ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ანაკლიის და „თიბისი ბანკის“ თემა ერთმანეთს გადაეჯაჭვა. ჩაიშლება თუ არა ანაკლიის პროექტი? მავანნი ცდილობენ, ეს თემები გააიგივონ და ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ინტერესები დაინახონ. რომან გოცირიძის თქმით, „ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი მას დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში“. უფრო ადრე კი ფადი ასლიმ „თიბისის“ ხელმძღვანელის დევნა ანაკლიის პორტთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაუკავშირა.
მართლაც ემუქრება თუ არა ანაკლიის პროექტს საფრთხე და ჩაიხრჩობა თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში ეს პროექტი? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
დემურ გიორხელიძე: ჯერ ერთი, ფადი ასლის არავინ კითხავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მეორეც, წინა პრემიერის გადაწყვეტილების მიღების დროს ანაკლიის პორტის მიმართ უკვე დაშვებულ იყო მთავრობის სერიოზული შეცდომა, რადგან გაცილებით ძლიერი ცნობილი პროექტი არსებობდა. მოგეხსენებათ, საუბარია ქართველი სპეციალისტის, სპარტაკ ერაგიას მიერ დამუშავებულ პროექტზე, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ გადაწყვეტილება არასწორად მიიღეს. ამის მიუხედავად, პორტის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, თუკი ის სწორად გადაწყდება, ეს მისასალმებელი იქნება. ანაკლიის პორტის მოდელი, რომელიც ამერიკულმა ფირმამ შემოგვთავაზა, არ არის იმ დონის. სხვათა შორის, ამერიკული ჯგუფიც ხშირად გადიოდა კონსულტაციას ბატონ სპარტაკთან.
როგორ ფიქრობთ, 2016 წელს ანაკლიის პორტის ბედი მხოლოდ კვირიკაშვილმა გადაწყვიტა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ?
- მე არ ვიცი. ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, ეს არასწორი იყო. თვითონ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იმდენად დიდია და იმდენად კარგი იდეაა, რომ არა მგონია, იგი ერთ კაცს დაუკავშირონ, ან „თიბისი“ რა შუაშია? თუკი ბატონი მამუკა ხაზარაძის მიმართ რაიმე პრეტენზიაა, არსებობს გამოძიება და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. არ არის მამუკა ხაზარაძე პატარა ბავშვი, რაიმე ცოდვა კისერზე ხელოვნურად ჩამოჰკიდონ. ამიტომ, ჩემი აზრით, პორტს არაფერი არ უნდა დაემუქროს. პორტის იდეა სტრატეგიულია, პორტს დიდი დატვირთვა და სარგებელი შეიძლება ჰქონდეს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რამდენიმე ქვეყნისთვის. ეს პროექტი ავტომატურად უკავშირდება ოთხი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინტერესს, თუ არ ჩავთვლით კიდევ ევროპაში შავი ზღვის შემდეგ ქვეყნების ინტერესებს. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ერთ კაცს ეს კარგი იდეა გადაჰყვეს.
საუბარია რუსულ ინტერესზეც, რომლის თანახმადაც, რუსეთს არ აწყობს ამ პროექტის განხორციელება, რადგან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ეკონომიკური სარგებლიანობის გარდა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია. თუკი ბიძინა ივანიშვილის ინტერესში იყო ანაკლია, თავიდანვე ვერ შეძლებდა ამ პროექტის დასაკუთრებას?
- ეს არგუმენტიც არადამაჯერებელია, რადგან 2016 წელს ანაკლიის პორტის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და მთავრობა ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ისე, რომ ბატონი ბიძინას პოზიცია უკუეგდოთ. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამაც სპარტაკ ერაგიას პროექტი ძალიან კარგად იცის და ცუდია, რომ ივანიშვილმა არ გამოხატა თავისი პოზიცია, რათა გადაწყვეტილების მიღების დროს სწორი პროექტი შერჩეულიყო. ამერიკელების პროექტი არ არის სწორი პროექტი. სინამდვილეში, ის იმ დიდი რესურსის დაკარგვაა, რომელიც დევს ანაკლიის პორტის იდეაში. თანაც, ანაკლია არ არის პორტი, ბატონ სპარტაკს გაკეთებული აქვს სატრანსპორტო კვანძის პროექტი. თორემ პორტის აშენება ძალიან მარტივია, ანაკლიაში პორტი არ იმუშავებს ძლიერად, ეს მთლიანად დიდი სატრანსპორტო კვანძი უნდა იყოს, თავისი 4-5 სახის ტრანსპორტით, მათ შორის, ახალი ტრანსპორტის დამატებით. არა მგონია, ანაკლიის პროექტი ბატონ მამუკა ხაზარაძესთან იყოს მიბმული, რადგან ბანკირი ვერ შეძლებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, მთავრობის ნება რომ არ ყოფილიყო.
