ერეკლე კოდუას ბრძანებით,

ერეკლე კოდუას ბრძანებით, "იმედში“ ყველაფერი უნდა გაგვენადგურებინა - ყოფილი სპეცრაზმელი

უშუალოდ ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, ტელეკომპანია "იმედში“ დაგვემტვრია ტექნიკა და ყველაფერი უნდა გაგვენადგურებინა, - ამის შესახებ შს სამინისტოროს სპეცდანიშნულების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავით დათაშვილმა განაცხადა, რომელიც  სოდი-ს ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე იკითხება.

მისი თქმით, 7 ნოემბრის აქციის დარბევაში სპეცრაზმის რამდენიმე დანაყოფი იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც მიიღეს ახალი ბრძანება, შეჭრილიყვნენ ტელეკომპანია "იმედში“.

"7 ნოემბერს დაგვირეკეს, სრული მობილიზება იყო. მიტინგის შემდეგ ბაზაზე დავბრუნდით და ველოდებოდი ბრძანებას. ერეკლე კოდუამ ბრძანება გასცა. ჩვენ ვიყავით სამოქალაქო ფორმაში და ჩემს განყოფილებას შეიარაღებაც არ ჰქონდა. შემდეგ საწვიმრები დაგვირიგეს. ჩვენმა ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა სპეცრაზმის სხვა წევრებიც წამოიყვანა.

7 ნოემბრის აქციის დარბევაში რამდენიმე სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას. ახალი ბრძანება რომ მივიღეთ, ავედით ბაზაზე, სადაც ავიღეთ სრული აღჭურვილობა. მივიღეთ ბრძანება, რომ მივდიოდით "იმედში“. არ ვიცოდით, რა როგორ იყო. "იმედში“ შევედით და ჩვენი დანაყოფი შეხვდა ერეკლე კოდუას. უშუალოდ მისგან მივიღეთ ბრძანება, რომ უნდა შევსულიყავით შენობაში, გაგვეთიშა მაუწყებლობა და გამოგვეყვანა ჟურნალისტები. ოპერატიულის ხალხიც შიგნით იყო. არ ვიცოდით შენობაში რა როგორ იყო, ვეძებდით სართულებზე, დავიწყეთ ჟურნალისტების გამოყვანა. გიორგი თარგამაძე გამოვიყვანეთ, მთხოვა თანამშრომლებს არ შეეხოთო, განვუმარტე კიდეც, რომ ამას არ ვაპირებდით და ვუთხარით, ბრძანება იყო, შენობა დაეტოვებინათ. ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს. დავიწყეთ ტექნიკის განადგურება. ასეთი იყო ბრძანება - უნდა დაგვემტვრია, სადაც აპარატურა იყო, ყველაფერი უნდა გაგვენადგურებინა“, - განაცხადა დავით დათაშვილმა.

ტელეკომპანია "იმედში“ შეჭრის საქმეზე ერეკლე კოდუა უკვე მე-6 ბრალდებულია. 2007 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი იყო. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელევიზიაში. დააზიანეს აპარატურა, ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"იმედის“ დარბევის შედეგად ოფიციალურად დაზარალებულად 13 პირია ცნობილი. მათ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება და სასამართლო განხილვები საქართველოში დაიწყო და სტრასბურგმა სარჩელის განხილვა შეწყვიტა.

ერეკლე კოდუას ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად ის ოფიციალურად იძებნება.