ორ დაწესებულებას შორის გაჩხერილი ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტები ბედი თუ უბედობა

ორ დაწესებულებას შორის გაჩხერილი ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტები ბედი თუ უბედობა

საქართველოში პრობლემაა ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობა. საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური მკურნალობა ერთდროულად ესაჭიროებათ. ამ დროს კი არც ფსიქიატრიული დაწესებულების კარია მათთვის ღია (იმ მოტივით, რომ პაციენტი ნარკოლოგიურ მკურნალობას საჭიროებს) და არც ნარკოლოგიურ დაწესებულებებში იღებენ ასეთ პაციენტებს (იმ მოტივით, რომ ისინი ფსიქიატრიულ მკურნალობას ექვემდებარებიან). შესაბამისად, პაციენტი ჰაერში რჩება გამოკიდებული.

სულ ახლახანს რუსთავში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როცა ბიძამ საკუთარი ძმისშვილი, 14 წლის ბავშვი მოკლა, კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც უფრო თავის მართლებას მოგვაგონებდა. კერძოდ, ფსიქიატრები ამბობდნენ, რომ პაციენტს ნარკოლოგიური პრობლემა ჰქონდა და მისი დატოვება მათ კომპეტენციას სცილდებოდა, ნარკოლოგები კი ხელს ფსიქიატრებისკენ იშვერდნენ.

საბჭოთა პერიოდში მძიმე დიაგნოზის მქონე ქრონიკული ადამიანების იზოლირება ხდებოდა, ახლა კი მათ 7 დღეში სახლში უშვებენ. მსხვერპლის რაოდენობა კი შეიძლება გაიზარდოს.

დღესდღეობით მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ახლობლები ღიად საუბრობენ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ უმთავრეს ნაკლოვანებაზე. კერძოდ, იმაზე, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებები პაციენტებს უკან უშვებენ იმ მოტივით, რომ პალატაში ადგილები არ ჰყოფნით და არც შესაბამისი დაფინანსებაა. შედეგიც არ აყოვნებს და ხან ერთი ტრაგიკული ფაქტის შესახებ ვიგებთ ინფორმაციას, ხან მეორის. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მსხვერპლნი ხშირად ბავშვები ხდებიან, რომლებიც მხოლოდ იმას ეწირებიან, რომ გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ადამიანები მათი მკვლელობისას თურმე „გარე სამყაროსგან იღებდნენ დავალებებს“.

მეგობრების მტკიცებით, რუსთაველი მამაკაცი, რომელმაც 14 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დატოვეს. მისივე მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მამაკაცი მკვლელობის დღეს არაადეკვატურად იქცეოდა, 10 ღამის განმავლობაში არ ეძინა და ცუდად იყო.

როგორც ახლობლები ამბობენ, ბავშვის მშობლები დაშორებულები იყვნენ, ბიძას უყვარდა და ზრუნავდა ბავშვზე, თუმცა იმ საბედისწერო ღამეს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შეურაცხადი ადამიანის მსხვერპლი ბავშვია. 2014 წელს ფსიქიკური პრობლემების მქონე ბიძამ შანდლის თავში ჩარტყმით მოკლა 4 წლის გოგონა.

რამდენად დასახვეწია ფსიქიატრიული დაწესებულებების სერვისი, რათა სახლში არ გაუშვან პოტენციურად სახიფათო ადამიანები?

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახისთვის საკმაოდ ძნელია, რაიმე უშველოს ფსიქიკური პრობლემის მქონე საკუთარი ოჯახის წევრს, რადგან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დიდხანს არ აჩერებენ ასეთ პაციენტებს.

