მიძინებული ქართული პოლიტიკა გაღვიძების პროცესშია. მმართველ გუნდში დაწყებული დაშლა იმით დასრულდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესების პარალელურად „თბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წავიდა მამუკა ხაზარაძე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ იძულებით თმობს და მიდის საკუთარი ბანკიდან. მეტი განმარტებისგან ხაზარაძე თავს იკავებს.
ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თუკი, ხაზარაძე იძულებული გახდება დატოვოს ანაკლიის პორტი, მივიღებთ ლიდერს, რომელსაც აქვს ფინანსები და რომელიც არის დასავლური ორიენტაციის ფიგურა.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდის დაშლის პროცესი დაიწყო?
ვახტანგ ძაბირაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, არც იმის პრობლემა აქვს დაკარგავს, თუ არა. დაშლის პროცესი ახლა არ დაწყებულა, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო. მოსამართლეების თემა გახდა პროცესის მაპროვოცირებელი. არ იქნებოდა მოსამართლეების თემა, იქნებოდა სხვა თემა. „ქართულ ოცნებაში“ სხვა პროცესი მიდის.
რა პროცესი მიდის?
– იმ გუნდის გამოკვეთის, რომელიც ივანიშვილის კარზე პირველი ვაზირი იქნება და, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება საყრდენი. ამ პროცესის ჩამოყალიბება მიდის ახლა.
ანუ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დაიწყო გუნდის გაწმენდა?
– რასაკვირევლია. დაიწყო იმ ხალხის ჩამოშორება, ვინც ამ ახალ დაწინაურებულ გუნდს არ უნდა, არ მოსწონს. ამიტომ, „ოცნების“ იმ ნაწილს, რომელსაც პრეტენზია აქვს მოხვდეს საპარლამენტო სიაში, გარდა იმისა, რომ ხელდასმული უნდა იყოს ივანიშვილის მიერ, ასევე მისაღები უნდა იყოს ახალი ჯგუფისთვის, ანუ კობახიძისთვის და მისი გარემოცვისთვის, რადგან ივანიშვილმა პირდაპირ მათ დაუჭირა მხარი, ან უნდა ეძებოს სხვა გზა.
ამიტომ ვამბობ, იქნებოდა მოსამართლეების თემა, თუ არ იქნებოდა, ეს პროცესი მაინც დაიწყებოდა. ზოგი თვითონ გავა პარტიიდან, ზოგს გარიცხავენ. ვინც ჩუმად იქნება და ბედს შეეგუება, მას რაღაცას დაჰპირდებიან, როგორც 2016 წელს. ასეთი დეპუტატები ახლაც იქნებიან „ქართულ ოცნებაში“, რომელთაც რაღაცას დაჰპირდებიან. ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებაზე, ის იძულებული იქნება გამოეყოს. ეს პროცესი ასე არ დასრულდება, გაგრძელდება.
თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილმა გუნდის გაწმენდა დაიწყო, პრეზიდენტის არჩევნების დროს აქცენტს ე.წ. ძველ გვარდიაზე აკეთებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ძველი გვარდია დატოვა თამაშგარეთ და ახლა აქცენტს აკეთებს ახალგაზრდულ ჯგუფზე, რომელიც, თავის მხრივ, ლობირებს საზოგადოებისთვის მიუღებელ მოსამართლეთა კორპუსს. ასეთ ჯგუფზე აქენტირება რას აძლევს მას, როგორც პარტიის ლიდერს 2020 წლის არჩევნებზე?
– ჯერჯერობით მიდის „ქართული ოცნების“ გაყოფა. კი, ვიღაცეები გავიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გუნდი რა სახეს მიიღებს, კაცმა არ იცის. ახალგზარდების ჯგუფი, რომელიც ასე აქტიურობს ამ მოსამართლეთა დანიშვნაზე, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მოყვნენ ამ წმენდაში. ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომლის მოქმედებების განსაზღვრა და პროგნოზირება ადვილად იყოს შესაძლებელი.
ჩვენ არ ვიცით რა სურს ივანიშვილს. ერთ–ერთი ვერსია შესაძლოა ისიც იყოს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური თამაშიდან გასვლის გზებს ეძებს. ვიცით, რომ მაინცდამაინც არ მოსწონს პოლიტიკაში საკუთარი თავი, ურჩევნია ხეების გადარგვით იყოს დაკავებული, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს პასუხისმგებლობა მასზეა ჩამოკიდებული.
