საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ე.წ. მეამბოხეთა გუნდმა ირაკლი კობახიძის მისამართით „ქათინაურები“ არ დაიშურა და აღნიშნა, რომ კობახიძე პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე არ არის, რადგან მოსამართლეთა კლანს ლობირებს, მის დროს „შპარგალკები“ მოდის პარლამენტში და ფეხებს უბაკუნებენ პარლამენტს მოსამართლეებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემაც კანონპროექტის ავტორები „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა. „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ, თუკი მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას გუნდის მიერ მომზადებულ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარს დაუჭერენ, ეს კონსტიტუციაში ქირურგიული ჩარევა გამოვა და ასჯერ უარეს შედეგს მოიტანს. ამიტომ უმჯობესია, ბესელიას და მის თანამოაზრეთ შეელიონ.
რა პროცესები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
ეკა ბესელიასა და დანარჩენი 8 ადამიანისთვის გამოტანილი განაჩენის მიხედვით, „ქართული ოცნება“ მეამბოხეებისგან თავისუფლდება?
- სიტყვა „განაჩენი“ ხმამაღალი ნათქვამია. პრინციპული შეხედულებები როცა განსხვავდება და შეუთავსებელი ხდება, ბუნებრივია, თითოეულმა მხარემ თავისი გზა უნდა მონახოს. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, არაგულწრფელი მგონია პოზიცია იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც 2013 წელს სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს დაუჭირეს მხარი, სადაც წერია, რომ უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები. ამ დეპუტატებმა ხომ იცოდნენ და დიდი გამოცანა არ იყო, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი.
ფიქრობთ, რომ ამ დეპუტატებმა მოსამართლეების უვადოდ გამწესების თემით კარგად ივაჭრეს, რათა ხალხის თვალში უკეთესად წარმოჩენილიყვნენ?
- დღეს პარტიაში ისეთი ვითარებაა, რომ თითოეული ეს ჯგუფი ეძებს თავის ადგილს. მოსამართლეთა თემა არის საბაბი, მიზეზი არის გავლენების მოპოვება. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, სხვადასხვა ჯგუფებს შორის გავლენის მოსაპოვებლად დაპირისპირება გამძაფრდება. მით უმეტეს, არჩევნებთან დაკავშირებით სია იქნება დასაკომპლექტებელი და გადაწყვეტილება მისაღები. ამჟამად „ქართული ოცნების“ პარტია შეიძლება უფრო მეტად ჰგავს პარტიას, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ჯერჯერობით ის მაინც კლიენტელაა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო პოლიტიკური სარგებლის მისაღებად შემოკრებილ ადამიანთა ჯგუფი. მთავარი ურთიერთობები აქ ლაგდება ბიძინას მეშვეობით.
თუკი მოსამართლეთა საკითხს „ქართული ოცნების“ პარტიაში თითოეული ჯგუფის ადგილის კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ აშკარაა, რომ არათანმიმდევრულია ბესელიასა და მისი ჯგუფის პოზიცია. თქვე დალოცვილებო, თუ 2013-ში ამ კანონს უჭერდით მხარს, დღეს რა შეიცვალა? უბრალოდ, თვალსაჩინო გახდა, რომ მურუსიძე დაინიშნა უვადო მოსამართლედ? რა, არ იცოდით, რომ მოსამართლეთა დაახლოებით ეს კანდიდატურები იქნებოდა წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ? სწორედ ბესელიამ და სხვებმა არ მისცეს ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გზით დაკომპლექტებას, როგორც ახლაა? ან ამ სასამართლოს რეფორმის ერთ-ერთ ავტორობას ეკა ბესელია რომ იჩემებს, არ უნდა ეს სპეკულაციები, თითქოს ელდა მოუვიდა, როცა თურმე ეს სია ნახა. რა იყო ამაში მოულოდნელი, რომ დაახლოებით ასეთი სია იქნებოდა?! ახლა მოითხოვენ, ეს ნორმა შეჩერდეს, მაგრამ ამას დასჭირდება კონსტიტუციის თავიდან გადახედვა, საკონსტიტუციო პროცესის ინიცირება ასე იოლი არ არის.
ვენეციის კომისია მზადაა, ჩაერთოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის საჭირო კრიტერიუმთა შემუშავებაში, მაგრამ ისედაც ცნობილია, რომ ვენეციის კომისია მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, რადგან, მათი აზრით, ეს უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვას. ვენეციის კომისია რამეს შეცვლის?
- არაფერს არ შეცვლის. ვენეციის კომისია არის კიდევ ერთი არგუმენტი ბესელიას წინააღმდეგ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების ცვლა გარკვეულ მოსაზრებათა გამო კომიკურია. ახლა ბესელია თამაშობს იმაზე, რომ მოსამართლეთა ეს კორპუსი რეპუტაციაშელახული და უკიდურესად არაპოპულარულია. ეს გასაგებია, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ბესელიას ამით უნდა პოლიტიკური ქულების დაწერა. არა მგონია, ეს პატიოსანი თამაში იყოს.
მაგრამ ბესელიას გარდა, მეამბოხეთა გუნდში შედარებით უმწიკვლო სახეებიც არიან - ლევან გიგიჩაიშვილი და სხვები, რომელთა შესახებ უმრავლესობაში მყარი პოზიციაა, რომ მათ პატიოსნებაში ძნელია, ეჭვი შეიტანო. თქვენს ლოგიკას თუ მივყვებით, ბესელია ამ ადამიანებს იყენებს?
