რატომ გაემიჯნა „პატრიოტთა ალიანსი“ მთელს დანარჩენ ოპოზიციას

რატომ გაემიჯნა „პატრიოტთა ალიანსი“ მთელს დანარჩენ ოპოზიციას

„მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გავერთიანდით, არის ის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული შეკრებაა და „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არავითარ საქმიანობას არ ვაწარმოებთ, ერთსა და იმავე თემასა თუ საკითხზე, თუნდაც ერთნაირი მოსაზრებით ვსაუბრობეთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთ საქმეს მაინც არ ვაკეთებთ," - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „რეზონანსთან" იმის შესახებ საუბრისას, თუ რატომ არ გაერთიანდა მათი პარტია 20 ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ითხოვენ.

თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნის ერთიანდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხმის შეგროვებას იწყებს, თუმცა ამ გაერთიანებაში არ მოიაზრება „პატრიოტთა ალიანსი".

თევდორაძე აცხადებს, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პირველად „პატრიოტთა ალიანსი" 2013 წელს გამოვიდა და ამ დროს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" მოთხოვნას სულ სხვა რამ წარმოაგდენდა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი", მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის თემატიკა ერთია, „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ აპირებს.

„რაც შეეხება ერთიანი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ეს იყო უპირველესი მოთხოვნა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის" და ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როდესაც პარტია დაარსდა, პირველი ჩვენ ვიყავით, ვინც საქართველოს პარლამენტში ეს მოთხოვნა შეიტანა. 2014-2016 წლებში ინტერპარტიულ ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ და იქაც ეს მოთხოვნა დავაყენეთ.

„ასე რომ, „პატრიოტთა ალიანსი" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვდა ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და დღესაც იგივეს ვითხოვთ.

„ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვითხოვდით, „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო" და ახლა მათთან მყოფი რამდენიმე პარტია, რეგიონულ პროპორციულ სიებსა და მსგავს რაღაცეებს ითხოვდა, ამ თემის მხარდამჭერები არ იყვნენ.

„მესმის, რომ ეს არის თემატური გაერთიანება და ასეთი თემატური გაერთიანება ჩვენც გვქონდა ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ პარტიებთან, მაგრამ არცერთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობისა" და „რუსთავი 2"-ის მიერ ორგანიზებულ ჯგუფთან მონაწილე პარტია ჩვენ ვერ და არ ვიქნებით," - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

სოციალისტი პატრიოტთა ალიანსი ნამდვილად არის პოლიტიკური პარტია, აქვთ ყველა ატრიბუტი! ის 20 კი...???!!! ხე, ხე, ხე.....))))
6 წლის უკან