"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება არასწორი რომ იყო, ეს ცხადია და ამაში ბრალი ხაზარაძეს არ მიუძღვის. თუ რომელიმე ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომსახურების სერვის-ცენტრად გაიხდის, რატომ არ გააკეთებს ამას? მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაგრამ განვითარებული ქვეყნები ამის უფლებას ბიზნსემენს ნაკლებად აძლევენ" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მიდის ბანკიდან, მაგრამ მთელ თავის ძალისხმევას მოახმარს ანაკლიის პორტის პროექტს.
"აჟიოტაჟი იმის გამო, რომ ხაზარაძის საქმე დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას და თავად თიბისი ბანკს, უსაფუძვლოა და არც საქართველოს ეკონომიკას და არც ბანკს არაფერი ემუქრება. თიბისის ჰყავს თავისი მფლობელები, სერიოზული ხალხი, რომლებსაც გონიერება არ აკლიათ და ცხადია, რაც გასაწორებელია, აუცილებლად გაასწორებენ. არც მამუკა ხაზარაძეა ის ადამიანი, რომ დაუმსახურებალად დაისაჯოს. ნებისიმიერ ადამიანს, თუ აქვს საფუძველი იმისა, რომ მისთვის წაყენებული ბრალისგან თავი დაიცვას, უნდა დაიცვას. მოულოდნელი აქ არაფერია და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება.
მიუხედავად იმისა, ამ საქმიდან ბევრი დეტალი ჩვენთვის უცნობია, რაიმე ტრაგედიის მომტანი ვერ იქნება. ამიტომ, ძალიანაც ნუ ინერვიულებენ მავანნი თიბისი ბანკის მომავალზე, რადგან მას არაფერი ემუქრება. ისე, მთელ მსოფლიოში უამრავი პრეტენზიები აქვთ ბანკების მიმართ. სულ ახლახანს ფულის გათეთრებისთვის უზარმაზარი ბანკი სერიოზული თანხით დააჯარიმეს.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვის მოიცილებენ და ვის არა, ამას ხელშეკრულება არეგულირებს და მთავრობის გავლენა ხელშეკრულების მეორე მხარეზე მინიმალურია, თუმცა ჩვენ არც ამ ხელშეკრულების დეტალები ვიცით. ისე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება რომ არასწორი იყო, ეს თავისათვად ცხადია და ამაში ბრალი ბატონ ხაზარაძეს არ მიუძღვის. თუ რომელიმე ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომსახურების სერვის ცენტრად გაიხდის, ამას რატომ არ გააკეთებს. მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაგრამ ამის უფლებას განვითარებული ქვეყნები ბიზნესმენებს ნაკლებად აძლევენ" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.