- არ ვიცი, მაგრამ მაშინ უნდა შემოგვთავაზონ საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი ინდივიდიალური არ არის, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხი - უნდა იყოს თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი. თუკი ყოველ ჯერზე სასამართლო დამოკიდებული უნდა იყოს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, ყოველთვის პარლამენტმა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა, თავიდან დაიწყოს მოსამართლეთა დაკომპლექტება, ჩვენ სისტემას ვერასდროს ვერ შევქმნით.
აქ მთავარია, რა ვუყოთ იმ მოსამართლეებს, ვისაც მძიმე რეპუტაცია აქვთ? მათ „დამსახურებული“ პენსიისთვისაც ვერ ვიმეტებთ?
- ამის გამოსწორება რომ შეუძლებელია, ეს ირაკლი კობახიძემაც მშვენივრად იცის. მანვე მაგალითად მოიყვანა, რომ ფაშისტურ გერმანიაში გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. მართალია, სააკაშვილის რეჟიმი საშინელება და უაღრესად ცუდი იყო, მაგრამ ჰიტლერამდე სააკაშვილი ვერ მივიდა, ისეთი მასშტაბი არ ჰქონდა. თუმცა ჰიტლერის დამარცხების შემდეგ სასამართლოს ხელი არ ახლეხს. ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მოსამართლეებს, რომლებსაც ჰიტლერის დროს მესამე რაიხის სახელით განაჩენი გამოჰქონდათ, ხელი არ ახლეს.
ნიურნბერგის პროცესზე მთავარი დამნაშავეები დასაჯეს, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა, ალბათ, ყველა სასჯელზე უფრო მძიმე სასჯელია. ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ჰიტლერის მოსამართლეები ხომ არ დაუწინაურებიათ?
- ისინი თავიანთ ადგილებზე დატოვეს. დამნაშავე მოსამართლეები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი და ეს დაუდასტურდათ, რასაკვირველია, არ დატოვეს. სხვათა შორის, 1949 წელს მიიღეს გერმანელებმა ახალი კონსტიტუცია და იქ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი. ანუ სასამართლოს არსი გაიაზრა მთელმა გერმანელმა ხალხმა, ისინი განიწმინდნენ საშინელი იდეოლოგიისგან. თუ ვინმეს სურს, დაამტკიცოს, რომ საქართველოშიც ამ მოსამართლეებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამას თავისი პროცედურა სჭირდება. რასაკვირველია, მოსამართლის წინააღმდეგაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, თუკი მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ცალკეულ მოსამართლეებს სწორედ მორალური დანაშაული აქვთ ჩადენილი. მოსამართლე უნდა იყოს წონიანი და მისი ყველა გადაწყვეტილება პატივისცემას უნდა იმსახურებდეს, ჩვენი მოსამართლეები კი იმდენად ემორჩილებოდნენ იმ პოლიტიკურ გავლენებს, რაც სააკაშვილის რეჟიმისგან მოდიოდა, რომ მათ ნდობა აღარ აქვთ. მორალური დანაშაულის გამო ადამიანებს ციხეში არ სვამენ.
შეიძლება გავუშვათ ეს ადამიანები სისტემიდან, მაგრამ ეს იქნება სასამართლოს საქმეებში ჩარევა. ვიღაც ხომ უნდა მოიყვანო? 300-მდე მოსამართლეა და ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია სააკაშვილის რეჟიმთან. ეს რთული საკითხია და ზედაპირული სპეკულაციების დონეზე მისი განსჯა შეცდომაა. ჩემი აზრით, ბესელიას მიზანია მყარი პოლიტიკური პოზიცია პარტიაში.
თქვემ ამბობთ, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა ბიძინას კარზე, მაგრამ აშკარაა, ირაკლი კობახიძე დაწინაურებულია სამეფო კართან. როგორ ახერხებს ამას?
- ახერხებს იმიტომ, რომ ის რაციონალურია და ცდილობს, „ქართული ოცნების“ პარტია კლიენტელადან გადააქციოს პოზიციების, პოლიტიკური პროგრამების, პლატფორმების, კანონპროექტების გარშემო შეკრებილ ადამიანთა ერთობად, ინსტიტუციურად გარდაქმნას იგი.
ის, რაც ზოგისთვის რაციონალურია, ხალხის თვალში საკმაოდ არაპოპულარულია. არაოპულარულია ჩინჩლაძის და სხვების ადვოკატობა მისი მხრიდან.
- კი ბატონო, არაპოპულარულია, ირაკლი რისკავს თავისი პოპულარობით და სწორსაც აკეთებს. ზოგჯერ გამოსდის რაციონალურობა, ზოგჯერ არა. ამიტომაც არ მოსწონთ ირაკლი, რომ იმ ტიპის ლიდერია, რომელიც საქმის ინტერესებიდან გამოდის. რითი სჯობს ირაკლი კობახიძე უსუფაშვილს? უსუფაშვილი იყო პოპულარული, მაგრამ არაფრის მაქნისი. იმის გამო, რომ ის არაფრის გამკეთებელი იყო, 2013 წელს სწორედ მის დროს მივიღეთ ეს სადავო გადაწყვეტილება სასამართლოებთან დაკავშირებით. ე.ი. მაშინ ჯერ კიდევ კარგად არ იყო გააზრებული, რა შედეგს მოიტანდა ამ ნორმის ჩაწერა, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნულიყვნენ. ამაში ბესელია მართალია, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი დაგვიანებულია, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამ გადაწყვეტილებას ბესელიამ ხმა მისცა, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
არ შეიძლება, კონიუნქტურული მოსაზრებებით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასე იოლად ცვალო, ამას სჭირდება ძალიან მძიმე სამართლებრივი პროცედურა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება იმას, რასაც ახლა ბესელია ითხოვს.