დიტო გელოვანი: მელენტი-დომენტი და დარაჯი პიგალის მოედნიდან

დიტო გელოვანი: მელენტი-დომენტი და დარაჯი პიგალის მოედნიდან

- ექვთიმე გულკეთილს ნიშნავს. გამოდგება ეს. ა, მელენტი – მზრუნველი ყოფლა ბერძნულად. ვუკოლ – ხარების მწყემსი. არ გვინდა ეს. თავლის უფროსი ქე ხარ უკვე და ხარების მწყემსი აღარაა საჭირო. პოლიევქტი... კაია, დიდად სასურველს ნიშნავს. დომენტიც კაია – დამწყნარებელი. აბესალომი – ებრაული სახელი ყოფილა და მშვიდობის მამაა, თურმე. ესეც კაია ნამდვილად – ტიხონ! აჰ, ნამეტანი კაია, ბედნიერების მომტანს ნიშნავს და, აგერ ერთი მეგულება კიდევ... კალენიკე – ბრწყინვალედ გამარჯვებული. რამდენია? შვიდი, ხომ? იყოს. გვეყოფა შვიდი: ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე. დარჩეს ასე?

(ჭაბუა ამირეჯიბი, “დათა თუთაშხია”)

 

ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზიდან შემოთვალა: “შეგიძლიათ იმ დარაჯად ჩამთვალოთ, რომელიც მუდამ იმის ფიქრში იქნება, რომ ხელისუფლებაში აღარ მოხვდნენ ისეთი მედროვეები და შეურაცხადები, როგორიც სააკაშვილი და მისი გუნდია. ამას კი ხელისუფლებაში ყოფნის გარეშეც შეძლებს ადამიანი. სხვა ამბიცია არ გამაჩნია”.

 

რა თქმა უნდა, შემიძლია, რომ ოქრუაშვილი ჩავთვალო დარაჯად. ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, რადგან როდესაც იყო გუბერნატორი, პროკურორი, შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, თქვენი არ ვიცი და, მე მას არაფრად ვთვლიდი. ახლა უკვე ვთვლი და, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მართლაც დიდი მიღწევაა. დარაჯია და მიაღწია.

 

“გახდი შენი ქალაქის მეეზოვე” - მოგვიწოდებდა გიგი უგულავა. “ჩამთვალეთ დარაჯად” - გვთხოვს ოქრუაშვილი. ბაზარი არ არის, შენ მანდ ყურადღებით იყავი და ჩვენ შევეცდებით დავივიწყოთ ის, რასაც ვერასოდეს დავივიწყებთ – სპორტულ პიჟამას, აბოლებულ სიგარეტს და ნერვულად დაბრეცილ ტუჩებს. იყო ეს და მითხარით ვინმემ, რომ არ ყოფილა, რომ დამესიზმრა, რომ გურამ პეტრიაშვილის ნაცვლად სხვა ვინმე მელანდება.

 

“ვწუხვარ, რომ ჩემი დაწყებული საქმე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზოგმა ორ შაურად დაახურდავა და ზოგმა მეტად; აქედან გამომდინარე, დღეს ჩემს განსაკუთრებულ მოვალეობად მიმაჩნია იმის დასრულება, რაც 2007 წლის 25 სექტემბერს დავიწყე” – შემოთვალა ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზიდან.

 

უკვე საბოლოოდ დავიბენი. ჯერ ძლივს შევეგუე იმას, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლის 23 ნოებერს იწყება და ახლა მეუბნებიან, რომ არც მთლად მასეა საქმე – ყველაფერი 2007 წლის 25 სექტემბერს დაიწყო.

 

ავტოინსპექტორივით კი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი: რაღაც მაინც დაგვიტოვეთ – დიდგორი, დიუსელდორფი... ბევრია? მაშინ – დიდგორი. ტყუილია? მაშინ – 1967 წლის 14 მაისი, ნახალოვკა, პირველი სამშობიარო. ძველია? მაშინ - ... რაღა მაშინ? თურმე, არ დავბადებულვარ!

