ოთხნი ბათუმში

ოთხნი ბათუმში

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, ნოემბრის ბოლოს, ერთდროულად ოთხი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტების იური ცანავას (მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), მანუჩარ შერვაშიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), ნინო საკანდელიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), თამარ სულხანიშვილის (ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი) სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება.

ეს მსახიობები 30-40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ ბათუმის დრამატულ თეატრში და ამ სცენაზე თითოეულ მათგანს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მანუჩარ შერვაშიძე და იური ცანავა გადაღებულია არა ერთ კინოფილმში, ხოლო თამარ სულხანიშვილს და ნინო საკანდელიძეს მომზადებული აქვთ არა ერთი რადიო სპექტაკლი და არიან მხატვრული კითხვის ოსტატებიც. მათ მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები, აჭარის რადიოს ოქროს ფონდშია დაცული. სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები, საქართველოს დამსახურებული არტისტის და სახალხო არტისტის საპატიო წოდებები.

ვარსკვლავის გახსნამდე, ერთი დღით ადრე, 27 ნოემბერს, ბათუმის თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა “კალიფორნიული სუიტა“, რომლის რეჟისორიცაა იური ცანავა (მონაწილეობენ მსახიობები ცირა აბზიანიძე, ავთანდილ ქარჩავა და თეონა შამილაძე). ვარსკვლავის გახსნის დღეს, კი 17 საათზე გაიმართება სპექტაკლი “მეფე ლირი თავშესაფარში“, რომელშიც ბათუმის თეატრის ყველა თაობის მსახიობებთან ერთად ვარსკვლავებიც მონაწილეობენ. სწორედ სპექტაკლის დასრულების შემდეგ იგეგემება ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი.