მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და ხანგრძლივი

მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და ხანგრძლივი

მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ახლო მომავალში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ​ოხანაშვილმა კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში” განაცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.

ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს კანდიდატად დარეგისტრირების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, ყველა კანდიდატის ინდივიდუალური მოსმენა.

,,პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და ხანგრძლივი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მოიწონეს მონახაზი და გამოთქვეს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, რაც შემდგომში გათვალისწინებული იქნება.

,,ახლო მომავალში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატით შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, დავაახლოვებთ პოზიციებს, შემდგომ კი, წარვდგებით საზოგადოების წინაშე და დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს,” – განაცხადა ოხანაშვილმა.