სვანური ოჯახი, სადაც ერთი კაცის ორი ცოლი ერთად, ბედნიერად ცხოვრობს

სვანური ოჯახი, სადაც ერთი კაცის ორი ცოლი ერთად, ბედნიერად ცხოვრობს

გირშელ ჭელიძე სვანეთში, უშგულში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი მშობლიური კუთხეა. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ჯერ მარიამ ხაჭვანის ფილმში “დედე” სვანი ბიჭის როლი ითამაშა, შემდეგ კი სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” მოძალადე მაზლი განასახიერა. მსახიობობა მოსწონს და საინტერესო პროფესიად ეჩვენება.

"რთული ბავშვობა მქონდა, იმედია, მსგავსი დღეები ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს იქნება. დედა ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა, რა დროს რა მიჭირდა. მისმა სიძლიერემ ჩემზე დადებითად იმოქმედა. დედა მამასთვის მეორე მეუღლე იყო, მაგრამ ისე, რომ პირველს არ დაშორებია, მასთან 3 გოგო ჰყავდა.

“დედაჩემები” (მამას პირველი მეუღლე და დედა) დღესაც ერთად ცხოვრობენ. ჩვენ შეძლებული ოჯახი გვქონდა. უშგულიდან სტიქიის გამო, 1987 წელს გარდაბანში გადმოგვასახლეს. მამამ ორი მეუღლისთვის ცალ-ცალკე 2 სახლი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ უშგულში ერთად ვცხოვრობდით. გარდაბანში გადმოსვლის შემდეგაც სულ ერთად ვიყავით. ყოველთვის ვამბობ, რომ ორი დედა მყავს და მათ “დედაჩემებს” ვეძახი. ერთმანეთთან უთანხმოება არასდროს ჰქონიათ. მამამ დედა ცოლად პირველი მეუღლის რჩევით მოიყვანა.

უკვე ვთქვი, მათ 3 გოგო ჰყავდათ, რადგან სვანეთში ბიჭის დაბადება განსხვავებულად მნიშვნელოვანი იყო, თავად ქალს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტი შვილი არ გაუჩნდებოდა, მეუღლეს ურჩია, – ცოლად ეს გოგო შეირთეო. მამამ დედა მოიტაცა. დედას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა. თავდაპირველად უფიქრია, როგორც ჩანს, ნათესავები არიან და რამდენიმე დღეში წავლენო, მათი “სტუმრობა” კი არ დასრულდა. როცა სიმართლე გაიგო, რა თქმა უნდა, ამ ამბავთან შეგუება გაუჭირდა. შემდეგ პერიოდში კი ერთმანთთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, კამათიც კი არასდროს ჰქონიათ. მამა წლების წინ გარდაიცვალა, “დედაჩემები” დღესაც ერთად ცხოვრობენ", - ამბობს გირშელ ჭელიძე.