"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "თიბისი ბანკს" ზუსტად ისე უპირებს ხელში ჩაგდებას, როგორც ეს "ლიბერთი ბანკთან" მიმართებაში გააკეთა.
"ეს ადამიანები ცხოვრობენ პენსიონერების, ჩვენი ბებია-ბაბუების ცოდვით. ბიძინა ივანიშვილმა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მძარცველმა ირაკლი რუხაძემ ხელში ჩაიგდეს მილიარდიანი ბანკი და ჩვენი პენსიონერების ცოდვით ცხოვრობენ. ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც რეალურად 25 მილიარდი აქვს, ახლა "თიბისი ბანკის" ხელში ჩაგდება უნდა, რომ ამ ფულს კიდევ 5 მილიარდი მიამატოს, 30 მილიარდამდე მივიდეს, რომ მის გულში წალკოტმა დაივანოს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "თიბისი ბანკის" საქმის კომენტირებისას გადაცემა "რეაქციაში".
ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელს, დავალებული აქვს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს და შესაბამისად, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტის მშენებლობას ხელი შეუშალოს.
ცნობისათვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გავრცელა.
სებ-ის საპასუხოდ კი, "თიბისი ბანკმა" ასევე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.