იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება მაშინ ექნება, როდესაც გამოძიება მუშაობას დაასრულებს.
„გამოძიებაში, რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არ და ვერ ერევა. პიროვნულად არც მაქვს სურვილი, რომ რაიმე მეტი ვიცოდე და ჩავერიო. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პროკურატურის ორგანოები ახალი კონსტიტუციის შედეგად სრულად დამოუკიდებლები გახდნენ, შესწევთ უნარი, საგამოძიებო ორგანოებზე შესაბამისი ზედამხედველობა ისე განახორციელონ, რომ რომელიმე მხარის უფლებები არ დაირღვეს. პოლიტიკური შეფასებები ხანდახან აზიანებს გამოძიებას და რაკი არ ვიცი, რა არის გამოძიების სტრატეგია, თავს შევიკავებდი ამ თემაზე ნებისმიერი ტიპის წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, რა თქმა უნდა, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.