ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოთიშვა თავად სალომე ზურაბიშვილის ბრალია. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინიტრმა თინა ხიდაშელმა "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება ჯერ კიდევ დეპუტატობის რანგში ყოფნის დროს შეამცირა, როდესაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას.
"ახალმა კონსტიტუციამ პრეზიდენტის როლი უსაფრთხოების თემებთან მიმართებაში იმდენად უმნიშვნელო გახადა, რომ სრულიად ლოგიკურია ის გაგრძელება, რომელსაც ვხედავთ. ქალბატონი სალომეს, რომელიც ახლა ძალიან შეწუხებულია უფლებამოსილების შეზღუდვით, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, პულტზე ხელს რომ აჭერდა კონსტიტუციის კენჭისყრის დროს. ეს თემა გადაწყდა მაშინ, როდესაც კონსტიტუცია მიიღეს ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს. დღეს ამაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია იმ ხალხისგან, რომლებმაც აჟიოტაჟი გამოიწვიეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.
"თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, - ნათქვამია კანონპროექტში.