როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

მსახიობები ერთმანეთს ხშირად „ეკაიფებიან“ ხოლმე და არც თუ იშვიათად პირდაპირ სცენაზე, მაყურებლით გაჭედილი დარბაზის თვალწინ, სპექტაკლის დროს. ცნობილი მსახიობი კარლო საკანდელიძე ასეთ კურიოზს იხსენებდა: „დიდი ხნის წინ რუსთაველის თეატრში ერთი სპექტაკლი გადიოდა, რომელშიც მე და რამაზ ჩხიკვაძე შიკრიკების როლს ვასრულებდით, ეროსი მანჯგალაძე კი – მეფის. ხშირად ხდება ხოლმე, როცა სპექტაკლში ისეთი ეპიზოდი გაქვს, რომ რაიმე უნდა წაიკითხო, იმ ტექსტს არ სწავლობ და პირდაპირ სპექტაკლის დროს კითხულობ. მოკლედ, ზემოხსენებული სპექტაკლი მიმდინარეობს. შიკრიკები  (მე და რამაზი) „მეფეს“ ვეახელით. რამაზმა გრძელი ფურცელი გააძრო, ეროსის მიაწოდა და უთხრა:

– აი, ინებეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს უსტარი და წაიკითხეთო...

როლის მიხედვით, მეფემ ხმამაღლა უნდა წაიკითხოს უსტარის ტექსტი. მაგრამ რამაზი ეროსის „წაეკაიფა“ და ცარიელი ფურცელი მიაწოდა. ეროსიმ კი, მართალია, ტექსტი ზეპირად არ იცოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ფურცელზე ის არ ეწერა და წამით შეყოვნდა, თუმცა არ დაიბნა, უსტარი რამაზს დაუბრუნა და უთხრა:

– აბა, მიდი, წაიკითხე და მამცნე, რა წერია ამ უსტარშიო.

არც რამაზი დაიბნა. ეროსის უკან დაუბრუნა უსტარი და დააყოლა:

– ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცი.

ის-ის იყო, „მეფეს“ უსტარი ჩემთვის უნდა შემოეჩეჩებინა, მაგრამ მე დავასწარი. „მეფის“ წინაშე მუხლებზე დავემხე და ვუთხარი:

– თქვენო ბრწყინვალებავ, წერა-კითხვა არც მე ვიცი-მეთქი.

ეროსიმ მრისხანე მზერა გვესროლა. შემდეგ კი თავისი დიდებული ხმით თქვა:

– ეს რა ბატიფეხური წერა სცოდინა ამ უსტარის ავტორს. წავალ, ჩემს ვეზირთუხუცესს ვანახებ, იქნებ გაარჩიოსო.

აი, ასე დაიძვრინა ეროსიმ თავი ამ უხერხული მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენ ისეთი რისხვა დაგვატეხა თავს, როგორიც მეფეს ეკადრებოდა.“

 ცნობილი მსახიობი აკაკი კვანტალიანი ასეთ ისტორიას იხსენებდა:

„სრულიად ახალგაზრდა მსახიობი ვიყავი და მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი. ერთ ზამთარს ჩემებმა სამტრედიიდან ღვეზელები გამომიგზავნეს. დედამ თეატრში ფოსტიდან დამირეკა და მითხრა:

– კაკუნა, მეექვსე ვაგონის გამცილებელს გამოვატანე, კლარა ჰქვია და მას მიაკითხეო.

„სამტრედია-თბილისი“ დილის 9 საათზე ჩამოდიოდა. სადგურზე გავვარდი დასახვედრად, მაგრამ იქ მითხრეს, მატარებელი ორი საათით იგვიანებსო.

წავედი და ორი საათის მერე მოვედი, მაგრამ გაირკვა, რომ მატარებელი კვლავ ორი საათით იგვიანებდა. კიდევ ოთხჯერ წავედ-წამოვედი და როგორც იქნა, თორმეტსაათიანი დაგვიანების შემდეგ, საღამოს 9 საათზე მატარებელმა თბილისში ჩამოაღწია... ნანატრი ღვეზელების მისაღებად მეექვსე ვაგონთან „მივფრინდი“, კლარა მოვძებნე და ჩემი ღვეზელები მოვითხოვე. კლარამ ცარიელი, უზარმაზარი ჩანთა გამომიწოდა და მითხრა:

– ბოდიში, ყმაწვილო, მაგრამ ღვეზელები ვერ ჩამოგიტანე. როგორც იცი, გზაში თორმეტი საათი შევყოვნდით. ამ თოვლსა და სიცივეში, ტყის პირას ვიყავით გაჩერებული. ამ ჩანთიდან კი ისეთი სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი ამოდიოდა, რომ ყველაფერი მშიერ მგზავრებს გავუნაწილე. იმათმა კი იმდენი გლოცეს, რომ მადლი არ მოგაკლდებაო.