 

ყველანი 1967 წლის 21 დეკემბერს ჩავისახეთ, როცა ის დაიბადა და ქვეყანას მოვევლინეთ 2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც მან სხვისი ჩაი დალია. ჰოდა, ეს, თურმე, დარაჯი ყოფილა და შეგვიძლია, ეროსი კიწმარიშვილი “რუსთავი 2”-ის ოპერატორად ჩავთვალოთ. სოზარი... არა, ეს მე ვიყავი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი... გრეჩიხა... არა – ლამაზი კალიგრაფიით მე გამომყავდა ღვინის ბოთლის ეტიკეტზე წარწერა “მიხეილ სააკაშვილი. ჩამოსხმულია საქართველოში”.

ჩამოსხმულია საქართველოში, ყურძენი მოიყვანა იმ გლეხმა, თავდაცვის მინისტრი, რთველის გენერლად დანიშნული აწ უკვე დარაჯი რომ ემუქრებოდა: “ყურძნის ჩაბარების ფასის მომატებაზე ხმა რომ ამოიღო, ვერ გადამირჩები!”

 

“პრიმიტიულ საკითხებზე კინკლაობას გადააყოლა დღევანდელმა ოპოზიციამ ქვეყანა, რამაც სააკაშვილის რეჟიმიც გაამყარა” - პარიზიდან შემოთვალა ოქრუაშვილმა.

 

დარაჯი ეძახე და, მართალს კი ამბობს! მაგას დარაჯი უნდა ერქვას და ბარნოვს – ექსპერტი?! თუმცა, საკითხავია, რა სჯობს იყო – დარაჯი პიგალის მოედანზე თუ, ექსპერტი სააკაშვილის კარზე? ისე, ჩვენში დარჩეს და, მგონი პირიქით არის – ექსპერტი პიგალის მოედანზე და დარაჯი სააკაშვილის კარზე. ასე უფრო სწორია.

 

ოქრუაშვილზე საუბარს კი ნიუსიდან ნაწყვეტით დავასრულებ: “ყოფილი ჩინოვნიკის განცხადებით, ამ შეცდომების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში “ქართული პარტია” მძლავრი პარტიული მანქანის შექმნას აპირებს, რაც ხელისუფლების შეცვლის საშუალება იქნება. “24 ნოემბერს დაგეგმილი პარტიული ყრილობა, სადაც ყველა ორგანიზაციული საკითხი უნდა გადაწყდეს, სწრაფად მოქმედების საშუალებას მოგვცემს”, - აცხადებს ოქრუაშვილი”.

 

ხოლო სწრაფად მოქმედება საშუალებას მისცემთ, რომ ახალი წელი ავლაბარში იზეიმონ.

 

“დედა, რას გავდნენ, აუუ! ჩამოდღლეზილები, ჭუჭყიანები, გაუბედურებულები. გალიაში ჩამწყვდეული მელიები თუ გინახავს, სწორედ ისე აბრიალებდნენ თვალებს” - ეს არ არის “ინტერპრესნიუსიდან”, ეს არის “დათა თუთაშხიადან”. ერთ ქართულ ხალხურ ზღაპარში კი ვკითხულობთ: “მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით”.

მოკლედ – მელიები. ზოგი ჩამოდღლეზილია, ზოგიც - სიცილით კვდება. ისეც ხდება ხოლმე, რომ მდიდრები ტირიან და ჩამოდღლეზილი მელიები იცინიან. ასეც უნდა იყოს, როდესაც გვერდით გყავს ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე. ამდენი სიხარული ერთად... ერთად აღებულ ბევრ სიხარულს ბედნიერება ეწოდება, ერთი ქვეყნის მოქალაქე ბედნიერ ადამიანთა ჯგუფს კი – ბედნიერი ერი.

 

ორიოდე სიტყვა ბედნიერი ერის ყველაზე დიდ პატრიოტებზე – არსენზე და სამუელზე.

 

