„ჩვენ რომ თურქეთში გავხსნათ ქართული სკოლა და ჩვენი განათლების სამინისტროს პროგრამით დავიწყოთ იქ სწავლება, ვინ მოგვცემს ამის საშუალებას?“ - აინტერესებს ირმა ინაშვილს და პასუხს მოითხოვს კითხვებზე, რატომ იხსნება აჭარის რეგიონში მასობრივად პანსიონები და მედრესეები, სადაც არავინ იცის, რას ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, ვინაიდან ეს დაწესებულებები ჩვენს განათლების სამინისტროს არ ექვედებარებიან? რას აკეთებენ უშიშროების კუთხით ჩვენი სტრუქტურები, რომელთაც ამის კონტროლი ევალებათ?
გარდა ამისა, ირმა ინაშვილი მოითხოვს შეიქმნას კომისია, რომელიც აჭარის რეგიონში განათლების კუთხით არსებულ ვითარებას შეისწავლის. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ამბობს, რომ თემა ტაბუდადებულია, მაგრამ აჭარაში უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე გახსნილი სასწავლებლები, რელიგიური პანსიონები, მედრესეები უცხო ქვეყნის მიერ ფინანსდება.
აჭარის მკვიდრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ აჭარის თურქეთიზაციის პროცესი დაიწყო სააკაშვილმა, როდესაც კარი გაუხსნა თურქეთს და ინვესტიციების შემოსვლის მოტივით ყველაფერზე თვალი დახუჭა. მანვე თურქებს ერთ ლარად გადასცა საუკეთესო, ფასდაუდებელი მიწები და დღეს აჭარაში ყველაზე საუკეთესო მიწების მფლობელები არიან თურქეთის მოქალაქეები, ასევე, ყველაზე საუკეთესო სანაპირო ადგილები მათ ხელშია. ფაქტობრივად, აჭარაში ყველაფერი თურქების ხელშია, ანუ მოხდა ამ რეგიონის მშვიდობიანი, ხავერდოვანი გადაცემა თურქეთისთვის. ის, რაც წლების განმავლობაში თურქეთმა ვერ შეძლო, ეს განახორციელა თანამედროვე პერიოდში სააკაშვილის საშუალებით.
დღესდღეობით აჭარელთა დიდი ნაწილი საქმიანობს თურქეთში და, რაც უფრო იციან თურქული, მათ მეტი პერსპექტივა აქვთ არა მარტო თურქეთში, არამედ აჭარაშიც. ცხადია, ეს უბედურებაა, მაგრამ რეალობაა, რომ, თუ თურქული არ იცი, აჭარაში თურქი მეპატრონის მიერ გახსნილ სასტუმროში, რესტორანში, ან კაფეში ვერ დაიწყებ მუშაობას. ადრე თუ რუსული ენა იცოდი, ყველა კარი გახსნილი იყო, ახლა კი თურქული თუ იცი, ყველგან გაქვს კარი ღია და თავისუფლად შეიძლება დასაქმდე. იგივე ითქმის თურქეთიდან დაფინანსებულ სასწავლებლებზეც.
„რამდენდაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც ჩარჩოში მოაქცევს ამ ტიპის სასწავლებლებს, ან აუკრძალავს, ან ნებას მისცემს თურქებს, გახსნან მედრესეები, პანსიონები. არაერთხელ წამოიჭრა ეს საკითხი, მაგრამ პანსიონების მფლობელები აცხადებენ, ჩვენთან პრეტენზია რატომ გაქვთ, კანონი არ გვიკრძალავს ამგვარი დაწესებულებების გახსნას?! ამიტომ, პირველ რიგში, კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს. წლებია, ვიძახი, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება, რათა უცხო ქვეყნის სახელმწიფოს სხვადასხვა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე თავიანთი ინტერესები არ გაატარონ. პანსიონები მაღალმთიან აჭარაშიცაა გახსნილი, ბათუმშიც და ქობულეთშიც. ჩვენი მეზობლები ცდილობენ, პანსიონები მასობრივად გახსნან და ქართველ ახალგაზრდებს საშუალო განათლების შემდეგ მისცენ უკვე უმაღლესი განათლება, რისთვისაც ჩვენს მოქალაქეებს თურქეთში ეპატიჟებიან“, - აცხადებს თამაზ ბაკურაძე და ბუნებრივად უჩნდება კითხვა, რატომ არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა დაინტერესებული ჩვენი მომავალი თაობის სწავლა-განათლებით? ნუთუ თურქეთის ხელისუფლება უფრო მეტად ზრუნავს და ფიქრობს ჩვენს მომავალ თაობაზე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება?
თამაზ ბაკურაძის აზრით, მსგავს პანსიონებს ხსნიან რელიგიურ თემასთან დაახლოებული ადამიანები. განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოყოლებული, მომრავლდა პანსიონები და რელიგიური დაწესებულებები, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ აჭარის რეგიონის მიმართ.
უფლებადამცველის განმარტებით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ადამიანის რელიგიურ გრძნობებში. კერძოდ, თამაზ ბაკურაძის მშობლები და ბებია-ბაბუა მუსლიმანები იყვნენ, არავისთვის უცხო არ არის, რომ აჭარაში ერთობლივად ცხოვრობენ მუსულმანები და ქრისტიანები, მაგრამ საფრთხეს ქმნის ის ფაქტი, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ერევიან ჩვენს საქმეებში და ეთამაშებიან ჩვენს რელიგიურ გრძნობებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთი ასეთ სასწავლებლებს არა მარტო საქართველოში, არამედ ყირგიზეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ხსნის.
„მე გახლდით ყირგიზეთში, სადაც ერთ-ერთი პრესტიჟული კერძო სკოლა იყო თურქული სკოლა. იქაური თანამდებობის პირები არ მალავდნენ, რომ ეს სკოლები თურქული რბილი ძალის ელემენტი იყო. ასე რომ, არა მარტო ჩვენთან, არამედ თურქეთი შუა აზიაშიც ცდილობს ასეთი პანსიონების გახსნას. ამიტომ ეს საკითხი ყურადღება მისაქცევია. უფრო მეტიც, ზოგადი განათლების შესახებ კანონით, ყველა კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა) აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენს განათლების სამინისტროსთან და სამინისტრომ უნდა იცოდეს, რას ასწავლიან სკოლებში, ან პანსიონებში მოსწავლეებს. თუკი სახელმწიფომ ეს არ იცის, უკვე დანაშაულია. ასევე, თუკი გადახვევა ხდება ზოგადი ეროვნული სასწავლო გეგმისგან, ესეც, წესით, შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი და დემირელის კოლეჯის დახურვის ფაქტს იხსენებს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სახელმწიფომ თურმე არ იცოდა, რომ ამ კოლეჯში რაღაც განსხვავებულს ასწავლიდნენ.
მუხრან გულიაშვილის აზრით, აჭარის რეგიონში თურქული პანსიონებისა და მედრესეების გახსნის საკითხი ჩვენმა უშიშროების სამსახურმაც უნდა გააკონტროლოს. მით უმეტეს, რომ საქართველოს არავინ მისცემს იმის უფლებას, სხვა ქვეყანაში გახსნას ასეთი სასწავლებლები.