„ნებისმიერმა ოჯახმა იფიქროს, მის ოჯახში რომ იყოს ასეთი პიროვნება, რა უნდა ქნას? გამოსავალი აქედან არ ჩანს. შეუძლებელია, ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანს პერსონალური დარაჯი მივუჩინოთ. თუნდაც სამკურნალო დაწესებულებიდან ასეთი პაციენტი 7 დღის მერე არ გამოუშვან და, ვთქვათ, 27 დღის შემდეგ გამოუშვან, რამე შეიცვლება? არაფერი. რა ქნას ასეთ შემთხვევაში ოჯახმა? ამ ტიპის ავადმყოფს ხომ განუწყვეტელი მკურნალობა სჭირდება. ეს რომ იყოს ისეთი სნეულება, რომელიც იკურნება, სხვა არის, მაგრამ ასეთი დაავადება არ იკურნება. ეს თვითონ ფსიქიატრებმაც იციან, რომ არ იკურნება. ამიტომ გაუგებარია, სად უშვენენ ასეთ პაციენტებს. მე მგონი, დაფინანსება არ არის საკმარისი და ამიტომაც უშვებენ ამ ტიპის პაციენტებს სახლში“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.

ამასთან, განმარტავს, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ყველა პაციენტი არ არის აგრესიული. ვინც აგრესიული არ არის, მისი შევიწროების საფუძველი არ უნდა არსებობდეს, ხოლო ვინც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, იზოლირება იქნება, თუ სხვა ღონისძიება, უნდა გატარდეს. მთავარია, მათ ასე თავისუფლად არ შეეძლოთ სიარული.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან არც პაციენტის ისტორია იცის, არც საქმის დეტალები. უბრალოდ, მიიჩნევს, რომ იმ ადამიანის მკურნალობა, რომელსაც ორი დიაგნოზი აღენიშნება, პრობლემურია ჩვენს ქვეყანაში.

„მე არ ვიცი, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა ფსიქიკური პრობლემის მქონეა, თუ ნარკოლოგიურის, ეს ვინც გასინჯა, იმ ექიმებს ეცოდინებათ და მათ უნდა გვითხრან, ტრაგედიის წუთებში ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები, თუ მისი ქმედება ნარკოტიკით იყო გამოწვეული, მაგრამ ქვეყანაში არსებობს პრობლემა, როცა ადამიანი ერთი სამკურნალო დაწესებულებიდან მეორეში ვერ ხვდება, რადგან არც ერთი სამკურნალო დაწესებულების პაციენტია და არც მეორის. ამას ჰქვია ორმაგი დიაგნოზი და ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტები ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან. ისინი გაჩხერილნი არიან ორ დაწესებულებას შორის“, - აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.

ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, ამ ადამიანს ფსიქიკური ავადმყოფობა ჰქონდა თუ არა, რადგან შესაძლოა, მას ნარკოტიკების შედეგად განუვითარდა რაღაც მდგომარეობა.

„დიაგნოზი ჯერ არ დასმულა. თუმცა ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკების ერთჯერადი მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია და ადამიანს დაემართოს ცნობიერების შეცვლა. ასეთ დროს ადამიანს ელანდება რაღაცები და კარგად ვერ ერკვევა გარემოში. მთავარია, სტიგმა არ გავაძლიეროთ იმის შესახებ, თითქოს ფსიქიკურად დაავადებულები დამნაშავეები არიან. ამ მხრივ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა „რუსთავი 2“-მა. „კურიერის“ ჟურნალისტმა განაცხადა, „სასტიკი დანაშაული ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზეო“. ასეთი გამონათქვამები ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების აგრესიული, დასაცინი ხატის შექმნას უწყობს ხელს“, - აცხადებს მანანა შარაშიძე, რომლის თქმითაც, ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია საგანგებოდ განმარტავს, რომ, კვლევების მიხედვით, დიაგნოზის არმქონე ადამიანებთან შედარებით ფსიქიკურად დაავადებული პირები ბევრად ნაკლებად სჩადიან დანაშაულს.

პირიქით, ისინი ხშირად ხდებიან დანაშაულის მსხვერპლნი, ვიდრე თავად სჩადიან დანაშაულს. უბრალოდ, დანაშაულის შემთხვევები ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი მოკლებულია ზრუნვას (ფსიქიკური ჯანმრთელობის გამართულ სისტემას), ხოლო სნეულება ალკოჰოლით, ან ნარკოტიკითაა დამძიმებული.