“დღეს ვარ ჯავახეთში და მინდა ვისაუბრო ჯავახეთის ორ მკვიდრზე, მაიორ არსენ კარაპეტიანზე, ნინოწმინდის პოლიციის უფროსზე და პოლკოვნიკ სამუელ პეტროსიანზე, ახალქალაქის პოლიციის უფროსზე. ეს ორი ჯავახეთის მკვიდრი, ეს ორი ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი მოქალაქეები, 2008 წლის აგვისტოში მივლინებით გაგზავნილი იყვნენ პარიზში და მათ ისარგებლეს შემთხვევით და წაიყვანეს თავიანთი ოჯახები. შემდეგ, საქართველოში დაიწყო დიდი ომი. მათ არ ჰქონდათ ბილეთების გადმოსაცვლელი ფული და სამუელი და არსენი მივიდნენ პარიზის სომხურ სათვისტომოში და ისესხეს ფული საქართველოში ბილეთის გადმოსაცვლელად და დასაბრუნებლად. თავის ოჯახებთან ერთად, 8-ში საღამოს უკვე იყვნენ აქ თავიანთ პოსტებზე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. აი, ვინ არის ყველაზე დიდი პატრიოტი საქართველოში. მე მინდა პატივი მივაგო მათ და ახალქალაქის ყველა მკვიდრს, რომელთაც აქ დაიცვეს საქართველო” – როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, სააკაშვილი მართლაც ჯავახეთში იყო. არსენი და სამუელი მართლაც მისი სისხლი და ხორცია. ისინი მართლაც პოლიციის უფროსები არიან... ჯერჯერობით. დანარჩენი კი...

 

დიდებული რამ არის მივლინება. “ფორესტ გამპიდან” მახსოვს: უმამოდ გაზრდილი პატარა ფორესტი ეკითხება დედას: “დედი-ჯან, რას ნიშნავს მივლინება?” დედა პასუხობს: “ფორესტ-ჯან, მივლინება, ნიშნავს, როდესაც მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან”.

 

და რადგან არსენი და სამუელი (ვალტერ სამუელს ტრამვა აქვს) დაბრუნდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ მივლინებაში. ისარგებლო შემთხვევით და პარიზში ოჯახი გაიყოლო, დამეთანხმებით, ეს არანაირ სამივლინებო ჩარჩოებში არ ჯდება. ისინი არ იყვნენ მივლინებაში, მივლინებაში არის ირაკლი ოქრუაშვილი.

 

მახსოვს, ერთი გერმანელი მასაჟისტი, კაი ტრუკუცუნა გოგო, თბილისში მივლინებით იყო. მიშამ ისარგებლა იმის მივლინებით და მივლინება ექკურსიად იქცა, ექსკურსია – სექსკურსიად, ექსპორტი - სექსპორტად და ერთ დღესაც სექს-პრეზიდენტი ექს-პერზიდენტად გადაიქცევა.

 

“ჩვენ ერთად შევინარჩუნეთ ჯავახეთი საქართველოსთვის” - ეს იყო პრეზიდენტის ჯავახური ვიზიტის სლოგანი. შევინარჩუნეთ, მაგრამ გვითხარით, ვინ გვედავება? ბევრი გვედავება, მათი ვინაობა არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველა მათგანის გვარი ერთნაირად მთავრდება. ახალქალაქისა და ნინოწმინდის პოლიციის უფროსები დროულად დაბრუნდნენ პარიზიდან და ჯავახეთი შევინარჩუნეთ. პერევის პოლიციის უფროსი ახლახანს დაბრუნდა სან-ფრანცისკოდან და, შესაბამისად, რუსებმაც ახლახანს დატოვეს პერევი.

 

ჰოდა, სლოგანიც გამოცხვა: “პოლიციის უფროსი ტერიტორიული ერთეულის ხერხემალია”.

 

“რა თქმა უნდა, მე ვარ აფხაზეთის შვილი. მე ვიყავი სამეგრელოში და ვიყავი წარმოუდგენელი სილამაზის ხეობაში, რომელიც არის აბაშის წყალში. ამ ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში ამ ხეობასა და ნოქალაქევის უძველეს ციხე კოშკს შორის არის ჩემი წინაპრების ნასახლარი და რა თქმა უნდა, ჩემი გული იქ სხვანაირად ცემს, რა თქმა უნდა მე ვარ სამეგრელოს შვილი. გუშინ მე ვიყავი კახეთში და კახეთში, როგორც არასდროს, მე ვგრძნობდი, რომ მე ვარ კახეთის შვილი” – ალბათ, მიხვდით, ვისაც ეკუთვნის ეს სიტყვები. დიახ, ეს სიტყვები ეკუთვნის არსენისა და სამუელის სისხლს და მათსავე ხორცს, რომელიც კახეთში კახელია, სამეგრელოსი – მეგრელი, ვაკის საცურაო აუზში – წყალბურთელი, ხოლო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – კლასიკური ტენორი. საბჭოთა ჯარში ეფრეიტორი იყო.