თქვენ ამბობთ, რომ ბანკირი ვერ შეძლებდა გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში არაპროფილურ საქმიანობას ეწევიან ბანკები, მათ შორის, სამშენებლო სფეროშიც აქვთ ინტერესები. ეს ეროვნული ბანკის ბრალეულობაა?
- ეროვნული ბანკის უსუსურობა უკვე ორი ათეული წელია გრძელდება, ამიტომაც მივიღეთ ის სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია. ახლა წმინდა პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ, თუნდაც იმავე „თიბისის“ ხელმძღვანელობის შემთხვევაში, რა შეცდომასაც ვხედავ, ის არის, რომ არ შეიძლება მოინდომო, ქვეყანაში ყველაფერი შენი იყოს. ეს ეწინააღმდეგება განვითარებას, ეწინააღმდეგება გონიერ პირად ინტერესებს. შენი ყველაფერი ვერ იქნება, ეს მცდელობა ყოველთვის ყველა ქვეყანაში ცუდად მთავრდება.
ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარის მოზიდვა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებს უნდა გამოეყოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება შედგა, „თიბისისთან“ დაკავშირებულმა პროცესებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. იქნებ, ბიძინა ივანიშვილს ხელახლა სურს სპარტაკ ერაგიას პროექტის განხორციელება ანაკლიაში?
- ვერ გეტყვით, სურთ თუ არა დაუბრუნდნენ სპარტაკ ერაგიას პროექტს, მაგრამ მთავარია, ზოგადად ანაკლიის პროექტი განხორციელდეს. თუ ბატონი სპარტაკის პროექტი გაკეთდება, ამით საქართველოც, ჩინეთიც, აზერბაიჯანიც და ევროპის ქვეყნებიც გაცილებით მეტს მოიგებენ. მე არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება მოხერხდეს ტექნიკურად, არ ვიცნობ ხელშეკრულებებს, მაგრამ სპარტაკ ერაგიასეულ ანაკლიის პროექტს დასაწუნი არ აქვს. ამ პროექტს ძალიან კარგად ვიცნობ.
ამბობენ, მამუკა ხაზარაძე უკვე კედელთან დგას და ერთადერთი, პოლიტიკურ ველში შემოსვლაღა რჩება, რითაც ის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. გესახებათ თუ არა პოლიტიკოსად ყოფილი ბანკირი?
- პოლიტიკაში ყველას შეუძლია წავიდეს, აქ მთავარია, ვინ რა ტვირთით მიდის პოლიტიკაში. ამიტომაც ვერ ვხედავ წარმატებულ პოლიტიკოსებს, რადგან გარემოა მოწამლული ქართულ რეალობაში, რომელიც არ საჭიროებს პოლიტიკოსებს. ეს ჩვენი საზოგადოების ბრალიცაა. მათ უფრო ბელადებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, შესაბამისად, პოლიტიკოსთა სერიოზული ჯგუფი არ ჩამოყალიბდა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა მომავლის წინაშე. არ ვფიქრობ, ბატონი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა წარმატებული იქნება მისთვის, რადგან არსებობს გარკვეული ტვირთი ხალხის თვალში. საუკეთესო მაგალითი შვეიცარიელმა ბანკირებმა აჩვენეს. ისინი გნომებივით, თავისთვის იყვნენ მიმსხდარნი და საჯარო სფეროში არ ფიგურირებდნენ. ბანკი სპეციფიკური, ძალიან მძლავრი ორგანოა. ეს არ არის ბატონი მამუკას ბრალი, ან ნებისმიერი სხვა ბანკირის ბრალი. ეს 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებების ბრალია, როდესაც მათ შეძლეს ასეთი სიმახინჯის აგება. გასაგებია, ადამიანი არ არის სრულყოფილი კომპიუტერული სისტემა, იგი მეტი მოთხოვნის წინაშეა და ეს არის ადამიანური სისუსტის ყველაზე მძლავრი გამოვლინება, როცა რაც მეტი გაქვს, გინდა, უფრო მეტი გქონდეს. პოლიტიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი.
რატომ მაინცდამაინც მამუკა ხაზარაძე? რატომ გახდა იგი სამიზნე, თანაც ძველი ამბების გამო?
- ვერ გეტყვით, რა ხდება, არ ვიცნობ ამ საქმეს, არც ის ვიცი, რა ბრალდებებია. ვიმეორებ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბატონი მამუკა მიამიტია, ვისაც რამეს აჰკიდებ კისერზე. მას მატერიალური საშუალებებიც და გარკვეული წონაც აქვს იმისთვის, რომ სერიოზული ადვოკატები დაიქირავოს და ამ ფაქტს რეზონანსი მისცეს. ამიტომ არა მგონია, ხელოვნურად შესაძლებელი იყოს მამუკა ხაზარაძეს რაიმე ჩამოჰკიდო და ამან უმტკივნეულოდ ჩაიაროს ხელისუფლებისთვის.