადაცემის ყველა წამყვანს ეცვა მაისურები წარწერით "არა ძალადობას", საუბრობდნენ ამ თემის ირგვლივ, "შუა დღის" ეთერში ხან ფსიქოლოგი მიდიოდა, ხან - სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, ხან - განრისხებული შოთი არველაძე ერთვებოდა თურქეთიდან, ხან კი დათო ტურაშვილი აგინებდა მხართეძოზე წამოწოლილ პარლამენტარებს. ხათუნა კალმახელიძეს, რომელიც ჯერ კიდევ იფიცებოდა, რას ამბობთ, მე რა შუაში ვარ პატიმრების წამებასთანო, ერთი-ორი მწვავე შეკითხვაც დაუსვა ზალიკო უდუმაშვილმა.
ამით იმის თქმა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ თუკი საინფორმაციო პოლიტიკას შევაფასებთ, ხელისუფლების ინტერესი ამ არხზე აშკარად იკვეთება, იქ მომუშავე ადამიანებმა მოახერხეს საკუთარი პროტესტის დაფიქსირება. მაგალითად, მაია ასათიანმა "პროფილის" ეთერში გაშვება გადადო, ისევე, როგორც იუმორისტთა გუნდმა - თავიანთი ორი გადაცემის. ეთერში ასევე არ გავიდა "საქართველოს ვარსკვლავი", რომელიც, წესით, წინა ორშაბათს უნდა დაწყებულიყო.
ტაშფანდურა გადაცემები დროებით გაჩერდა ამ არხზე, რასაც ვერ ვიტყვით "იმედზე", ტელეარხს არც ერთი გადაცემა არ გაუჩერებია, მათ შორის, არც "ნუკის დილა". ამის გამო ტელეწამყვანს სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე აქტიურად აკრიტიკებენ. ნუკის პოზიციამ დამაინტერესა და კომენტარისთვის დავურეკე.
ნუკი კოშკელიშვილი:
- იცი, რა არის? შემზარავი კადრები ვნახე. სიმართლე გითხრა, ბოლომდე არ მინახავს, ვერ ვუყურე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუმცა არ მინდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცეს. ეს ხომ პოლიტიკა არ არის. ეს ტრაგედიაა. ვგმობ ძალადობას და არ მივესალმები არც ერთი გამოვლინებით.
ძალიან ბევრგან წავიკითხე, კითხულობდნენ, რატომ არ გაჩერდა "იმედზე" დილის გადაცემა...
სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა...
- ამაზე პასუხი მაქვს. ჩემი და 9 წლისაა. არ მინდოდა, დილას რომ გაიღვიძებდა, ყველგან ეს კადრები ენახა. ვიცი, რომ ბავშვები უყურებენ ჩემს გადაცემას. თან, სკოლაც დაიწყო. ამ დღეებში საბავშვო თემები გვქონდა. არ მქონდა სურვილი, შეეხედათ ჩემი გადაცემისთვის და იქაც იგივე კადრები დაენახათ. მინდა, რომ სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება. მასმედიამ ადამიანები არ უნდა დათრგუნოს. ამის გამეორება არ არის საჭირო. არ ვამბობ, რომ ყურადღება არ უნდა გამახვილდეს, მაგრამ ადამიანებს ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ. ყველას თავისი მაყურებელი ჰყავს, მე განსაკუთრებით ბავშვები მიყურებენ.
ნუკი, ეს გასაგებია, მაგრამ არა მხოლოდ ბავშვები, უფროსებიც ადევნებენ თვალს შენს გადაცემას... "რუსთავი 2"-ის წამყვანებმა გამოხატეს პროტესტი, მაისურები ჩაიცვეს და "იმედზე" არც ერთ გადაცემაში ასეთი რამ არ ყოფილა.
- მესმის, რომ "რუსთავში" გამოხატეს და ეს მისაღებია. ჩვენი დილა განახლებულია, სხვა ფორმატისაა და არ არის იმის საშუალება, რომ ღია ეთერში გავიდეს. თანაც, ეს თემები ამ ფორმატს არ შეესაბამება. სხვა გადაცემებს კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაკრიტიკებ. ამისი არც მორალური უფლება მაქვს და არც თანამდებობრივი. ჩემი გადაცემა ჩვეულებრივი ფორმატით გაგრძელდება.