 

“რუსეთში ძალიან ბევრი ოცნებობს, ციმბირის მაღაროებზე გამაგზავნოს” - თქვა სააკაშვილმა და უცებ თავი რუსეთში მეგონა. “მანქანის შუშები დამუქებული მხოლოდ ჩამორჩენილ ქვეყნებში აქვთ” - თქვა მიშამ და ლოტკინელებმა თავი ჟენევაში იგრძნეს. “საზღვრის გახსნის დროს ჩეჩნების მეშინოდა” - თქვა პრეზიდენტმა, რომელსაც ყველასი ეშინია, ქართველების გარდა, რადგან ჩვენ... “ჩამოდღლეზილები, ჭუჭყიანები, გაუბედურებულები. გალიაში ჩამწყვდეული მელიები თუ გინახავს...”

 

ამ ბოლო მარგალიტებით მიშამ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს მდედრობითი სქესის რუსი ჟურნალისტი გააბედნიერა და მარგალიტებს ბრილიანტი მოაყოლა: “ჩვენს დევნილებს და გაჭირვებულებს ქუჩაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ. ყველა კეთილმოწყობილია”.

 

და, ყველას მოუნდა, რომ იყოს დევნილი და გაჭირვებული, რადგან მოეწყობა კეთილად და იცხოვრებს ბედნიერად.

 

“აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც თავის დაწვა სცადა, წუხელ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დამწვრობის ცენტრში განუცხადეს. აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა”.

 

“ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ფიფიას გადარჩენას ყველანაირად ცდილობდნენ. “24-საათიანი მორიგეობის რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენც და საავადმყოფოს პერსონალიც, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარება და ყველა საჭირო ხარჯს დაფარავს. ნანა ფიფიას  მკურნალობაც მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა, თუმცა შედეგი ვერ მივიღეთ, რის გამოც უზომოდ ვწუხვართ”, - ნათქვამია სუბელიანის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში”.

 

სააკაშვილის ინტერვიუ რუსულ პრესაში 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. დევნილი ქალბატონი 19 ნოემბერს გარდაიცვალა. ინტერვიუ 16 ნოემბერს შედგა, რესტორანში. დევნილი ქალბატონი ამ დროს დამწვრობის ცენტრში სიკვდილს ებრძოდა.

 

“ყველა დევნილი კეთილმოწყობილია” - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალბათ დამწვრობის ცენტრს გულისხმობდა. მაგას რას გაუგებ... ყველაზე დიდი პატრიოტები შემთხვევით სარგებლობენ და პარიზში ოჯახებით მიდიან. ლადო ვარძელაშვილმა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატით ისარგებლა და ოჯახი ტოკიოში წაიყვანა; შოთა მალაშხია წაგებული ომით სარგებლობს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიას ხელმძღვანელობს, შესაბამისი პრივილეგიებით; ისეთი ტიპიც ვიცი, მამის თვითმკვლელობით რომ სარგებლობს, ხოლო სარგებლობა იმ კომისიის თავმჯდომარეობაში გამოიხატება, რომელმაც თვითმკვლელობა მკვლელობად უნდა გაასაღოს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილსას “ეტალონი დირექტორის” წოდება მიენიჭა. სკოლა კი, რომლის დირექტორიც ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია, წლის “ეტალონი საჯარო სკოლა” გახდა. ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა “ეტალონის” ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა”.

 

“ეტალონი” ხომ იცით რომელიცაა? – ყველაზე ეროვნული მედია-პროექტი. ხომ იცით “პეესპე”? – ქართული ფარმაციის ლიდერი და “ავერსიც” ხომ იცით? – ლიდერი ლიდერთა შორის. ალბათ, იცით და მაშინ გოჩა ტყეშელაშვილიც გეცოდინებათ – ყველაზე დიდი პატრიოტი პატრიოტთა შორის, ოღონდ, მაიორ არსენ კარაპეტიანისა და პოლკოვნიკ სამუელ პეტროსიანის შემდეგ.

 

რა ხანია, “ფანტას” რეკლამა აღარ მინახავს – “გაიზიარეთ მხიარულება”.

 

დღეს, 22 ნოემბერს, ვარძელაანთ ლადო სტუდენტურ თვითმმართველობებს შეხვდება და ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ყველაზე ეროვნულ პროექტს - “კლუბ ვესიოლიხ ი ნახოდჩივიხ”, ანუ მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. წაიკითხეთ ნიუსი და იმხიარულეთ.

