„იძულებასაც ჰგავს და გარიგებასაც. არამგონია, რომ ხაზარაძეს, მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში, მანკიერები მხარეები არ ჰქონდა, რომელსაც რომელიმე ხელისუფლება ვერ გამოიყენებდა; ჩანს ეს დღევანდელ ხელისუფლებას დასჭირდა - ამოატივტივა რაღაც თემები, თუმცა არც იმის მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მოტივაცია სამართლის დაცვაა. უბრალოდ კარგად „ამთხვევს" ადამიანების წარსულში ისეთ ეპიზოდებს, რომელსაც დღეს ამ ადამიანების წინააღმდეგ და თავის ინტერესებისთვის გამოიყენებს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თიბისის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
მიიჩნევს, რომ ხაზარაძის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლა ხელისუფლების გარკვეული ჯგუფებისა თუ პირების ინტერესს წარმოადგენს; რაც შეეხება თავად ხაზარაძის წინააღმდეგ გამოყენებულ ბრალდებებს, მისი თქმით, ხაზარაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი არ გახლდათ უნაკლო, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
„დღეს „ქართული ოცნების" გავლენიანი პირების ჯგუფები, გარკვეული წარმატების თუ ძალაუფლების მქონე პირების სისუსტეებს თავიანთ პრაქტიკაში კარგად იყენებენ. მოტივი არის რაღაც, რაც ხაზარაძეს ხელისუფლებისთვის სასურველ პირს არ ხდის და ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ის, რაც ხაზარაძისათვის ნათელი ფურცელი არ არის.
„რაც შეეხება პარტნიორების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, იქ „ქართული ოცნების" კვალს ასე მარტივად ვერ დავინახავთ. როდესაც სასამართლო პროცესს ლონდონში მამუკა ხაზარაძის პარტნიორი წყვეტს და მასთან კონსულტაციის შემდეგ ხაზარაძე ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს აჩვენებს იმას, რომ ხაზარაძე ისე უმწიკლო არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ისეთ პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ადამიანი შესაძლოა გარკვეულ ეპიზოდებში დამნაშავეც იყოს, მაგრამ დანაშაულის დევნაში ის, საერთო ჯამში, მართალი აღმოჩნდეს," - აღნიშნავს გამზარდია.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" დღეს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას „შერჩევითი სამართლით" ცდილობს:
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური ნეგატივი შერჩევითი სამართალია. თუ ხაზარაძე ჰარმონიაში იქნებოდა „ქართული ოცნების" ძალაუფლების ჯგუფებთან, მაშინ ეს პრობლემა, რაც შესაძლოა მის წინააღმდეგ გამოყენებულიყო, გარკვეული პერიოდი კიდევ გადაიწევდა.
„ქართული ოცნება" მხოლოდ ისეთ პირებს არჩევს, შერჩევითი მიდგომების წყალობით, რომლის წარსულში ხელისუფლების გავლენის ჯგუფებისთვის სასურველი ჩავარდნები არსებობს და ეს წარმატებულად გამოიყენოს. საერთო ჯამში, ეს არის დევნა, მაგრამ არა უმიზეზოდ," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.