„გამოვრიცხავ კვირიკაშვილს უნდოდეს ხელისუფლებაში მოსვლა“ -

„გამოვრიცხავ კვირიკაშვილს უნდოდეს ხელისუფლებაში მოსვლა“ -

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რაღაც ხელოვნურად კეთდება, მაგრამ თითქმის გამოვრიცხავ კვირიკაშვილს უნდოდეს ხელისუფლებაში მოსვლა - ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის," - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი „თიბისი" ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოს საბანკო სისტემაზე რეალურ ასახვას ჰპოვებს:

„მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელი და ძალიან არადამაჯერებელია, რაც საქართველოს საბანკი სისტემას არყევს. რეალურად რა ხდება, ვერ გეტყვით," - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი „თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იყო. ჭიჭინაძის განცხადებით, ივანიშვილი ვარაუდობდა, რომ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს მისი ჩამოშორება და ხელისუფლებაში მოსვლა სურდათ.

„სააკაშვილის დროსაც ასე იყო და ახლაც ასე არის, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საფინანსო ინსტიტუტების მიმართ გარკვეული ქმედებები მას შემდეგ იწყება. ხაზარაძეს რომ კვირიკაშვილთან ერთად ხელისუფლების მართვის სადავეების აღება სურდა, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ახსოვს ალბათ ხალხს, როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში ნელ-ნელა დაბრუნება გადავწყვიტე, რადგანაც ერთხელაც შეიძლება ტელეფონი აღარ აეღოთო. თუმცა ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა უკვე პოლიტიკური ელფერი მიიღო.

„სადაც დიდი ფულია, იქ პოლიტიკა ყოველთვის არსებობს. ვიცი ერთი რამ - რომ ხაზარაძე და კვირიკაშვილი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ. ივანიშვილმა კვირიკაშვილს სერიოზული ბრალდება წაუყენა, რომ ის და ხაზარაძე მის შეზღუდვას აპირებდნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მათ ივანიშვილის ჩამოშორება სურდათ", - განაცხადა ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.