„თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. ელიტურ სკოლებთან შედარებით რეგიონებში ბევრად უკეთესი განათლების ხარისხია“

„თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. ელიტურ სკოლებთან შედარებით რეგიონებში ბევრად უკეთესი განათლების ხარისხია“

„ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები“, - აცხადებს პრემიერი მამუკა ბახტაძე. პრემიერის თქმით, საქართველოში ყველა სკოლა წარმატებული უნდა იყოს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს, სადაც უფრო მეტად იგრძნობა პრობლემები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ისეთია, რომ საჯარო სკოლები შესაბამის განათლებას ვერ იძლევიან. ბევრ ელიტურ სკოლასაც მხოლოდ სახელი აქვს პრესტიჟული, მაგრამ იქაც განათლების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მეტ-ნაკლებად განათლების უკეთესი დონე შეიმჩნევა კერძო სკოლებში, მაგრამ ამ სკოლებში შვილების მიყვანის მატერიალური შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განსხვავება სკოლებს შორის მოისპოს და ყველა სკოლა ასრულებდეს საკუთარ ფუნქციას, განურჩევლად იმისა, პრესტიჟულ და ელიტურ რაიონში მდებარეობს თუ არა?!

განათლების ექსპერტი დავით ლაგვილავა, რომელიც თავის დროზე ე.წ. პრესტიჟული 51-ე სკოლის დირექტორი იყო, For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ელიტური და პრესტიჟული სკოლების ცნება ცოტა რთულია საკითხია, რადგან ცალკეული სკოლა ვისთვის ელიტურია და ვისთვის არა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცენტრალურ რაიონში მდებარე სკოლა პრესტიჟულია იმიტომ, რომ იქ უფრო შეძლებული ადამიანების შვილები სწავლობენ, ეს რეალობას აცდენილია. შეიძლება, ცენტრალურ ადგილას მდებარეობდეს სკოლა, მაგრამ სულაც არ იყოს ელიტური. ზოგადად, სკოლის რეიტინგს ქმნის მასწავლებელთა კოლექტივი და სკოლის მენეჯერი.

სკოლა იქნება რეიტინგული, თუ კარგი მენეჯერი ჰყავს და სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობს. ასე რომ, რეიტინგული სკოლა შეიძლება იყოს გლდანშიც, ავლაბარშიც და ვარკეთილშიც. ამიტომ იმას კი არ უნდა ვებრძოლოთ, რაც უკვე წარმატებული და კარგია, არამედ წარუმატებელი სკოლები უნდა გავხადოთ უკეთესი და სწავლების ხარისხი გავაუმჯობესოთ.

„ყველა სკოლა უნდა იყოს პრესტიჟული, ამ დროს კი უკვე არსებულ ე.წ. პრესტიჟულ სკოლებსაც ანადგურებენ დამამთავრებელი კლასების გამოცდების გაუქმებით. ზოგადად, CAT-ის გამოცდა შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანს, შეიძლება იგი ვერ პასუხობდეს მოთხოვნებს და ვერ ამოწმებდეს განათლების რეალურ დონეს, მაგრამ ეს სატესტო რეჟიმი იყო და, როგორც წინამორბედმა მინისტრმა შაშკინმა განაცხადა, უნდა მომხდარიყო ამ გამოცდის შერწყმა და გარდაქმნა ეროვნულ გამოცდებთან; თითოეულ საგანში გამოცდის ჩატარება უნდა მომხდარიყო შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ. ახლა კი გამოცდები გააუქმეს სკოლაში, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სინამდვილეში, ყოველი კურსის დაწყების შემდეგ ბავშვის ცოდნა უნდა შემოწმდეს და ეს უნდა შეაფასოს შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა“, - აცხადებს დავით ლაგვილავა.

მისი აზრით, გამოცდების მიღმა მოსწავლეების დატოვება ვერ შეამცირებს რეპეტიტორთა რაოდენობას, პირიქით, გაზრდის კორუფციას სკოლაში. მაშინ ამ ლოგიკით საკონტროლო წერაც გავაუქმოთ, თუკი ამასაც ბავშვისთვის სტრესად ვთვლით. მით უმეტეს, ახლა საკონტროლო წერაზეც დაიწყება ქრთამის აღება და კორუფცია გაღრმავდება სკოლაში.

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩეველი, ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. ელიტურ სკოლებთან შედარებით რეგიონებში ბევრად უკეთესი განათლების ხარისხია. თუმცა სოფლის სკოლების უმრავლესობას წყალი არ აქვს და ეზოში აქვს ტუალეტი, ანუ მათი ინფრასტრუქტურა გაუმართავია. რეგიონების სკოლები არც საცურაო აუზით ანებივრებენ ბავშვებს.

„ნეტავ იყოს ამის შესაძლებობა, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასეულობით სკოლა იმ დონემდე მივიდეს, როგორც ეს ე.წ. პრესტიჟულ სკოლებშია. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სწავლების დონე არის თბილისში, თანაც თბილისის ცენტრში. შედარებით უკეთესი დონეა თბილისის გარეუბნებში. ეს განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომ ვერ ამართლებს საჯარო სკოლები. ჩვენთან განათლების სისტემა ძალზე ცენტრალიზებულია, რეალურად სკოლას მცირე თავისუფლება აქვს მინიჭებული. ამიტომ, როცა განათლების სამინისტრო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, შესაბამისად, შედეგებზეც თვითონ უნდა აგოს პასუხი. წლების განმავლობაში უკან-უკან მიდის საქმე“,-აცხადებს ზურაბ ვახანია და შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ დაკარგავს აზრს საჯარო სკოლები, განმარტავს, რომ შექმნილი ვითარება არა მარტო საჯარო, არამედ კერძო სკოლებშიც სწავლების ხარისხის დაქვეითებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, ყველამ ვიცით, რომ სკოლებში ძვირი გადასახადის გადახდა სულაც არ ნიშნავს სწავლების უკეთეს ხარისხს. გადასახადის სიძვირე სწავლების ხარისხზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ - ინფრასტრუქტურასა და კონკრეტულ უბანზე. ძვირია სწავლება იქ, სადაც უბანია პრესტიჟული, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა. ამ შემთხვევაში, ყურადღებას ნაკლებად აქცევენ განათლების ხარისხს.