რა უნდა მექნა, ვაგზლიდან სახლში ცარიელი ჩანთითა და მგზავრების მიერ დალოცვილი დავბრუნდი“.

შესანიშნავი რეჟისორი სიკო დოლიძე ყვებოდა: „რუსთაველის გამზირზე ცენტრალური ტელეგრაფის წინ ფილმის – „დღე უკანასკნელი, დღე პირველის“ გადაღება მიდიოდა. შესვენების დროს გადავწყვიტე, კავშირგაბმულობის მინისტრი, ჩვენი კარგი ნაცნობი და მეგობარი, მომენახულებინა, თან ფოსტალიონად გამოწყობილი სერგო ზაქარიაძე მახლდა. მდივანმა მინისტრის კაბინეტში შესვლის ნება დამრთო, სერგოს კი უარი უთხრა. მდივანს ავუხსენი, ეს ამხანაგი ჩემთან არის და ორივემ მინისტრი უნდა მოვინახულოთ-მეთქი. კაბინეტის კარი შევაღე, სერგოც შემომყვა და მინისტრს მივესალმე. მინისტრმა ღილაკს დააჭირა თითი

– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, – წყრომით მიმართა მდივანს, – რომ ფოსტის თანამშრომლებმა, ვისაც რაიმე საქმე აქვს, ჩემს მოადგილეს მიმართონ. მდივანი დაიბნა, სახე აელეწა, დაიწყო თავის მართლება. მინისტრი ახლა სერგოს მიუბრუნდა: ფოსტის რომელ განყოფილებაში მუშაობთ? – მეცხრეში, ბატონო, – სწრაფად უპასუხა სერგომ. – იქაურ თანამშრომლებს ყველას ვიცნობ, არ მახსოვხართ, რა გვარი ხართ? – სერგო ზაქარიაძე, ამხანაგო მინისტრო! – უპასუხა სერგომ“

ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას იხსენებდა: „მე და გურამ ფირცხალავა მოსკოვში ვიმყოფებოდით ჩვენს მეგობართან, ცნობილ მსახიობთან, გიორგი ტარატორკინთან. ის ეგრეთ წოდებულ ცნობილ სტალინურ „ვისოტკაში“ (მრავალსართულიანი სახლი) ცხოვრობდა. მასპინძელი გვიან ბრუნდებოდა ხოლმე სახლში. ჩვენ კი მეორე გასაღებიც გვქონდა, რომ თავისუფლად გვემოძრავა. ერთ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდით, ვხედავთ, მეზობლის კართან ახალგაზრდა ქალ-ვაჟის წყვილი დგას და ცდილობენ, შეამტვრიონ. ჩვენ რომ დაგვინახეს, შეჩერდნენ და მოგვაჩერდნენ. გოგონამ კი გვკითხა:

– გეტყობათ, აქაურები არ უნდა იყოთ...

– დიახ. ჩვენ სტუმრად ვართ, – უპასუხა გურამმა.

– იცით, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და გასაღები დავკარგეთ. კარს კი ვერ ვამტვრევთ და იქნებ, დაგვეხმაროთო?

– მე არც ვაციე, არც ვაცხელე, ხის კარს ხარივით დავეჯახე და შევანგრიე. მათ მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენც დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენს ბინებში შევედით. ერთი საათის შემდეგ კი ჩვენს კარზე დააკაკუნეს და რომ გავაღეთ, მილიცია შეგვრჩა, რომლებსაც აინტერესებდათ, რაიმე საეჭვო ხმაური ან ადამიანები ხომ არ დაგინახავთო. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ, თურმე, ბინის ქურდებს დავხმარებივართ და პატრონი რომ სახლში დაბრუნებულა, ბინა პირწმინდად გაძარცული დახვედრია.“

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კვლავ ბატონი ეროსი მანჯგალაძე გავიხსენოთ.

ეროსი მანჯგალაძეს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული ხვდა წილად. მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა. ბაზარში სიარულს ერიდებოდა – გამყიდვლები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. მსახიობის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ.

როდესაც გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის „მდაბიონი“ დადგა, ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა. თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში – „ღრმა ფესვები“. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც მაშინ შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა – სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთის სახელიაო. მოდი, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლში თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა – აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.