"ივანიშვილის პირად ინტერესს ანაკლიის პორტში არასერიოზულად მივიჩნევ"

"მსოფლიოს საბანკო კრიზისი არ უკვირს, მითუმეტეს 2008 წლის შემდეგ, თუმცა დიდ ბანკებთან მიმართებაში როდესაც ჩნდება კითხვები, ეს მათ სანდოობაზე მოქმედებს და მსოფლიოს მსხვილი ბირჟა არ გარისკავს და არ დაიწყებს მისი აქციების ყიდვას" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების შესახებ.

"თიბისი ბანკთან დაკავშირებული პროცესის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რასთან გვაქვს საქმე. გადაგმული ნაბიჯი არის თუ არა შესაბამისობაში კანონთან, ამაზე ალბათ იურისტები იტყვიან თავის სათქმელს. ექსპერტთა მიერ გამოთქმული ვერსიები, რომ პროცესში შეიძლება პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, ალაბთ იქიდან გაჩნდა, რომ 2007-2008 წლის საქმეზე გამოიძება ახლა დაიწყო. ან თუ ჰქონდათ ინფორმაცია, 2012 წლიდან კი 7 წელი გავიდა, რას უცდიდნენ, როცა დასჭირდათ მაშინ დაიწყეს გამოიძება?

სხვა თემაა ბანკებისა და საზოგადოების ურთიერთობა, ამას სხვა განხილვა სჭირდება. თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებაში ბანკების მიმართ არის დიდი პროტესტი. მოსახლეობის უმრავლეობის ქონება ბანკის მმართველობაში გადავიდა, სააკაშვილის ხელისუფლება ბანკებს ბიზნესემენების დასაჟანტაჟებლად იყენებდა და ა.შ. ანუ ბანკს არ უნდა ჰქონოდა ეს მექანიზმი, სხვის ბიზნესში ჩარეულიყო.

ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი შეიძლება კერძო ინტერსიც იყოს და ანაკლიის პორტს უკავშირდებოდეს. თუ მართლაც ამოქმედდა აბრეშუმის გზა, ანაკლია საკვანძო ხაზი ხდება შავი ზღვის აკვატორიაში და წარმოიდგინეთ ტვირთების რა რაოდენობაზე იქნება საუბარი. ამიტომ, შეიძლება უახლოეს მომავალში ზედაპირზე ბევრი სხვა ინტერესი ამოტივტივდეს.

ივანიშვილის პირად ინტერესს ანაკლიის პორტთან მიმართებაში, არასერიოზულად მივიჩნევ; კაცს, რომელსაც შეძლია ერთ დღეში მთავრობა გადააყენოს, პროექტში მონაწილეობას ვინ დაუშლიდა? სულაც მარტო დაიწყებდა და პიარის თვალსზრისით მომგებიანიც იქნებოდა. არა მგონია, რომ ივანიშვილმა ამ საკითხთან მიმართებაში სწრაფი რეაგირება მოახდინოს, არა იმიტომ, რომ არაფერი იცის, როგორც წესი იცდის და მერე იტყვის ორ სიტყვას," - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.