თუ ოპოზიციაში გაჩნდება მისთვის მისაღები ძალა, რომელთანაც ერთად გაკეთდება კოალიცია და ივანიშვილს ექნება გარანტია, რომ ჩრდილიდან მართოს, როგორც ადრე, როდესაც ძალიან კარგი დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უფრო ადრე კი, „მოქალაქეთა კავშირთან“. შესაძლოა იგივე განლაგების შექმნა უნდა.
ივანიშვილის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია და ვერც იმას ვიტყვით, რომ სავარძელს არის ჩაბღაუჭებული...
– რა თქმა უნდა, არ სჭირდება პრემიერ–მინისტრის თანამდებოდა. სჭირდება გარანტიები, რომ მას მიეცეს სრული თავისუფლება, რაც უნდა და როგორც უნდა ისე აკეთოს, ასევე უსაფრთხოების გარანტიები. დღეს მას ამის ფუფუნება არ აქვს. როცა ვამბობ, რომ არ ვიცი რას გეგმავს, მართლა არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ იცის. მაგრამ მთელი 6 წლის განმავლობაში რასაც ვუყურებ, მისთვის ზედმეტი ტვირთია და უინტერესოა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ იძულებულია ეს გააკეთოს.
დღეს–დღეობით ივანიშვილს უსაფრთხოების გარანტიებიც არ აქვს. დღეს რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ივანიშვილი იძულებული იქნება, მინიმუმ, ქვეყანა დატოვოს. ამიტომ, ვერც ტოვებს ხელისუფლებას და როგორც ჩანს, არც პარლამენტის გაძლიერება უნდა ისე, რომ მთლიანად დამოუკიდებელი იყოს. ამ ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული და ახლა რაღაცა კომბინაციებს ალაგებს.
ვერ გეტყვით რამდენად გამოუვა, რთული სათქმელია. ბესელია და მისი ჯგუფი კი მოიშორა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდა ჯგუფს აქვს გარანტია. უფრო ადრე 2012–2016 წლამდე ყველა მეტ–ნაკლებად დამოუკიდებელი პიროვნება, თუ პოლიტიკური სუბიექტი მოიშორა. გარანტია, რომ აუცილებლად კობახიძეს და მის გუნდს გამოიყვანს წინა პლანზე, ასე არ არის. შეიძლება 6 თვის შემდეგ კიდევ ერთი გადახალისება მოაწყოს.
როგორ ფიქრობთ, ამ პროცესმა პოლიტიკურად რამდენად საინტერესო გუნდი გამოკვეთა, რომელიც შეიძლება ივანიშვილისთვის საყრდენი იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
– კობახიძეს და ამ გუნდს არ აქვს იმის გარანტიები, რომ შეიძლება 2020 წლის არჩევნებზე ივანიშვილის საყრდენი გახდნენ. არის ორი ვერსია: ერთი – არჩევნების წინ ეს გუნდი სხვა გუნდით ჩაანაცვლოს, ესენი სხვაგან გადაიყვანოს; მეორე – შესაძლოა ფიქრობდეს და სწორედ ეს უნდოდეს, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც 2020 წელს ტანდემში ექნება უმრავლესობა და ორივე ძალა მან დაალაგოს.
ასეთი პოლიტიკური ძალა ჩანს ქართულ სინამდვილეში?
– ჯერ არა. ჯერ ჩანს მხოლოდ ის, რომ კობახიძემ და ამ ახალგაზრდულმა ჯგუფმა მიიღო ივანიშვილის მხარდაჭერა, რაც აისახა იმ პროცესსზე, რაც მოხდა პარლამენტში გუშინ და რაც ხდება დღეს. მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ამ ახალგაზრდა გუნდის თეთრ ცხენაზე ამხედრება, ეს არავინ იცის, გარდა ივიანიშვილისა.
ნახეთ რა მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ალასანია, დიმიტრი ქუმსიშვილი და ა.შ. ამ ხალხმა ორი წელიც ვერ შეძლო სამთავრობო სავარძლის შენარჩუნება. ამიტომ, ეს ყველაფერი არის მიმდინარე პროცესი. სადღაც, ალბათ, შემოდგომაზე უნდა გამოიკვეთოს კონტურები, რა და როგორ. სააკაშვილს უნდოდა მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა და ეს ვიცოდით, მაგრამ რა უნდა ივანიშვილს, უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, თუ არ უნდა, ეს არავინ იცის.
