"სად ხართ ბატონო ხაზარაძე, ამოიღეთ ხმა"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ მფლობელს, მამუკა ხაზარაძეს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.

"მე ვერ დავიცავ მამუკა ხაზარაძეს, ვიდრე ის ჩუმად არის. ვერ დავიცავ მას, რომელმაც მიიღო ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესები. სად ხართ ბატონო ხაზარაძევ, ამოიღეთ ხმა. ხომ უნდა ჩაგვაყენოთ საზოგადოება საქმის კურსში, რა ხდება?", - მიმართავს მელია ხაზარაძეს და დასძენს, რომ ხაზარაძეს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს.

"თუ მამუკა ხაზარაძე ხმას არ ამოიღებს, ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. მას ერთადერთი გადარჩენის შანსი აქვს - ხმა უნდა ამოიღოს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა არსაით და ის ძალიან ცუდად დაასრულებს, ეს ცხადია, მაგრამ, თუ ხაზარაძე ხმას არ ამოღებს, უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ივანიშვილი, რომელიც სახლში იბარებს ბიზნესმენებს და საქმეს არჩევს", - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა " რეაქციაში" "თიბისი ბანკის" სკანდალთან დაკავშირებით.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გავრცელა.

სებ-ის საპასუხოდ კი, "თიბისი ბანკმა" ასევე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.