„ეროვნულ ბანკში არანაირად დაუშვებენ, რომ ანაბრებს, ბანკის სტაბილურობას, კაპიტალიზაციას შეექმნას რაიმე საფრთხე“

„ეროვნულ ბანკში არანაირად დაუშვებენ, რომ ანაბრებს, ბანკის სტაბილურობას, კაპიტალიზაციას შეექმნას რაიმე საფრთხე“

„თბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფბას პრეზიდენტმა შოთა გულბანმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

„რადგან მარეგულირებელმა - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ცხადია, ამას თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოს ქვეყანაში. ფინანსური სტაბილურობა ვერ მიიღწევა, თუ ბანკს, მის მუშაობას, რაიმე საფრთხე შეექმნება. შესაბამისად, ამას კარგად აცნობიერებენ ეროვნულ ბანკში და მე, პირადად, მგონია - არანაირად დაუშვებენ იმ გარემოებას, რომ, მაგალითად, ანაბრებს, ბანკის სტაბილურობას, კაპიტალიზაციას შეექმნას რაიმე საფრთხე.

თუმცა, თუ მოხდება პროცესის პოლიტიზირება (რაც მე არ მგონია), შეიძლება, ამან მეანაბრეების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. ხშირ შემთხვევაში, მეტწილად, კომერციული ბანკები დამოკიდებულები არიან მეანაბრეების მიერ გახორციელებულ შენატანებზე, გარდა იმ ფინანსებისა, რასაც ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიძიებენ“, განაცხადა გულბანმა და  ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გუშინ, „თი-ბი-სი“ ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულების საკითხსაც შეეხო, რომელიც 13,66 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც, ვაჭრობის დასაწყისში არსებულთან შედარებით, 5.27%-ით ნაკლებია:

„გუშინ ვნახეთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თი-ბი-სი“ ბანკის აქციები დაეცა, თუმცა, დღეს, მცირედით გაუმჯობესება კვლავ დაფიქსირდა. პროცესია... ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების მერყეობა შეიძლება უბრალო დამთხვევაც კი იყოს, არაფერია გამორიცხული“, -აღნიშნა შოთა გულბანმა.