„სტალინური რეპრესიების თუ სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლთ სამართლებრივად ტოლი პოლიტიკური წონა გააჩნიათ“

„სტალინური რეპრესიების თუ სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლთ სამართლებრივად ტოლი პოლიტიკური წონა გააჩნიათ“

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისში რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის. ხოშტარიას სურვილია, ყოფილ საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (ჩეკას) შენობაში მუზეუმი შეიქმნას და სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახლების წინ ფილებზე მათი სახელები დაიწეროს.

სიმბოლურად ელენე ხოშტარიამ კახა კალაძეს „ჩეკას“ შენობის (ინგოროყვას 22) ახლომდებარე ტერიტორიდან მიმართა იმის ნიშნად, რომ ეს რეპრესიების ისტორიის მქონე ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულსა და სარდაფს 1921-34 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებდნენ.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 1921-54 წლებში საქართველოში 19 000-მდე ადამიანი დახვრიტეს. თუმცა ამ ადამიანების ვინაობისა და მათი ტრაგედიების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორად გამოიყენებოდა, ხალხი დასახვრეტად გაჰყავდათ. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და, ამასთანავე, ეს შენობა ინგრევა. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას იმიტომ, რომ ეს ისტორიული შენობაა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ამასთან, კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, რომ საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი მოძრაობს, დამატებით შეიქმნას რეპრესირებულთა ფილები, რომლებზეც ამოტვიფრული იქნება დახვრეტილი ადამიანების სახელები და გვარები.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, საქართველოში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი ფილები უნდა არსებობდეს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არავის უჩნდება იდეა, რომ პარალელურად „ნაციონალური“ რეპრესიების მსხვერპლთა ვინაობის ამსახველი ფილებიც განთავსდეს?!

„საქართველოში ოფიციალურად „ნაციონალების“ დროინდელი 200 პოლიტპატიმარია დაფიქსირებული. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს დადგენილება და ეს ისეთივე ისტორიული აქსიომაა, როგორც ის პოლიტპატიმრები, რომლებიც, სხვათა შორის, ხრუშჩოვმა 1956 წელს ცნობილი რეაბილიტაციის აქტის მეშვეობით გაამართლა. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთ ოფიციალურად მიენიჭათ პოლიტპატიმრების სტატუსი ხრუშჩოვის აქტის მეშვეობით. საქართველოს პოლიტპატიმრებს კი ეს სტატუსი მიენიჭათ 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ამდენად, ორივე პერიოდის პატიმრებს სამართლებრივად ტოლი პოლიტიკური წონა გააჩნიათ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე განმარტებით, პოლიტპატიმრებს ღირსეული პატივი უნდა მიეგოთ და ორივე ეპოქის მსხვერპლთა ამსახველი ფილები უნდა არსებობდეს. გლდანის ციხეში თუ გააკრავენ ამ აბრას და, ასევე, მოდულის შენობაში, ძალიან დაგვავალებენ. ვახტანგ მაისაიას აზრით, ბუტა რობაქიძის მემორიალი არის სწორედ პოლიტრეპრესიის მსხვერპლთა პატივისცემა, ეს არის კორტების საქმეზე დახვრეტილთა, გირგვლიანის და სხვა დაღუპულთა თუ უსამართლოდ დასჯილთათვის პატივის მიგება.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე For.ge-სთან საუბრისას მიესალმება თბილისში რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივას. ის აცხადებს, რომ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა უკანასკნელ საცხოვრებელზე ამ ადამიანების მცირე მემორიალური დაფები უნდა განთავსდეს. ეს იდეა საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი სურვილი იყო, ეს ადამიანები უკვალოდ გამქრალიყვნენ.

„ამ ადამიანთა რეპრესიები ემსახურებოდა არა მხოლოდ მათ ფიზიკურ გაქრობას, არამედ მათი არსებობის სრულიად გაქრობას ისტორიის წინაშე. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის არსებობა აუცილებელია. რაც შეეხება შენობას, თუ სად შეიძლება განთავსდეს ეს მუზეუმი, ამას სიმბოლური მნიშვნელობა ექნება და შეიძლება რამდენიმე იდეა არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, ინგოროყვას 22-ში, ანუ „ჩეკას“ შენობაში მუზეუმის განთავსება ურიგო იდეა არ იყოს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც რეპრესიების წლებში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს აწამებდნენ“, - აღნიშნა დიმიტრი სილაქაძემ.

 

trampi მიშას დახოცილი ხალხი კომუნისტური გადმონათები იყვნენო ----- გიპასუხებს ხოშტარია
ოდესღაც ჭანტურიამ ----- ხოშტერიაო
ზუსტია ..რაც აწყობთ და როგორც აწყობთ ისე წრიან და კერავენ
5 წლის უკან