ამ პროცესში საინტერესოა „თბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული პროცესები, როგორ ფიქრობთ მამუკა ხაზარაძე შეძლებს ოპოზიციური ველის შევსებას და რა შემთხვევაში შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას?
– ჩვენ ამ მხრივაც გარკვეული ტრადიცია გვაქვს. ბიზნესემენები, რომლებიც უპირისპირდებიან ხელისუფლებას, ამ დაპირისპირებას ამთავრებენ იმით, რომ მიდიან პოლიტიკაში. ასე შეიქმნა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ასე მოხდა პოლიტიკაში ბადრი პატარკაციშვილი, თავად ივანიშვილიც. ამ მხრივაც გარკვეული ტრადიცია არის და აქ რაღაცა სიახლე, რომ ხაზარაძემ გადაწყვიტოს პოლიტიკაში წასვლა, არ იქნება. ერთი, იმიტომ, რომ დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან და პირადად ივანიშვილთან.
მეორე – თუ ივანიშვილს უნდა შეიქმნას ოპოზიციური ძალა, ის მასთან უნდა იყოს დაპირისპირებული, სხვანაირად ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ შეიქმნება. მესამე – ხაზარაძე იძულებული გახდა დაეთმო „თბისი ბანკი“, მაგრამ მარტო ეს არის. აქ არის ანაკლიის პორტის საკითხი. ვიცით, რომ ანაკლიის პორტის წინააღმდეგია რუსეთი და ის, ვინც თვლის, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ეს არის საშვილიშვილო საქმე, ბუნებრივია, რომ არის ანტირუსი.
ანუ, ხაზარაძე, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას უპირისპირდება, რუსეთსაც უპირისპირდება ამ პროექტით?
– რასაკვირველია და აქ საინტერესოა ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ უამრავი კრედიტი სწორედ დასავლეთში იშოვა. მას სწორედ დასავლელი ბიზენს წრეები, თუ პოლიტიკური წრეები უჭერენ მხარს. ანუ, დასავლური ღირებულებების მატარებელია. ამასთანავე, ქვეყნის შიგნით, მას მხარს უჭერს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. თუკი იძულებული გახდება დატოვოს ანაკლიის პორტი, მივიღებთ ლიდერს, რომელსაც აქვს ფინანსები, რომელიც არის დასავლური ორიენტაციის ფიგურა და უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტექნიკაზე.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ ყველაფრის რეალიზებას ისე, რომ შეძლოს გუნდის ფორმირება, მას სჭირდება პოლიტიკური გამოცდილება და სჭირდება გუნდი...
– საზოგადოებაში მოთხოვნა არის მესამე ძალაზე. ეს ფაქტორები რეალურად არის, მაგრამ პატარკაციშვილმა ეს ვერ მოახერხა, ფინანსები მას არ უჭირდა, დასავლეთში გავლენები ჰქონდა, რუსეთთან დაპირისპირებული ისიც იყო, ეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო, დაუშვა შეცდომები. როცა ამ დონეზე იწყებ მოქმედებას, ეს ძალიან სახიფათოა, რა და როგორ იქნება, ეს მომავლის საკითხია. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პოტენცია არის.
მაგრამ შეძლებს ამ ყველაფრის დალაგებას? ძალიან რთული რამ არის. პატარკაციშვილს ცოტა მეტი რომ ეფიქრა, ან ისეთი ხალხი ყოლოდა, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ ანალიზს გაუკეთებდა, მას შეეძლო ივანიშვილზე ადრე შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ იჩქარა და ასევე, არასწორი გათვლები გააკეთა.
არ ვიცი რას იზამს ხაზარაძე. ამბობს, რომ 500 დოლარით დავიწყე ბიზნესიო და მილიარდერი გახდა. თუ ანალოგიური შესაძლებლობა და ნიჭი აქვს პოლიტიკის კეთების კუთხით, გააკეთებს. თუ პოლიტიკაშიც შეარჩევს ჩრდილოვან გუნდს, რომელიც არ გამოდის და არ ყაყანებს, მაგრამ აანალიზებს, მაშინ რაღაცა საშუალებები არის. თუ ხაზარაძეს ანაკლიის პორტიდანაც აიძულებენ წასვლას, უბრალოდ სხვა გზა, გარდა პოლიტიკისა არ დარჩება.