პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ხელს არაფერი უშლის ეს სხდომა წაიყვანოს ახლა მიდის და სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძე-მურუსიძესა და მაგ გუნდთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა გედევან ფოფხაძემ განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სესიის ბოლო ნაწილის წაყვანაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად პარლამენტში მოსამართლეებთან შეხვედრა დაასახელა.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, რეგლამენტი ირღვევა იმით, რომ საგაზაფხულო სესიას პარლამენტის თავმჯდომარე არ უძღვება.
„რეგლამენტით ვიცე-სპიკერმა მაშინ უნდა განახორციელოს სპიკერის მოვალეობა, თუ მას რამე ხელს უშლის ამ მოვალეობის განხორციელებისგან. ადამიანურად, ძალიან არ მსიამოვნებს ის, რაც ახლა გავიგე, რომ რაღაც შეხვედრა არის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ჩემთვის ეს ელემენტარულად ცნობილი არ იყო. რაღაც ფორმით, ალბათ, უნდა გვცოდნოდა კოლეგებს, მაგრამ როგორც ჩანს, აქ არის დეპუტატების სანდო წრე, რომლებმაც ყველაფერი იციან, ხოლო ვინც ამ სანდო წრის ნაწილი არ არის, იმას კომიტეტებიდან უკვე ვრიცხავთ ხომ?! მე გამრიცხეთ იურიდიული კომიტეტიდან. ახლა არ ვიცი, რა სხდომები ტარდება ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, მაშინ თქვენ არღვევთ რეგლამენტს იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ხელს არაფერი უშლის ეს სხდომა წიაყვანოს, ახლა მიდის და სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძე, მურუსიძე და მაგ გუნდთან", - განაცხადა ფოფხაძემ.
ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება. აღნიშნული შეხვედრა იმ კრიტერიუმებისა და წესების განხილვას ეხება, რომლის თანახმად უზენაეს სასამართლოში მოსამართთლეები უვადოდ უნდა გამწესდნენ.