"რუსთავი 2"-მა ქართული სასამართლოს ბოსების მანტიაში გადამალულ მილიონობით ქონებას მიაკვლია, რომელიც ნათესავების სახელზე აქვთ გაფორმებული. მათ მიერ შევსწებული ქონებრივი დეკლარაციები კი ზუსტად ისეთივე ნაღდი და ზუსტია, როგორც მათ მიერ გამოტანილი განაჩენები და გადაწყვეტილებებია სამართლიანი.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სისტემის მსხვერპლად მონათლული სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 29 ივნისს შეავსო. დეკლარაციით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია თბილისში, ჯანაშიას #21-ში მდებარე 100,03 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც 2009 წელს 40 000 აშშ დოლარად შეუძენია. 2015 წელს კი იქვე 5 000 აშშ დოლარად 18 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი შეუძენია. გასულ წელს 10 500 აშშ დოლარად შეუძენია 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის დაბა ძეგვში. ლევან მურუსიძის დას კი – თამარ მურუსიძეს 2016 წელს ბორჯომში, დაბა ბაკურიანში 38 000 აშშ დოლარად შეუძენია 46,3 კვ.მ ფართი.
მამის, თორნიკე მურუსიძის 100%-იანი საკუთრებაა 101 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც ნუცუბიძის პლატო, მე-4 მკრ-ნში მდებარეობს, რომელიც თორნიკე მურუსიძეს 1986 წელს საკუთრებაში სახელმწიფომ გადასცა. თორნიკე მურუსიძესვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი ონის რაიონის სოფელ სორში 100,3 კვ.მ ფართის და 4997 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმავე სოფელში.
ლევან მურუსიძეს 2017 წელს მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს-ბენცი ML350 შეუძენია 24500 აშშ დოლარად.
დეკლარაციაში არაფერი წერია მურუსიძეების ოჯახის საკუთრებაში ფასიანი ქაღალდების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეთა „ბოსის“ ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ლევან მურუსიძეს 22 305 ლარი აქვს დაფიქსირებული, ხოლო დანაზოგის სახით 2000 ევრო და 3000 აშშ დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, მურუსიძეების ოჯახი არ ფლობს წილებს, არც საქართველოში და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ლევან მურუსიძეს სხვადასხვა ბანკში გახსნილი საკრედიტო ბარათების უზრუნველყოფის მიზნით, დეკლარაციაში უფიქსირდება გასავალი 27 868,25 ლარი, 3191,35 აშშ დოლარი, 37 867,13 ლარი და 18 475,85 ლარი.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლეს მიხეილ ჩინჩალაძეს, ის ბაბუის მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.
მიხეილ ჩინჩალძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 30 ივნისს შეავსო, სადაც წერია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე დაიბადა თბილისში 1978 წლის 9 მარტს, რუსუდან სამხარაძისა და თამაზ სამხარაძის ოჯახში. ამჯერადაც იგი ოჯახთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე მარიკა მარიკაშვილი და 3 შვილი.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ჩინჩალაძის სახელზე რეგისტრირებულია ბახტრიონის ქ.#16-ში მდებარე 145 კვ.მ. ბინა, რომელიც ჩინჩალაძეს ბაბუისგან მიუღია საჩუქრად 1997 წელს.
დედის, რუსუდან სამხარაძის საკუთრებაშია მემკვირდეობით მიღებული მიწის ნაკვეთი თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში – 624 კვ.მ. ასევე რუსუდან ჩინჩალაძეა 2006 წელს, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში 43 365 ლარად შეძენილი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, სადაც, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ახლა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სხვა უძრავი ქონება მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაში, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არ ფიქსირდება.
მამის, თამაზ ჩინჩალაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Hyundai ix35, რომელიც 2015 წელს 12 500 აშშ დოლარად შეუძენია.
ჩინჩალაძის დეკლარაციაში არაფერი წერია ფასიანი ქაღალდების, მისი და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის ან წილების ფლობის შესახებ. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მას და მის მეუღლეს 9000 და 5000 ლარი დანაზოგი დაუგროვებიათ.
მიხეილ ჩინჩალაძის დედა, რუსუდან ჩინჩალაძე სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობს და მას გასულ წელს ანაზღაურების სახით 31 450 ლარი მიუღია. მამა – თამაზ ჩინჩალაძე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია და გასულ წელს მისი შემოსავალი 19 500 ლარი ყოფილა. მეუღლე – მარიკა მარიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია და მისი გასული წლის შემოსავალი 27 520 ლარია. თავად ჩინჩალაძეს გასულ წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე ანაზღაურების სახით 49 691 ლარი აუღია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გასული წლის სარგო 59 620 ლარია.
2009 წელს ჩინჩალაძეების ოჯახს ბანკ რესპუბლიკიდან 100 000 დოლარის ღირებულების სესხი აუღია, რაც 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. შესაბამისად, გასულ წელს, სესხის უზრუნველყოფისთვის 11 242 დოლარი გადაუხდიათ. საგურამოს მშენებარე სახლის სამშენებო სამუშაოებისათვის კი 59 000 ლარი დაუხარჯავთ.
ჩინჩალაძის დეკლარაციაში მოხვდა შვილის, თამაზ ჩინჩალაძის სწავლის ხარჯები – 20 592 ლარი და მშობლების მკურნალობის ხარჯები, რომელმაც ორივე მშობლის შემთხვევაში 24 000 ლარი შეადგინა.