თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე.
მაჩალიკაშილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ოჯახს თანხა არ დაუბრუნდება, მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთხელ მივმართე, რომ ეს თანხა დაებრუნებინათ, რადგან ეს სხვისი საკუთრებაა. ამას გარდა, დასრულებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, სასამართლოს განაჩენიც არსებობს, ფულის წარმომავლობაც დადასტურებულია, შესაბამისად, ეს თანხა უნდა დაბრუნდეს. დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და თბილისის პროკურატურას, თუკი, თანხა არ დაბრუნდება, ამის შემდეგ უკვე საჩივარს სასამართლოში შევიტან", - აცხადებს კუბლაშვილი "ინტერპრესნიუსთან".
ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახს აღნიშნული თანხა ბინის შესაძენად, გერმანიიდან თემირლან მაჩალიკაშილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა გამოუგზავნა.