“თიბისი ბანკის” საქმე მამუკა ხაზარაძის დაკავებით დასრულდება. აღნიშნულის შესახებ “რუსთავი2” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.
როგორც არხის დირექტორი განმარტავს, ბანკზე და ხაზარაძეზე ამგვარი შეტევა ბიზნესმენის “სამოქალაქო მკვლელობის აქტი” იქნება.
გვარამია ასევე მიმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
“ქოცობა უკვე პოლიტიკური ორიენტაციიდან, დიაგნოზში გადაიზარდა. ქვყნის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესის ახევას დააკვირდით კარგად და მერე მოყევით, სისხლიან ცხრა წელს ბიზნესებს როგორ ატერორებდნენ. მამუკა ხაზარაძეს კი აქედან ვაფრთხილებ, როგორც გულშემატკივარი (გულწრფელი) - ეს ყველაფერი დასრულდება მისი დაჭერით. ფულის გათეთრების ბრალდებას ვერსად ვერ წაიღებენ, ბოლობოლო, რომც გარიგება მოხდეს, საზოგადოება დასვამს შეკითხვას: როგორ, სანამ ბანკს წაართმევდით, ფულის გამთეთრებელი იყო და ახლა რომ წაართვით, ფულის გათეთრება გაქრა? და ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
ყველაფერთან ერთად, ფულის გათეთრების ბრალდება და, მით უფრო, ამ ბრალდებით რაიმე იურიდიული შედეგის დადგომა (მაგალითად, გადაყენება/გადადგომა) და ამით გათეთრების ფაქტის დადასტურება, არის ხაზარაძის სამოქალაქო მკვლელობის აქტი (ან თვითმკვლელობის, თუ ის დაყვება ამ მოთხოვნას). ფულის გამთეთრებლის იარლიყი ნებისმიერ ბიზნესმენს აქცევს ხელშეუხებელ პარიად საერთაშორისო თუ შიდა ბიზნესწრეებში. არასდროს, არავინ მასთან საქმეს არ დაიჭერს. ცხადია, ვერც ანაკლიის პორტზე ან სხვა რაიმე საინვესტიციო პროექტზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია (!)
ამას გარდა, ფულის გათეთრება კონვენციური დანაშაულია და ნებისმიერი ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება. მიუხედავად ჩადენის ადგილისა, ადგილსამყოფელი ქვეყანა ვალდებულია ის დევნოს - ვერ დაიმალები, მოკლედ. და ცხადია, ფულის გათეთრებაზე რეაგირება, მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომით ვერ დასრულდბა, არამედ საერთაშორისო იურისდიქციის სისხლის სამართლებრივი დევნით.
მოკლედ, გამიფრთხილებია მე ყველა - გარიგება ივანიშვილთან არ არსებობს. ან მისი მონა ხარ, ან - არა. ვინც ცადა, ყველა ბოლომდე გააფარჩაკა. ვინც არ შევიდა არანაირ ვაჭრობაში (რუსთავი 2) - ყველამ იქეთ გააფარჩაკა. ამასვე ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა და გამარჯვება, ან ვაჭრობა და ციხის კარები.
ps კობა გვენეტაზე ყველაფერს დავუშვებ, მაგრამ შენს ზონდერ-ბანკირობას - ვერაფრით. იმედს არ ვკარგავ, რომ არსებობს რაიმე ახსნა და მოვისმენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძაგლად გამოიყურება ეს ყველაფერი!”,- წერს გვარამია.
ცნობისათვის, 14 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გავრცელა.
სებ-ის საპასუხოდ კი, "თიბისი ბანკმა" ასევე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.