ტელეკომპანია BBC-ის გადამღები ჯგუფი გლდანის ციხეში იმყოფებოდა, სადაც ჯეკ შეპარდი იხდის სასჯელს.
ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტი სტივ როზენბერგი შეუშვა.
აღსანიშნავია, რომ BBC პირველი უცხოური ტელეკომპანია გახდა, რომელსაც ციხეში გადაღების უფლება მისცეს.
ჟურნალისტის სტივ როზენბერგის განცხადებით, მას ჯეკ შეპარდთან პირადი კონტაქტის საშუალება არ მიეცა. მისივე თქმით, შეპარდი საკანში ორ პირთან ერთად იმყოფება და უსაფრთხოების მიზნით ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა.
შეგახსენებთ, ბრიტანელ ჯეკ შეპარდს, 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
ჯეკ შეპარდი 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, ადვოკატთან ერთად გამოცხადდა და ქართველ სამართალდამცავებს ჩაბარდა. ახლა კი ბრიტანელი ბრალდებული ექსტრადირების მოლოდინშია.