„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც ამდენი წლის შემდეგ, „თიბისიბანკს“ ამხელა ბრალდებას უყენებენ, ამ ყველაფერს უკვე პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ჭიჭნაძემ გაიხსენა ივანიშვილის და კვირიკაშვილის დაპირისპირების ამბავი და თქვა, რომ შარშან პრემიერთან კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხაზარაძე იყო.
მისი განცხადებით, ეს ივანიშვილმა თავის ინტერვიუშიც დაადასტურა, თქვა, რომ თუ პოლიტიკაში დროზე არ დაბრუნდეობდა, ტელეფონზეც აღარ უპასუხებდნენ. ჭიჭინაძე ეჭვობს, ივანიშვილს ჰქონდა გარკვეული ვარაუდი, რომ კვირიკაშვილი და ხაზარაძე ხესლისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.
„სამწუხაროა თუ ამდენი ხნის განმავლობაში „თიბისი ბანკს“ ეს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა და მალავდნენ. რატომ ფარავდნენ, ამაზე პასუხი ყველა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნდა აგონ. ეს მართლა დანაშაულია, რასაც ამ ბანკს ახლა ედავებიან.
ეს არანაირ პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიდოდა, თავის დროზე შესაბამისი სანქციები რომ გამოეყენებინათ. ვფიქრობ, ამის შედეგად კი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადარჩებოდა, რომლებიც ბანკების უკანონო მოქმედებებმა დააზარალეს.
სააკაშვილის დროსაც ასე იყო და ახლაც ასე არის, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საფინანსო ინსტიტუტების მიმართ გარკვეული ქმედებები მას შემდეგ იწყება. ხაზარაძეს რომ კვირიკაშვილთან ერთად ხელისუფლების მართვის სადავეების აღება სურდა, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ახსოვს ალბათ ხალხს, როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში ნელ-ნელა დაბრუნება გადავწყვიტე, რადგანაც ერთხელაც შეიძლება ტელეფონი აღარ აეღოთო. თუმცა ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა უკვე პოლიტიკური ელფერი მიიღო.
სადაც დიდი ფულია, იქ პოლიტიკა ყოველთვის არსებობს. ვიცი ერთი რამ, რომ ხაზარაძე და კვირიკაშვილი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ. ივანიშვილმა კვირიკაშვილს სერიოზული ბრალდება წაუყენა, რომ ის და ხაზარაძე მის შეზღუდვას აპირებდნენ. აქედან გამომდინარე ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მათ ივანიშვილის ჩამოშორება სურდათ“, - აცხადებს ჭიჭინაძე „რეზონანსთან“.