გიორგი მამალაძის წერილში საუბარია იმ კორუფციულ მაქინაციებზე, რომელიც საპატრიარქოში არსებობს

გიორგი მამალაძის წერილში საუბარია იმ კორუფციულ მაქინაციებზე, რომელიც საპატრიარქოში არსებობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილში, რომელიც მან "მატროსოვის" ციხიდან 4 სასულიერო პირის მისამართზე გააგზავნა,  შესაძლოა, მისი დაკავების ნამდვილი მიზეზები ეწეროს.

როგორც “2020NEWS”-ს თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განუცხადა,  დეკანოზის მიერ გავრცელებული წერილი, მისი კონსპირაციულობიდან გამომდინარე, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. უპირველესად კი, საპატრიარქოს მიმართ, რომელიც აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

თეოლოგის განცხადებით, შესაძლოა წერილი შეიცავდეს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც დედა ეკლესიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციის როლი და გავლენა საზოგადოებაში შესუსტდეს.

“ის ფაქტი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილის შინაარსი  კონფიდენციალური, გასაიდუმლოებული და კონსპირაციულია, მეტყველებს იმაზე, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციას მისი შინაარსის გასაჯაროვება არ აწყობს. თუკი ეს წერილი არ არის საფრთხის შემცველი მათთვის და მათი ინტერესებისთვის, რატომ არ ხდება მისი გამოქვეყნება ღიად და საჯარო სივრცეში? იმიტომ ხომ არა, რომ რეალურად, ბრალდებები არის ძალიან რელევანტური,  მძიმე და სამხილებით გაჯერებული,  რაც შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობის მიზეზსაც გულისხმობდეს?! 

პირადად ჩემთვის  ეს წერილი ბევრ ეჭვს ბადებს. როგორც ვიცი, წერილში ერთი მხრივ ზნეობრივი დარღვევების ძალიან მძიმე მოცემულობაზეა საუბარი და მეორე მხრივ, საუბარია ფინანსურ მანიპულაციებზე და კარტერულ ბიზნეს სქემებზეც ანუ კორუფციულ მაქინაციებზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში მრავალი წელია არსებობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ წერილმა ძალიან მალე დღის სინათლეს იხილოს, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგმა “2020NEWS”-ს ასევე განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში მთავარი პოზიცია საპატრიარქომ და კონკრეტულად, პატრიარქმა უნდა დააფიქსიროს, რომელიც მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია და რომელმაც ზუსტად იცის,  ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ.  ტიგინაშვილის განმარტებით,  "ციანიდის საქმეზე" ხელისუფლება პროცესებს  მიზანმიმართულად აჭიანურებს, რადგან  “დასნებოვნებული  ეკლესია ყველა ხელისუფლებას აწყობს”.

"მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო უწყებები საქმის კურსში არიან ამ წერილთან დაკავშირებით და ისინი ამ მოცემულობას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს კომპრომატი ჰქონდეს ეკლესიაზე,  რადგან, ასეთ შემთხვევაში ეკლესია როგორც ინსტიტუცია, ბევრად ლოიალური და თვინიერი გახდება.

"ჩვენ სამწუხაროდ, შეგვაჩვიეს იმ მდგომარეობას, რომ კათოლიკოს-პატრიარქი შეუვალი, აბსოლუტი და ერთმართველია, რომელიც სარგებლობს ისეთი პრიმატით, რომ შესაბამისად არ ხდება  მისი გადაწყვეტილებების გადახედვა.  თუკი  რაიმე სასიკეთო კეთდება ეკლესიისთვის, ყველაფერს კათოლიკოს- პატრიარქს უკავშირებენ, ხოლო თუ  რამე მავნებლობა და პრობლემურია, ყველაფერს მის გარემოცვას აბრალებენ, რაც ალბათ არასერიოზულია", - განაცხადა ტიგინაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ.”მატროსოვის ” ციხიდან  დეკანოზმა მამალაძემ სკანდალური წერილი გამოაგზავნა, რომელსაც ოთხი მაღალი რანგის სასულიერო პირი ადრესატი  ჰყავს. ესენია: მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მამა ანდრია გვაზავა და მეუფე დავით ალავერდელი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა. დეკანოზის სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს შევიდა. გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატი დავით ჯანდიერი დაიცავს.

ერთი კვირაა დეკანოზის ძმა საპატრიარქოსთან აქციას მართავს და მოითხოვს მამა გიორგი მამალაძის ზიარებას და საპატიმროდან გათავისუფლებას.