„თიბისი ბანკის“ საქმეს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ მცირე კომენტარით ეხმაურება. მისი განცხადებით, სანამ არ მოისმენს მკაფიო ახსნა-განმარტებას იმაზე, თუ რას ედავება ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მანამდე ობიექტური შეფასების გაკეთება რთული და არასწორი იქნება.
„პოლიტიკურ სპეკულაციებში ვერ წავალ და ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესს ებრძვიან. შორს ვარ ამ მოსაზრებისგან, რადგან ბოლო 6 წელია მე არავინ მებრძვის.
თუ დადასტურდა ფაქტებით, რასაც ედავებიან, ეს არის კატასტროფა, ეს ძალიან ცუდია. თუ არ დადასტურდა, ამ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ. ეროვნულმა ბანკმა ძალიან მკაფიოდ უნდა განმარტოს, რატომ შევიდა 10 წლის წინანდელი საკითხის განხილვაში, რა დარღვევა დაინახა, რადგან ხელმოწერის გაუქმება სერიოზული ღინისძიებაა. ამის უკან თუ სერიოზული, არგუმენტირებული მოტივაცია არ დგას, ეროვნული ბანკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს,“ -აღნიშნავს იაშვილი.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობენ და რომ ბანკი საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.