უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას სააკაშვილის უკან და ვინ აფინანსებს ამ პროცესებს

უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას სააკაშვილის უკან და ვინ აფინანსებს ამ პროცესებს

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “საერთო გაზეთი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბელგიის ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასარკვევია, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.

“სააკაშვილი რას აპირებს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის, რადგან იგი მასხარა, მაწანწალა გახლავთ. მისი ქმედებები ნაკლებად ყურადსაღებია, უფრო საინტერესო ისაა თუ ვინ დგას მის უკან, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს.

ემიგრანტები საზღვარგარეთ გაჭირვებამ წაიყვანა და არ მგონია იმის ფუფუნება ჰქონდეთ ლიეჟში ისეირნონ და სასტუმროები ჯავშნონ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს მთლიანად დაფინანსებული ღონისძიებაა. აი, ეს არის საინტერესო და არა სააკაშვილის შიზოფრენია.

ალტერნატიული მთავრობების შექმნა და ა.შ., ეს ხომ შიზოფრენიაა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. თუმცა, ფაქტია, მის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

ამ ძალის სახე გახლავთ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ჩრდილშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი მართავს ამ პროცესებს და თუ ვისი დავალებით, ჩემი აზრით, ამის გარკვევა ძალიან მარტივია.

ამის მშვენიერი მაგალითია მათ მიერ ხელდასმული საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე _ რუსეთის უშიშროების თანამშრომელი. ვფიქრობ, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს”– განაცხადა გოგა ხაინდრავამ.