"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, თავისი სიმძიმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან ათანაბრებს.
"სანდრო გირგვლიანის საქმეზე არანაკლებად მძიმეა, თუ უფრო მძიმე არა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. 19 წლის ბიჭი სახელმწიფომ მოკლა და თან ტერორიზმში დაადანაშაულა. სანდრო გირგვლიანისთვის ტერორისტობა მაინც არ დაუბრალებიათ. ამ ბიჭს ბრალი დასდეს სამშობლოს ღალატში. ბავშვს აბრალებენ სამშობლოს ღალატს და მითხარით, ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს. მივმართავ ხელისუფლებას, გაეცით პასუხი მამამისს, ბავშვი რატომ მოუკალით?! რატომ მოკალით ია კერზაია?! და ამ ყველაფრის მერე, როგორ ბედავთ და როგორ ლაპარაკობთ მორალურ უპირატესობაზე? - "ქართულმა ოცნებამ" მორალური უპირატესობა დაკარგა", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ზუსტად ისეთივე შეცდომას უშვებენ, რაც ყველა წინამორბედმა ხელისუფლებამ დაუშვა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გარდა და ეს ხელისუფლებაც დაასრულებს ზუსტად ისე, როგორც ყველა იმ ხელისუფლებამ დაასრულა, რომელმაც შეცდომები დაუშვა და ეს შეცდომები აღარ გამოასწორა.
"ეს არის არაფორმალური, მაფიოზური, შუაღამის ხელისუფლება, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ისეთი მეთოდებით, როგორითაც სახელმწიფო არ იმართება. მას შეუძლია ამ მეთოდებით მართოს მაგალითად "კარფური", მაგრამ არა სახელმწიფო. საქართველო არც მაღაზიაა და არც მარკეტი", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა გაჩერებულია და აღარ ვითარდება.
"ქვეყანა აღარ ვითარდება, გაჩერებულია და გამზადებულია რუსეთისთვის ჩასაბარებლად", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "რეაქციაში".