ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი მე პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე გათვლილი მოქმედებაა, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილებას.
„მიუხედავად იმისა, როგორ განცხადებებს ვისმენთ 2 დღის განმავლობაში უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, მე ძალიან მეუხერხულება ადამიანებთან იგივე ენით საუბარი. მე ამისგან თავს შევიკავებ და წარმატებას ვუსურვებ მათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალობა არის ასეთი: უმრავლესობამ ხმა არ მისცა
ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას. ამ შემთხვევაში პერსონები არაფერ შუაში არ არიან. არაპრაქტიკული კანონი იყო და იგი სასამართლო სისტემაში დატოვებდა მხოლოდ 175 მოსამართლეს. თუ მათ დატოვების გადაწყვეტილება ამის გამო მიიღეს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ სწორად, ისე, როგორც მოხდა. ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი მე პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე გათვლილი მოქმედებაა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.