ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და "თიბისი ბანკის" მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორების არასამთავრობო სექტორი ანაკლიის პორტის მშენებლობას და რუსულ ინტერესებს უკავშირებს. აღნიშნულის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
“არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი" ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა", - აცხადებს გიგაური.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კითხვის ნიშნები აქვს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც. საუბარია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
"ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თავდაპირველად იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და რომელიც საუბრობს 11 წლის წინანდელ დარღვევებზე და ამის შემდეგ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა "თიბისი" ბანკის მენეჯმენტის გადაყენება. დღეს მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა მათთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების განხორციელება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისათვის, 14 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გავრცელა.
სებ-ის საპასუხოდ კი, "თიბისი ბანკმა" ასევე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად