"შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები ნასაზრდოებია პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით.
"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი, მაგრამ არ დავუშვათ ბანკის და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები, - აცხადებს უსუფაშვილი.
შენების მოძრაობის ლიდერი "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კომპეტენტური პირებისგან კომპეტენტურ კომენტარს ელის.
"მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი ღიად და მკაფიოდ განვაცხადო - მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები. რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების ხელახლა შესწავლა-გამოძიებას, ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან“.
უსუფაშვილი ეროვნულ ბანკს მიმართავს, ამ საკითხის წინა შესწავლის მასალები და დასკვნები გამოაქვეყნოს.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.