 

“სტუდენტურ თვითმმართველობებთან შეხვედრაზე მინისტრი გამოვა ინიციატივით, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ეროვნული ფედერაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ეროვნულ ფედერაციას მხარს დაუჭერს და დააფინანსებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. “მ.ს.კ." ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კლუბის ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა იქნება. დღემდე „მხიარულთა და საზრიანთა კლუბს” კავშირის სტატუსი ჰქონდა.   კლუბის წევრებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებელად მატერიალური და ფინანსური რესურსების მოზიდვა უჭირდათ”.

 

უიმე, საწყლები... მხიარულებიც, საზრიანებიც, მაგრამ, თან – საწყლებიც. რა არის მათი ცხოვრება? ეტყვიან, რომ ყველა დევნილი კეთილმოწყობილია და, უნდა იმხიარულონ. ვარძელაშვილი სიგარეტს ამოიღებს და უნდა მოუკიდონ. მერე, თვითონ ამოიღებენ სიგარეტს, ვარძელაშვილს ეტყვიან – მომაკიდებინეო და, ვარძელაშვილი ეტყვის – მოკიდეთო. ესენი დაიბოღმებიან, მაგრამ იმდენს მაინც მოისაზრებენ, რომ იმხიარულონ. ოღონდ, ჯერ - “ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ, კალენიკე პოლიქრონიოოონ”.

 

აი, თქვენ კი...

 

მოსკოვში ანომალიური მოვლენების გამო ხეები გამწვანდა, ჩვენთან კი ანომალიური მოვლენების გამო ადამიანებმა გაწითლების უნარი დაკარგეს.

 

“რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიმყოფები, ასეთი ნაყოფიერი კვირა არ მქონია – თქვა მიშამ ობამასთან შემდეგ და იმ ტრუკუცუნა გერმანელ მასაჟისტს გულიანად გაეცინა. გაეცინა და, სულ ტყუილადაც. მიშა მართალია – ასეთი ნაყოფიერი კვირა არ ჰქონია და თუ არ გჯერათ, ყური უგდეთ საქართველოს შემორჩენილ მთებს და გადამხმარ ლელიანს. შავი და თეთრი აბანოში, მთებში და ლელიანში ჩანს.

 

რამდენიმე ნიუსის ჩამონათვალი: “გია თორთლაძე და ხათუნა კალმახელიძე საპატიმროების აბანოებში ვიდეო თვალის დამონტაჟებაზე ვერ შეთანხმდნენ”. “გიგი უგულავამ ახალი ნაგავსაყრელი დაათვალიერა”. “ლეიბორისტები” საგადასახადო დაუმორჩილებლობის გამოცხადებით იმუქრებიან”. “ირაკლი ოქრუაშვილი - 25 ნოემბერს დაგეგმილ სახალხო კრებაზე კიდევ ერთი “საპნის ბუშტი” გაიბერება”. დედამიწას დღეს დილით ასტეროიდმა ჩაუქროლა”.

 

ნაწყვეტი ნიუსიდან (სააკაშვილი საუბრობს ჩინოვნიკებზე): “ვგეგმავთ, ისინი პატარა ელექტრომობილებზე გადავსვათ, თუმცა აღმოვაჩინეთ პრობლემა – ხმა არ აქვთ, ქვეითად მოსიარულეებს არ ესმით მათი ხმა და ავარიები ხდება. ვიფიქრებთ, როგორ გავახმოვანოთ “ელეტრომობილები”.

 

და, ბოლოს, ერთი ნიუსის სათაური (სააკაშვილი სახელმწიფო დაწესებულებების თბილისიდან ქუთაისში გადატანაზე საუბრობს): “მიხეილ სააკაშვილი – თბილისიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპარებით”.

 

შენ მოისაზრე და გაიპარე, ჩვენ მოვისაზრებთ და ვიმხიარულებთ.

 

.. (დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ) - სმენა იყოს! მე რომ ჩამოვთვალე, ის სახელები ნიშნავს: გულკეთილს, მზრუნველს, დიდად სასურველს, დამწყნარებელს, მამას მშვიდობისას, ბედნიერების მომტანს და ბრწყინვალედ გამარჯვებულს. გაიგეთ?

- მასე ვისწავლოთ, კაკო-ბატონო, ქართულია ეგ და უფრო გვეხერხება ჩვენ.

(ჭაბუა ამირეჯიბი, “დათა თუთაშხია”)