ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა სისხლში კლინიკა „ნეოლაბში“ გამოკვლეული პაციენტების (უმრავლესობა ბავშვების) 75%-ს დაუდგინდა. ნეოლაბის დირექტორის, გია კამკამიძეს თქმით შედეგი შემაშფოთებელია და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში და ორსულებში, რადგან ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, ნაყოფის მკვდრად შობაც გამოიწვიოს.
აღნიშნულ პრობლემაზე წლებია აქტიურად მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდიც, თუმცა, For.ge-სთან საუბრისას, იუნისეფის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ განაცხადა, რომ ვერანაირ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემს და ვერაფერს მოითხოვენ სახელმწიფოსგან მანამ, სანამ თავიანთი კვლევის შედეგები არ იქნება ცნობილი. იუნისეფის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1500-2000, 2-დან 10 წლამდე, ბავშვის გამოკვლევა იგეგმება და ანალიზები გამოსაკვლევად საზღვარგარეთ გაიგზავნება. ქურციკიძის თქმით, კვლევის შედეგებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა ველოდოთ.
მანამ იუნისეფი იკვლევს For.ge საქართველოში არსებული კლინიკის ანალიზის შედეგებს გთავაზობთ.
For.ge „ნეოლაბის“ დირექტორს, გია კამკამიძეს ესაუბრა.
გია კამკამიძე: სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად პაციენტების ანალიზები საზღვარგარეთ, ლაბორატორიაში იგზავნებოდა, რაც მეტ დროსა და ხარჯთან იყო დაკავშირებული, ამიტომ პაციენტების ხშირი მოთხოვნით უკვე სამი თვეა კლინიკა „ნეოლაბში“ სისხლში ტყვიის დასადგენი აპარატი არსებობს და 300-მდე პაციენტი უკვე გამოკვლეულია. მათგან 75%-ს სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა აქვს, რაც საკმაოდ დიდია. მაგალითად, ჩვენგან განსხვავებით, აშშ-ში 3%- დან 5%- დეა ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, დანარჩენ შემთხვევაში სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაშია.
ბატონო გია, 75% ნიშნავს იმას, რომ საშიში ზღვარია და პაციენტმა მკურნალობა უნდა დაიწყოს? და თუ კი, -როგორ?
- ამ შემთხვევაში, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის კონტროლი, რომ ბავშვი, თუნდაც ზრდასრული იღებდეს შესაბამის რაოდენობის მიკროელემენტებს.
მაგალითად?
- პირველ რიგში ეს არის რკინა, რაც საქართველოში პრობლემაა. რკინა არის ტყვიის ანტაგონისტი, ანუ მისი საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ხელს უშლის ტყვიის ჩალაგებას ქსოვილებში.
ვაკონტროლებთ, რომ ანემია აღმოიფხვრას, ანუ მოწესრიგდეს რკინის ნაკლებობით გამოწვეული მდგომარეობა. ტყვიის საპირისპიროა კალციუმი, თუთია და სელენიუმი, რასაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს. ორგანიზმიდან ტყვიის გამოსაძევებლად აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს გარემო პირობები, ანუ არ უნდა ვასეირნოთ ბავშვი იქ, სადაც ძალიან მაღალია გამონაბოლქვი.
თუ ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა, ასევე ხდება გამოკითხვა, როგორ სახლში ცხოვრობს პაციენტი. მაგალითად, საშიშია ძველი საღებავებით შეღებილი სახლი, რადგან საღებავების უმრავლესობა ტყვიას შეიცავს. მაგალითად აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში ძალიან მკაცრად კონტროლდება, რომ საღებავი არ შეიცავდეს ტყვიას. ჩვენთან ჯერჯერობით ამის მკაცრი მოთხოვნა არ არის და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, როგორი საღებავით შეღებავს სახლს. ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდაცია იყო, რომ ჩამოფხეკილიყო ყველა ძველი საღებავით შეღებილი კედლები და შეღებილიყო ახალი სტანდარტის ამერიკული ან ევროპული საღებავებით. თუმცა საქართველოში ასეთი მიდგომა არ არსებობს.
პრობლემაა საწვავში ტყვიის შემცველობაც. ახალი სტანდარტით არ უნდა შეიცავდეს საწვავი ტყვიას და მართალია, წამყვანი კომპანიები ამას აკონტროლებენ, მაგრამ საქართველოში შემოდის ისეთი საწვავიც, რომელიც ტყვიას შეიცავს. მოკლედ, ტყვიის შემცველობის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ხდება ჰაერით, ჩასუნთქვით და საკვებით.
განსაკუთრებით საშიშია, როდესაც უკვე მოწამვლის ფაქტი ფიქსირდება. ამ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ხელატური მედიკამენტები და ეს ხდება სტაციონარის პირობებში და ხდება ინტენსიური მკურნალობა, თუმცა საბედნიეროდ ასეთი მაღალი დოზები ძალიან იშვიათია.
როგორც ცნობილია, ყველა დაავადების 1% ტყვიით გამოწვეულ დაზიანებებზე მოდის...
- დიახ და განვითარებულ ქვეყნებში მას უკვე ათწლეულებია ყურადღება ექცევა, ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ეს არის ის, რასაც „გარემოს მედიცინას“ ეძახიან. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რასაც ვდგამთ ახლა საქართველოში. პირველ რიგში, უნდა ვნახოთ ეს რა პრობლემაა და ვიზრუნოთ, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია.
როგორც უკვე თქვით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში და ორსულებში. ტყვიის ზემოქმედებით, რა მავნე გავლენას შეიძლება ველოდოთ მათ შემთხვევაში?
- ბავშვებში გახშირდა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აქვს უკვე და ამის პროცენტული წილი წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ტყვია. ამ დაავადების სინდრომის პრევენციისთვის უნდა მოხდეს ტყვიის დონის კონცენტრაციის განსაზღვრა და მერე უკვე რეგულირება.
ორსულებში ტყვიის ზემოქმედებას მივყავართ ნაყოფის მძიმე დაზიანებებთან, ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფის მკვდრად შობადობასთან. შეიძლება აბორტი გამოიწვიოს, ან ნაყოფის დაზიანება და შემდეგ უკვე დაზიანება ბავშვის ნერვული სისტემის, ამიტომ ამ ორ კონტიგენტზე განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი.