ზიარება არ არის სოციალური ან პოლიტიკური მოვლენა, რომ მისი მიზანშეწონილობის განსაზღვრა შევძლოთ

ზიარება არ არის სოციალური ან პოლიტიკური მოვლენა, რომ მისი მიზანშეწონილობის განსაზღვრა შევძლოთ

არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ზიარების საკითხს ეხმაურება. გამზარდიას თქმით ზიარება მოუნანიებელი ადამიანისთვის შეიძლება სასჯელად იქცეს და არა კურნებად.

“ზიარება მოუნანიებელი ადამიანისთვის შეიძლება სასჯელად იქცეს და არა კურნებად. ასეთია ზიარების ქრისტიანული სტატუსი. ზიარებას წინ უძღვის სინანული, აღსარების საიდუმლო და შენდობის ლოცვა. ამიტომ, თუ ადამიანი ფარავს ცოდვას, არ ინანიებს, არ აბარებს აღსარებაში და ა. შ. მიღებულია, რომ ასეთი ზიარება კურნებად კი არა, სასჯელად შეიძლება ექცეს ადამიანს. ხშირად, მოძღვარი შეიძლება არ აზიარებდეს ადამიანს, თუ ფიქრობს რომ ის რაღაცას მალავს და მოძღვარი უფრთხილდება რა ამ ადამიანს, არიდებს შესაძლო სასჯელს არასწორად ზიარების შემთხვევაში. ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ზღაპრები, თუმცა მორწმუნისათვის ზიარება არის უსერიოზულესი საიდუმლო და უფრთხილესი. ზიარება არ არის სოციალური ან პოლიტიკური მოვლენა, რომ მისი მიზანშეწონილობის განსაზღვრა გარედან შეგვეძლოს, მითუფრო მისი მოთხოვნა შეუძლებელია თუ მიზნად ზიარების მიზანია და არა რაიმე სახის სპეკულაცია. როდესაც ვსაუბრობთ ზიარებაზე, უნდა ვიყოთ მეტად ფრთხილი. თავისთავად უკვე მოცემულობაა ის, რომ ნებადართულია ზიარება სასულიერო პირის პასუხისმგებლობით, თუმცა ყველაზე მოწადინებული სასულიერო იერარქებიც კი ერიდებიან ამას, რადგან მათ იციან დაუმსახურებელი ზიარების შემთხვევაში, რა შეიძლება მოუვიდეს თავად ზიარებულს. ამიტომ საღვთო საიდუმლოებების მოთხოვნისას ან საუბრისას გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილეც და ცოდნაც, მითუფრო იმ ადამიანებმა, ვინც ამაში ვერ ერკვევა და ზიარება უბრალოდ რიტუალი ჰგონია.”-წერს არჩილ გამზარდია.