ოსკაროსანი ფილმები, რომელზეც ქართველი ხმის რეჟისორი მუშაობდა

ოსკაროსანი ფილმები, რომელზეც ქართველი ხმის რეჟისორი მუშაობდა

წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, "ოსკარის" ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი "მწვანე წიგნმა" მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა.

"მწვანე წიგნის" ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია "ესპლანადაში" მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ შტატში, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კაჭკაჭიშვილმა "ოსკარის" მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: "შავი კლანის კაცი" და "ვარსკვლავი დაიბადა". ამ ფილმებმა "ოსკარი" სხვა, არანაკლები მნიშვნელობის კატეგორიებში აიღეს.

სამივე ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი მიშამ "ესპლანადაში" ჩაწერა, ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც.

მოიხსენებენ თუ არა ჰოლივუდის პროდუქციის ტიტრებში მიშას თავისი სახელით და გვარით - როგორც ირკვევა, "შავი კლანის კაცის" და "მწვანე წიგნის" ტიტრებში ნახსენებია მისი სტუდია "ესპლანადა" და მიშა კაჭკაჭიშვილიც, როგორც ხმის ჩაწერის რეჟისორი. ინგლისურად ეს ე.წ. კრედიტი ასე ჟღერს: Recording Engineer, Mixer.

ახლა მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობს ამერიკულ ფილმზე American Reject, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ფილმს ძირითადად ახალ ორლეანში იღებენ და პირველადი ინფორმაციით, ის პოპულარული ტელეშოუს, სიმღერის კონკურსის მონაწილე გოგონაზეა, რომელიც წარმატებას ვერ აღწევს და კონკურსს ტოვებს.

მიშა კაჭკაჭიშვილთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.