ბატონო ბიძინა, გაკოტრებას გისურვებთ

ბატონო ბიძინა, გაკოტრებას გისურვებთ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებას უსურვებს. ასეთი სურვილი ნანუკა ჟორჟოლიანმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც  ცნობილი გახდა, რომ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ორ თვეში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უნდა ჩამოშორდეს.

ჟორჟოლიანი იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძე ბოლომდე დაიცავს მის რეპუტაციას.

"ბატონო ბიძინა, თქვენ მიზანმიმართულად ახევთ სახეს ქვეყანას. პირად წყენებს და პირად ინტერესებს შეგიძლიათ შესწიროთ ქვეყნის საუკეთესო ბანკის რეპუტაცია, იმიჯი. აკოტრებთ ყველაფერს,  რასაც ვერ აკონტროლებთ და აბანძებთ ყველას.

იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძე ბოლომდე დაიცავს მის რეპუტაციას და ბანკს, რომელიც წლების განმავლობაში რუდუნებით აშენა და არ გახდება თქვენი მონა!

ბატონო ბიძინა, გაკოტრებას გისურვებთ, რომ ქვეყნით და ადამიანებით სახლობანა აღარ ითამაშოთ!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,  ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.